ავტორი:

მეცნიერებმა "განკითხვის დღის საათი" წინ გადაწიეს - "პირველად, ბირთვული შეიარაღების დაძაბულ რბოლას ვერაფერი შეაჩერებს"

მეცნიერებმა "განკითხვის დღის საათი" წინ გადაწიეს - "პირველად, ბირთვული შეიარაღების დაძაბულ რბოლას ვერაფერი შეაჩერებს"

სამშაბათს, „ატომური მეცნიერების ბიულეტენის“ მეცნიერებმა "განკითხვის დღის საათი" ოთხი წამით წინ გადაწიეს. 79-წლიანი ისტორიის განმავლობაში იგი ყველაზე ახლოსაა შუაღამესთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს აღსასრულამდე ახლა უფრო ცოტა დრო რჩება.

  • "განკითხვის დღის საათი" ( Doomsday Clock) — ეს არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის "ატომური მეცნიერების ბიულეტენის" პროექტი, რომლის ათვლაც 1947 წელს პირველი ამერიკული ატომური ბომბის შემქმნელებმა დაიწყეს. პროექტის პერიოდული გამოცემის გარეკანზე გამოსახულია საათი, რომლის ისრებიც მიუთითებს, რა დროა დარჩენილი "შუაღამემდე". შუაღამემდე დარჩენილი დრო საერთაშორისო ვითარების დაძაბულობას და ბირთვული იარაღის განვითარების პროგრესს განასახიერებს. თავად შუაღამე ბირთვული კატასტროფის მომენტის სიმბოლოა.

ჯგუფმა, რომელიც ყოველწლიურად წყვეტს, სად განთავსდება "ისრები", გლობალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ დაასახელა ბირთვული იარაღი, კლიმატის ცვლილება, რევოლუციური ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და სინთეზური ბიოლოგიური ნივთიერებების შექმნა, რომელსაც "სარკისებური სიცოცხლე“ ეწოდება.

"ყოველი წამი მნიშვნელოვანია, დრო გვეწურება. მკაცრი სიმართლეა, რომ ეს ჩვენი რეალობაა" - განაცხადა ალექსანდრა ბელმა, ატომური მეცნიერების ბიულეტენის პრეზიდენტმა.

„ბიულეტენის“ მეცნიერებისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, დენიელ ჰოლცმა განაცხადა: "გასულ წელს ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ მსოფლიო კატასტროფასთან საშიშად ახლოს იყო და ქვეყნებს ყველაზე კრიტიკულ და ეგზისტენციალურ რისკებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და მოქმედების კურსის შეცვლა სჭირდებოდათ. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა“.

ჰოლცმა დასძინა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

"აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული იარაღის მარეგულირებელი უახლესი ხელშეკრულების ვადა მომავალ კვირას იწურება. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად, ბირთვული შეიარაღების დაძაბულ რბოლას ვერაფერი შეაჩერებს“, — განაცხადა მან.

2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი გამოიწვია. დაუდასტურებელი მონაცემებით, 2026 წლისთვის დაღუპულთა რიცხვმა ერთ მილიონს მიაღწია.

ამასობაში, გასულ წელს, აშშ-სთან დაკავშირებული მრავალი კონფლიქტი დაიწყო: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა განახორციელა, ხოლო ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე კარაკასში ფარული რეიდის დროს დააკავეს. დაძაბულობა აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის, დანიის ამჟამინდელი ტერიტორიის, კონტროლი ხელში ჩაგდებას ცდილობს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: