მექსიკის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგებმა ზაპოტეკების კულტურის 1 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც რთული ორნამენტებითა და უნიკალური დეტალებით არის შემკული. აღმოჩენას უკვე უწოდეს „ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება“.

სამარხის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ელემენტია ბუს ქანდაკება. INAH-ის ინფორმაციით, ბუს ნისკარტში ადამიანის თავის სკულპტურა ჩანს, რაც შესაძლოა იმ პიროვნებას განასახიერებდეს, რომელიც სამარხში იყო დაკრძალული.

მექსიკაში დღესაც ცხოვრობს ზაპოტეკების ათასობით შთამომავალი. ამ კულტურისთვის ბუ ღამისა და სიკვდილის სიმბოლოდ ითვლება.
არქეოლოგიურ კომპლექსში ასევე აღმოჩენილია მრავალფეროვანი ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია ძალაუფლებასა და სიკვდილთან დაკავშირებული სიმბოლოები. სამარხის შესასვლელთან ორი ადამიანის ფიგურაა ამოკვეთილი, რომლებსაც ხელში სხვადასხვა საგანი უჭირავთ - სპეციალისტების აზრით, ისინი შესაძლოა სამარხის მცველებს წარმოადგენდნენ.

სამარხში აღმოჩენილია „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ფრესკა, შესრულებული ოქროსფერი, თეთრი, მწვანე, წითელი და ლურჯი ფერებით. მასზე გამოსახულია ადამიანთა პროცესია, რომლებიც ხელში კოპალის ტომრებს ატარებენ — კოპალი ხის ფისია, რომელსაც რიტუალური ცერემონიების დროს საკმევლად იყენებდნენ.
„ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მექსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ის გვაწვდის,“ - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.

ამჟამად ადგილზე ფრესკების გამაგრების სამუშაოები და დამატებითი კვლევები მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: