ციცინო მაღლაფერიძე მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორია. ამავე დროს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ნათესავი - დეიდაშვილი. პროფესიით ქიმიკოსი უკვე 35 წელიწადია, ამ სახლ-მუზეუმში მუშაობს, ბევრი საინტერესო ამბის, ფაქტის, მოვლენისა თუ ისტორიის შესახებ ფლობს ინფორმაციას.
"მერაბ კოსტავა 1989 წელს გარდაიცვალა. მალევე, 1991 წელს ბატონი ზვიად გამსახურდიას თაოსონობით გაიხსნა ეს მუზეუმი. 1991 წლის იანვრიდან აქ ვარ და უკვე 35 წელი შეგვისრულდა. მუზეუმი ზანდუკელის ქუჩის #1-ში მდებარეობს. გამოვიდა, რომ აქ ნათესაობის ხაზით აღმოვჩნდი. მერაბ კოსტავას დედამ, ოლიკო დემურიამ მთხოვა, მოვსულიყავი. დედაჩემი და მერაბის დედა ბიძაშვილები იყვნენ.
მერაბი ამ სახლში ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ეს სახლი მის ბაბუას ვლადიმერ დემურიას ეკუთვნოდა. მერაბი მასთან გაიზარდა, ამას მიზეზები ჰქონდა - დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ დედა-შვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

მერაბს ძალიან უყვარდა ეს სახლი, რომელიც სამი ოთახი და დერეფანი იყო. მუზეუმის გახსნის წინ ოლიკო დეიდამ 2 ოთახი მუზეუმს დაუთმო. თავიდან ძალიან ვიწროდ ვიყავით, რადგან ერთ ოთახში ქალბატონი ოლიკო ცხოვრობდა. მთელი მასალა, რაც მერაბის გარდაცვალების შემდეგ დარჩა, მუზეუმს გადაეცა, რაც არც ისე ცოტა იყო.

ამ სივრცეში ძლივს ვატევდით, თან ექსპონატების დასაცავად სათანადო პირობები არ იყო. ქალბატონისგან, რომელიც ოლიკო დემურიას ოთახში საცხოვრებლად მისი გარდაცვალების შემდეგ (2003 წელს გარდაიცვალა) დარჩა, 2021 წელს მერიამ ის ოთახი გამოისყიდა და შეუერთა მუზეუმს.

შემდეგ 2022 წელს, ჩვენი ფონდიანად დროებით სხვა მისამართზე იმიტომ გადავედით, რომ სახლში რემონტი უნდა ჩატარებულიყო. რემონტის შედეგად სახლ-მუზეუმმა, მემორიალური ნაწილის გარდა, ის რაც მერაბის დროს იყო, ვეცადეთ, ისევე დაგვეტოვებინა. დაემატა სხვენი და სარდაფი. ექსპონატები კი შემდეგ ამ სივრცეში განლაგდა.
მოკლედ, თუ დაპატიმრების წლებს არ ჩავთვლით, მერაბი, სიცოცხლის ბოლომდე, ამ სახლში ცხოვრობდა. პირველად 1956 წელს დააპატიმრეს და ხუთიოდე თვე იყო პატიმრობაში. შემდეგ 1977 წელს და 10 წელი იხდიდა სასჯელს. ბუნებრივია, აქ მისთვის ძალიან ძვირფასი გარემო და ატმოსფერო იყო, მით უფრო, რომ ეს გარემო მის ბავშვობასაც უკავშირდებოდა. ეზოც ძალიან უყვარდა.
- ქალბატონ ოლიკოზე მოგვყევით... შვილის დაღუპვის შემდეგ 14 წელი უცოცხლია...
- ეს მუზეუმი ასაზრდოებდა... ძალიან პატიოსანი ადამიანი იყო და მკაცრი დედა გახლდათ. მახსოვს, მერაბი ხანდახან საყვედურობდა, რატომ მაძალებდი მეცადენეობასო. შვილის დიდი მეგობარიც იყო. როგორც გითხარით, ოლიკო დეიდა, ავად იყო. (ერთი პერიოდი ძალიან მოდებული იყო ჭლექი და უფროსი დაც სწორედ ამ დიაგნოზით ჰყავდა გარდაცვლილი). ამიტომ ოლიკო დეიდას ჯანმრთელობაზე ყველა ზრუნავდა, მაგრამ ამ ნაავადმყოფარმა ქალმა, რომელიც ძალიან სუსტი გვეგონა, ბევრ გასაჭირს გაუძლო და რაც მთავარია, სულ მერაბის გვერდით იყო. არასოდეს უთქვამს, - რატომ აირჩიე ასეთი რთული გზა?! მისგან ასეთი საყვედური არასოდეს მომისმენია. პირიქით, სულ მის დახმარებას ცდილობდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ კი 24 საათი უნდოდა მასზე ესაუბრა.
- მუზეუმში მერაბ კოსტავას მემორიალური ოთახი მართლაც საინტერესოა...
- აქ მისი ნივთები ზუსტად იმ სახითაა გამმოფენილი, როგორ 1977 წელს, როდესაც დაპატიმრების შემდეგ სახლი დატოვა... აქ სრის სამფერა დროშები, რომლითაც შემდგომ მიტინგებზე გამოდიოდა, ასევე წმინდა ილია მართლის საზოგადოების დროშა, მერაბის ხელნაწერები, საბეჭდი მანქანა, არალეგალური ლიტერატურა, რასაც ბეჭდავდნენ, მისი ტანსაცმელი. არის კიდევ სხვა ნივთებიც და ვეცდებით, დრო და დრო ისინიც გამოვამზეუროთ.

- მერაბ კოსტავას ტრაგიკულ აღსასრულზე რას მოგიყვებით?
- ეს იყო 1989 წლის ოქტომბერი. ქვეყანაში მიმდინარეობდა აქცია წვევამდელების შესახებ. მოითხოვდნენ, ქართველი წვევამდელები საქართველოში დაეტოვებინათ და აქ მოეხადათ სავალდებულო სამსახური (მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა). მერაბთან ძალიან ბევრი მომჩივანი მამა მოდიოდა, რომლებსაც შვილის ცხედარი ჯარიდან ჩამოუსვენეს... ამიტომ გადაწყვიტეს, ებრძოლათ იმისთვის, რომ ქართველებს საქართველოში მოეხადათ თავისი სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამ აქციის ხელმძღვანელად მერაბი დანიშნეს. ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გასულიყო ქალაქიდან. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ 9 აპრილის შემდეგაც ქალაქიდან გაუსვლელობაზე ხელი ჰქონდა მოწერილი.
აღმოჩნდა, რომ ქუთაისშიც ტარდებოდა წვევამდელების საკითხზე აქცია. სთხოვეს, იქ ჩასულიყო და აქციის მონაწილეებს შეხვედროდა. მერაბმა უარი უთხრა, მერე კიდევ დარეკეს. მესამედ რომ დარეკეს, საბოლოოდ მაინც დაითანხმეს და ქუთაისში მანქანით გაემგზავრნენ მერაბი, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე. საჭესთან ზურაბ ჭავჭავაძე იჯდა.
მოკლედ, რისთვისაც ჩავიდნენ, ის ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ მოგეხსენებათ ქუთაისელების ამბავი, რა თქმა უნდა, სუფრაზე დაპატიჟეს. ისე მოხდა, რომ ზურა ჭავჭავაძე სხვა ოჯახში მოხვდა, მერაბი - სხვა ოჯახში. არადა, იმავე საღამოს აპირებდნენ თბილისში დაბრუნებას, მაგრამ ვერ წამოვიდნენ. თან ზურას დაულევია კიდეც და ამიტომ ის საჭესთან ვერც დაჯდებოდა. დილით საჭესთან თამარ ჩხეიძე დაჯდა, მანქანაში ნაბახუსევი ზურაბი უკან დაჯდა, მერაბი კი, მძღოლის გვერდით სკამზე. თამარი, საერთოდ, არც ისე კარგად მართვადა მანქანას, მაგრამ რადგან სხვა გზა არ იყო, წამოვიდნენ. სადღაც დილის 11 საათზე, სოფელ ბორითთან, ასეთი რამ მოხდა:
ეს თამარ ჩხეიძეს არაერთ ინტერვიუში მოუყოლია და პრესაშიც დაბეჭდილა, რომ მანქანას წინ რაღაც შავი საგანი ჩამოუგორდა, ვერ გაარჩია, ბორბალი იყო, ხბო, თუ ძაღლი, მგონი, ეს დღემდე არ არის გარკვეული. ამას ჩვენთვის ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მძღოლმა მანქანა ვეღარ დაიმორჩილა, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და იქიდან მომავალ "ჟიგულის“ თავზე აღმოჩნდა სწორედ იმ ნაწილით, საითაც მერაბი იჯდა. მანქანის ის ადგილი განსაკუთრებით დაჭეჭყილი გახლდათ. როგორც თამარი ამბობს, დაჯახების შემდეგ მერაბი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობდა და რაღაცას გაურკვევლად ლუღლუღებდა. ჰოი, საოცრებავ და იქ სამ წუთში გაჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანა, არადა, თვითონ ბორითელები ამბობდნენ, რომ საერთოდ, გამოძახების შემდეგ, როგორც წესი, მთელი დღე ველოდებოდითო. ამ ყველაფრის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, რადგან იმ ავარიის შემსწრე არ ვარ. რაც ვიცი, მხოლოდ პრესაში გამოქვეყნებული მასალით.
დაიბეჭდა ექიმთან ინტერვიუც - მერაბი ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ თურმე ეწინააღმდეგებოდა ნემსის გაკეთებას... რა ნემსი გაუკეთეთ? - ჰკითხეს შემდეგ იმ ექიმს. "რელანიუმი“ - უპასუხა ექიმმა. სოფლის პატარა ამბულატორიის ექიმს ეს ნემსი წესით, არ უნდა გქონოდათ. კი, მეგობარმა მომცა. და რატომ გაუკეთეთ ის ნემსი? გარდაცვალების პროცესი გავუადვილეთ. აი, ასე პასუხობდა ექიმი... ეს ინტერვიუ მას მერაბის მოსწავლემ, ნინო მიქიაშვილმა ჩამოართვა. ასე დასრულდა 50 წლის ასაკში მერაბ კოსტავას სიცოცხლე.
- თქვენ ყველაზე კარგად და ახლოს იცნობდით მას - როგორი ადამიანი იყო?
- ალბათ ყველაზე რთული საპასუხო შეკითხვაა, მაგრამ ვეცდები, ისევ მაგალითებით ვისაუბრო და ჩემს დასკვნას თავზე ნაკლებად მოგახვევთ. საკმარისი იყო, ვინმე მოსულიყო და რაღაც დაეჩივლა, ალბათ ქვას გახეთქავდა და იმას მაინც გაუკეთებდა, რაც უჭირდა, აუცილებლად დაეხმარებოდა. ძალიან ყურადღებიანი იყო და მატერიალიზმისგან შორს იდგა - ამის არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. ხშირად მეკითხებიან, - რაღაც ჭურჭელი, ან რაიმე ძვირფასი ნივთი თუ ჰქონდა? ძალიან სადად ცხოვრობდა. არასოდეს უფიქრია, რომ რაღაც ოქრო, სიმდიდრე შეეძინა და შეეგროვებინა.
ერთადერთი, რასაც თავისი ხელფასით ყიდულობდა, ეს იყო წიგნი და მისთვის ძალიან ძვირფასი ფირფიტები, სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებით.
ბებია, როდესაც ავად ხდებოდა და ოლიკო დეიდას არ ეცალა, მას მერაბი უვლიდა, ბანდა, ტანსაცმელს უცვლიდა... როდესაც მეკითხებიან, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, ვპასუხობ - მე ქრისტიანი ისეთი წარმომიდგენია, როგორიც მერაბი იყო. ადამიანის სატკივარი გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდა და მისთვის იმ ყველაფრის შემსუბუქებას ცდილობდა. ასეთი რამაც აქვს ნათქვამი, რომ ღვთის მსახურება ეს პირველ რიგში ადამიანის მსახურებააო. მართლა ასე იყო და ეს გასიგრძეგანებული ჰქონდა.
სიტყვას არასდროს გატეხდა - რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ვაქებ. რა თქმა უნდა, უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა.
ბრაზიანიც იყო - ადამიანური სისუსტე მასაც ჰქონდა ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს.
ჩვენ შორის ასაკში განსხვავება იყო. დეიდაშვილს მეძახდა - კი, უმცროსი დეიდაშვილი ვიყავი და ჩემთან მეგობრობდა... მისგან აბსოლუტურად პირველად გავიგე 26 მაისის არსებობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ძალიან ბევრ რაღაცას მიყვებოდა, ხშირად დავდიოდით ქალაქგარეთ. მომსწრე ვარ, ზვიადი და მერაბი როგორ გადიოდნენ სხვადასხვა ტაძრებში, როგორ ლოცულობდნენ, როგორ იცავდნენ ყველა წესს... ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს ტაძართან მანქანით მივედით, კაცი შემოგვეგება, რომელიც ბატონ ზვიადს იცნობდა. ბატონო ზვიად, - უთხრა კაცმა, - გუშინ აქ იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, ისეთი ნაგავი დაყარეს, მე ყველაფერი დავგავე, მივალაგე, მოვწმინდეო. ზრუნავდნენ იმ ადგილებში სისუფთავეზე და ბატონი ზვიადი ამაში თავის ფულს იხდიდა. სოფლის მაცხოვრებელს მოძებნიდა, რომ იქაურობისთვის ხანდახან თვალი შეევლო, ტურისტების დატოვებული ნაგავი გაეტანა, ტაძრებზე წარწერები არ გაეკეთებინათ. ეს ხდებოდა ძირითადად მიტოვებულ ეკლესიებზე, სადაც მსახურება არ მიმდინარეობდა. ყოველ შაბათ-კვირას ასე გადიოდნენ, გალობდნენ, რადგან იცოდნენ გალობა, არქივში მოძიებული ჰქონდათ ძველი საგალობლები, თორემ იმ პერიოდში გალობა აკრძალული იყო. ტაძრებს ასე აცოცხლებდნენ.
- თან ბატონი მერაბი ხომ პროფესიით მუსიკოსიც იყო...
- კი. როცა სამუსიკო სკოლაში სწავლობდა, მასწავლებელმა ოლიკო დეიდას უთხრა, რომ ბრწყინვალე პიანისტი იქნებაო. ძალიან კარგად გრძნობდა ბგერას და კარგი ტექნიკაც ჰქონდა, შესანიშნავად უკრავდა. მართლაც კონსერვატორიაში საფორტეპიანო მიმართულებით ჩააბარა. მერე პოლიტიკური საქმიანობის გამო, მეცადინეობას დიდ დროს ვეღარ უთმობდა და მაშინ საბუთები მუსიკის მცოდნეობაზე გადაიტანა. კონსერვატორია როგორც მუსიკათმცოდნემ დაამთავრა. არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო, სპეციალისტები მას ასე აფასებდნენ.
- სუფრის მიმართ როგორ იყო განწყობილი?
- მოლხენა მშვენიერი იცოდა. არაჩვეულებრივად მღეროდა და თუ გვერდით ჰყავდა მეორე და მესამე ხმა, საოცრება ხდებოდა იქ. ბანს და მეორეს თვითონაც ახურებდა, ხმებში გადადიოდა.
- ცნობილია, რომ მისი პირადი ცხოვრებაც ვერ აეწყო...
- ძალიან ადრე, მეორე კურსზე იყო, როდესაც დაქორწინდა. რუსუდან ბერიძე (შემდგომში პოლიტიკოსი, მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი) გახლდათ მისი მეუღლე, მათემატიკოსი. რომ გითხრათ, ცხოვრება აეწყოთ-თქო, - ასე არ ყოფილა იმიტომ, რომ ერთმანეთს ძალიან ხშირად გაშორდნენ და მერე ისევ შეიყარნენ. რუსუდანს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის მერაბის წინაშე. პატიმრობის დროს ის, რაც რუსუდანმა მას გაუკეთა, ალბათ მარტო ოლიკო დეიდა ამას ვერ შეძლებდა. ხშირად ჩადიოდა და ნახულობდა. თუ რამე სჭირდებოდა, უგზავნიდა.
1977 წელს როცა დააპატიმრეს, 2 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 3 წელი გასახლება. 2 წელი პერმში პოლიტსაპატიმროში იჯდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ძალიან ბევრი დისიდენტი ერთდროულად დააპატიმრეს. ბანაკი, რომელშიც იყვნენ, დისიდენტებისთვის სპეციალურად აშენდა.
იქ შედარებით კარგად გრძნობდა თავს იმ მხრივ, რომ თავისი თანამოსაუბრეები ჰყავდა. საერთო თემები, საერთო ფასეულობები ჰქონდათ. როდესაც ციმბირში, ძალიან შორს, კვიტოკში, ბაიკალის ტბახთან ახლოს გაასახლეს, იქ თავისუფალ გასახლებაში, სადაც ასეთი პროვოკაცია მოუწყვეს. შეიტყუეს მილიციის შენობაში, მილიციელი ფეხებში ჩაუვარდა, თვითონ შემოიხია სამხრეები, ტანსაცმელი და უთხრა, რომ თუ დამიმტკიცებ, რომ ეს მე გავაკეთე, მე წავალ ციხეში და თუ ვერ დამიმტკიცებ, შენ უნდა წახვიდეო. მერაბი როგორ დაამტკიცებდა ამას?! დააპატიმრეს და კიდევ 5 წელი დაუმატეს. ანგარსკში მძიმე დამნაშავეებთან ჩასვეს. აი, იქ კი ცოტას წუწუნებდა, რომ ხმის გამცემი არავინ ჰყავდა და მაგ დროს ბევრი ლექსი დაწერა. შიმშილობაც მაშინ დაიწყო, რადგან მოსთხოვეს დამსმენად ემუშავა, რაზეც უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო. წელიწადი და თვე-ნახევარი იშიმშილა. თუმცა ძალით კვებავდნენ, თორემ, ვერ გაძლებდა. ფილტვში პროცესი გაეხსნა.
საბჭოთა მმართველობას ვერ დავაბრალებ და იმას, რომ გული აუჩუყდათ და გამოუშვეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც დასავლეთი პოლიტპატიმრების გაშვებაზე ზრუნავდა. გადაიყვანეს ტაშკენტში.1987 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა და მაშინ მასთან ერთად ბევრი დისიდენტი გამოვიდა.
- კიდევ ერთ ტრაგიკულ ამბავზე უნდა გკითხოთ - რას გვეტყვით მერაბ კოსტავას შვილის, ირაკლი კოსტავას 23 წლის ასაკში გარდაცვალებაზე?
- მერაბი და რუსუდანი სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. ჰყავდათ არაჩვეულებრივი შვილი - ირაკლი კოსტავა, რომელთანაც მერაბი ძალიან მეგობრობდა და სწორედ მერაბის შიმშილობის დროს იყო, რომ ოლიკო დეიდამ, ის თავისთან სახლში, სადაც ირაკლი რჩებოდა ხოლმე, ფანჯრის რაფაზე თავისი შარფით დაკიდებული იპოვა.
23 წლის იყო და ერთ თვეში 24-ის უნდა გამხდარიყო. წარმოიდგინეთ, მაშინ მერაბის მდგომარეობა, ეს ამბავი შიმშილობის დროს რომ გაიგო. დაუძლურებული გახლდათ, თან იქიდან არც გამოუშვებოდნენ და ვერც წამოვიდოდა... არადა, სრულიად საღსალამათი ბიჭი დატოვა და ასეთი ტრაგედია დატრიალდა.
- რა გახდა ამის მიზეზი?
- ძირითადი მიზეზი არ ვიცით. ამ საშნელი ფაქტით, ყველა გაოცებული იყო, უკვირდათ, რომ ეს იარკლიმ გაკეთა. ძალიან კარგი პოეტი იყო, მის ლექსებს რომ დაუკვირდნენ და გადახედეს, თქვეს, თითქოს ჩანს, რომ რაღაცას ფიქრობდაო. მისი ცხოვრების სტილი კი ამას მოასწავებდა. მხიარული, ამხანაგების სული და გული იყო. მერე და მერე ბევრმა გვითხრა, ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, ამბობდნენ, რომ თითქოს მოკლეს. თან ოლიკო დეიდას სახლის კარი არასდროს იკეტებოდა, სულ ღია იყო. დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით - ეს თვითონ გააკეთა, თუ სხვამ.
- რისთვისაც მერაბ კოსტავა იბრძოდა, იმას ვერ მოესწრო - ვერ ნახა დამოუკიდებელი საქართველო.
- თუმცა ნახა ხალხის გამოღვიძება, შემოტრიალება, ადამიანები საკუთარ აზრს თავისუფლად რომ გამოთქვამდნენ, მთავრობას მიტინგებზე მოთხოვნებს უყნებდნენ. იფიქრა, საშველი დაგვადგაო, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს ვერ მოესწრო.

- ზვიად გამსაურდიასთან ბოლოს როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
- მისი ლექსი, რომელიც ზვიადს უძღვნა, ყველაფერს ამბობს. ეს იყო ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს არაჩვეულებრივად უგებდა. ვერ გეტყვით, რომ არ ჰქონდათ დავა, ბევრჯერაც მინახავს მათი საკმაოდ ცხარე კამათიც, მაგრამ საქმეში ორივე ერთად იყო. საქმე კი მათ გარეშე არ დაიძვრებოდა. აი, ამ ორის შეერთებით მოხდა ის, რაც მოხდა. ეს ჩემი აზრია და ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მათ ისეთი მონაცემები ჰქონდათ და ისე შეზავებულად უმაგრებდნენ ერთმანეთს გვერდს, სხვანაირად არც შეიძლებოდა.

არაერთი ვერსია მსმენია, ბევრი ვარიანტი, - იმან მოკლა, ამან მოკლა იმის გამო, ამის გამო, მაგრამ აქ ზვიადი არაფერ შუაშია. მთელი რიგი ამბები იყო, რომელიც მათ შორის ურთიერთობას ძაბავდა. ერთხელ ბატონმა ზვიადმა უნივერსიტეტში გამართულ მერაბის 50 წლის იუბილეზე თქვა, - ბევრი ეცადა და ახლაც ცდილობს ჩვენს შორის ურთიერთობის გაფუჭებას, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. თუ მე ვირწმუნე, რომ ჩვენ შორის მეგობრობა დაიძაბა, ესე იგი საერთოდ აღარ არსებობს მეგობრობა. მეც იგივე აზრის ვარ, ისინი მეგობრები იყვნენ.