ნახალოვკაში, ვეშაპურის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, ყველაფერი დაეწვათ და დახმარება ესაჭიროებათ.
“რაც მთელი ცხოვრება ნაწვალები გვქონდა ყველაფერი დაიწვა ... ახალი გაკეთებული გაყვანილობა, ყველაფერი... ორი სტუდენტი ბავშვი დამრჩა ტიტველი, რაც აცვიათ იმით, აკანკალებული ზის აგერ. მეორე აბიტურიენტია. ამ ჩანთის მეტი არაფერი მაქვს.
სამუშაოზე ვიყავი როდესაც ბავშვმა დამირეკა და მოვედი. აკანკალებული იყო. ჩემს სახლს გადაედო ცეცხლი და ჩემი სახლი დამწვარია,“ - აცხადებს ხანძრის შედეგად დაზარალებული “ტელეკომპანია პირველთან“.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი სახურავს გაუჩნდა და შემდეგ ძალიან სწრაფად გადავიდა სახლებზე.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.