ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ტალღის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
"ჰამასის" მიერ მართულ სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და ქალები არიან. მათივე ინფორმაციით, სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში იძულებით გადაადგილებულ პირთა კარავში მოწყობილ თავშესაფარს დაარტყეს.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ დარტყმები განახორციელეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს "ჰამასის" მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე პასუხია.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, აღმოსავლეთ რაფაჰში იდენტიფიცირებული იყო 8 ტერორისტი და ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსთან (ISA) ერთად, მათ სხვადასხვა სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის "ოთხ მეთაურსა და დამატებით ტერორისტებს“, ასევე იარაღის საწყობს, იარაღის წარმოების ადგილს და "ჰამასის კუთვნილ ორ სასროლ წერტილს ცენტრალურ ღაზაში“.
"ჰამასის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ჭურვები საცხოვრებელ ბინებს, კარვებს, თავშესაფრებს და პოლიციის განყოფილებას მოხვდა.
"ჩემი სამი პატარა დისშვილი ქუჩაში ვიპოვეთ. ამბობენ, - "ცეცხლის შეწყვეტა“ და ა.შ. რა დააშავეს იმ ბავშვებმა? ჩვენ რა გავაკეთეთ?!“ - თქვა სამერ ალ-ატბაშმა, გარდაცვლილი ბავშვების ბიძამ.