ავტორი:

53 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც საბჭოთა კავშირმა დამალა - თვითმფრინავი საბავშვო ბაღს შეეჯახა, 35 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მშობლებს უბრძანეს გაჩუმებულიყვნენ

53 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც საბჭოთა კავშირმა დამალა - თვითმფრინავი საბავშვო ბაღს შეეჯახა, 35 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მშობლებს უბრძანეს გაჩუმებულიყვნენ

1972 წლის 16 მაისს, რუსეთში კურორტ სვეტლოგორსკში საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და გასაიდუმლოებული ავიაკატასტროფა მოხდა. სამხედრო თვითმფრინავი АН-24 შუადღისას პირდაპირ საბავშვო ბაღს დაეცა. ტრაგედიას 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 24 ბავშვი. საბჭოთა ხელისუფლებამ მომხდარი მყისიერად გაასაიდუმლოა - კატასტროფიდან მეორე დილას, ნანგრევების ადგილზე უკვე სკვერი იყო გაშენებული, თითქოს იქ არაფერი მომხდარა.

საბედისწერო 15 წუთი და ნისლი

იმ დღეს სამხედრო თვითმფრინავს საკონტროლო ფრენა უნდა შეესრულებინა სანაპირო დაცვის სისტემების შესამოწმებლად. მიუხედავად ძლიერი ნისლისა, ეკიპაჟმა ფრენაზე უარი არ თქვა. მე-15 წუთზე პილოტებმა ორიენტაცია დაკარგეს. თვითმფრინავმა ჯერ ფიჭვის კენწეროები დააზიანა, ფრთის ნაწილი დაკარგა და ცეცხლმოკიდებული ბურთივით დაეცა საბავშვო ბაღის შენობას.

იმ დროს ბავშვები ახალი დაბრუნებულები იყვნენ სეირნობიდან და სადილობდნენ. მსხვერპლის უმეტესობა სწორედ სასადილო ოთახში იპოვეს. დაიღუპა 24 აღსაზრდელი, მზარეული და ეკიპაჟის რვავე წევრი.

სასწაულებრივად გადარჩენილები

როგორც ყველა დიდ ტრაგედიას, ამ შემთხვევასაც ჰყავს თავისი „იღბლიანები“. ერთ ბავშვს გრიპი ჰქონდა, მეორე თირკმელების დაავადებით საავადმყოფოში იწვა.

კიდევ ერთი ბავშვი, ანდრია შაბაშოვი, ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა. ის ავადმყოფობის გამო ბაღში არ დადიოდა, მაგრამ იმ დღეს ბებიამ ექიმთან წაიყვანა. გზად ბაღს ჩაუარეს, სადაც ანდრიას დედა აღმზრდელად მუშაობდა. ბავშვმა დედა დაინახა და მისკენ გაიქცა - სწორედ იმ წამს დაეცა თვითმფრინავი შენობას.

სპეცსამსახურების ოპერაცია: „არაფერი მომხდარა!“

კატასტროფიდან რამდენიმე წუთში ქალაქში კავშირგაბმულობა გაითიშა, ტელეგრაფი დაიკეტა, მატარებლების მოძრაობა კი შეჩერდა. სუკ-ის (КГБ) თანამშრომლები კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ მომხდარზე არ ელაპარაკათ.

„არაფერი მომხდარა, დამწვარი თვითმფრინავი მოგეჩვენათ!“ - ეუბნებოდნენ ისინი თვითმხილველებს.

ჯარისკაცებმა მთელი ღამე იმუშავეს. ნანგრევები, თვითმფრინავის ფრაგმენტები და ცხედრები სატვირთოებით გაიტანეს. დილით ბაღის ადგილას მხოლოდ შავი ლაქა და ახლად გაშენებული დეკორატიული ყვავილების სკვერი დახვდათ. სუნის ჩასახშობად მიწას ნავთი გადაასხეს.

იდენტური კუბოები და დაგვიანებული სიმართლე

დაღუპული ბავშვების მშობლებს იდენტური კუბოები გადასცეს. დაკრძალვაზე თითქმის მთელი ქალაქი მივიდა, მიუხედავად მკაცრი აკრძალვისა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, თუმცა 40-მდე სამხედრომ თანამდებობა დაკარგა.

მხოლოდ 22 წლის შემდეგ, 1994 წელს, იმ ადგილას, სადაც ოდესღაც საბავშვო ბაღი იდგა, პატარა ტაძარი ააგეს. შიგნით დაღუპული ბავშვების ფოტოებია გამოფენილი და სანთელი არასდროს ქრება - იმ პატარების მოსაგონებლად, რომლებიც საბჭოთა სისტემამ ჯერ ტრაგედიისთვის, შემდეგ კი დასავიწყებლად გასწირა.