ავტორი:

მარიამ, მეგი, მერი და სხვა - გოგონების 20 ისტორიული სახელი: იპოვე მისი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია

მარიამ, მეგი, მერი და სხვა - გოგონების 20 ისტორიული სახელი: იპოვე მისი მნიშვნელობა და წარმოშობის ისტორია

ვაგრძელებთ ქალის სახელების წარმომავლობის შესახებ არსებული ინფორმაციის მორიგი ნაწილის მოწოდებას. ამჯერადაც ვეყრდნობით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნს - „რა გქვია შენ?!“ და ქალის რამდენიმე სახელს წარმოგიდგენთ.

მათიკო - ქართული სახელია, მიღებული მართა-ს მოფერებითი ფორმისგან.

მაია - ძველი ინდური ღვთაების - ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.

მაიკო - მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.

მაკა - ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლებით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.

მაკრინე (ლათინური) - „ხმელი,“ „გამხდარი“. მისი მოფერებითი ფორმებია ქართულში დამოუკიდებელ სახელებად ქცეული მაიკო და მაკა, აგრეთვე მაკო.

მანანა (ძველი ებრაული) - ბიბლიური სახელია, ნიშნავს „მცირეს,“ „ცით მოვლენილს,“ გადატანით „ზეციურ პურს“ (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში.

მარეხ (არაბული) - „მარსი“. პარალელური ფორმაა მარიხ. პიროვნულ სახელებად გვხვდება ამ პლანეტის ლათინური სახელწოდებაც - ვენერა, ქართულიც - ცისკარა.

მართა (არამეული) – „ქალბატონი,“ „დიასახლისი“. მისი მოფერებითი ფორმაა ქართულში მათიკო. მართა ერქვა ქრისტეს მეგობრის ლაზარეს დას, მენელსაცხებლე დედას, რომელიც იხსენიება სახარებაში: „ხიყო ვინმე დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ (=სახლში) თვისა“ (ლუკა 10, 38).

მარია - ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა მარიამ. ეს ფორმა ქართულისათვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა გვხვდება ჯერ კიდევ XI ს-ში: „ბრძანებისა მიერ მარადის სახსენებელისა დედოფლისა მარიამისი“. აკადემიკოს ელენე მეტრეველის მოსაზრებით, ეს ფორმა უთუოდ ბერძნული დედნიდანაა გადმოსული (ნარკვევები, გვ. 232).

მარიამ (ძველი ებრაული) - მოეპოვება რამდენიმე განმარტება: 1. „შეუპოვარი,“ „დაუმორჩილებელი,“ „უარმყოფელი“; 2. „მწარე“; 3. „ქალბატონი“; 4. „საყვარელი უფლისა“. უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.

მარინა, მარინე (ლათინური) – „ზღვისა“. ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უდევს მამაკაცის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვანი (შეადარეთ რუსული море – „ზღვა“; მარინისტი ჰქვია მწერალს ან მხატვარს, რომლის შემოქმედების მთავარი თემაა ზღვა). ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე.

მაყვალა (ქართული) - აღნიშნავს „შავტუხას, შავგვრემანს“. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.

მეგი - მაგდას ინგლისური ფორმაა.

მედეა - ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას „მინდა“ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს „სასურველს,“ თავდაპირველად კი - „ გრძნეულს“ (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა - მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ. წ. VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისაგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა.

მელანია (ბერძნული) - „შავი“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მაყვალა. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი – საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა). ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით – მელო.

მელიტა (ბერძნული) – „თაფლიანი“. ნასესხებია ევროპული ენებიდან (შეადაერთ კაცის სახელი მელიტონ, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი მელიტონა, ამ უკაბნასკნელის შემოკლებით კი მიღებულია მელიტა).

მერი - მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.

მიმოზა - თბილ ქვეყნებში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარის სახელწოდებაა, ქცეული პიროვნულ სახელად (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ია, ვარდო, ეძნელა...)

მირანდა - შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და „მირიანის ასულს“ ან „ამირის (ბატონის) ასულს „ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა „გურამის ასული,“ ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.

ნაზი (ირანული) - „კოხტა“. ძველ ირანულში ამ სახელს ატარებდნენ კაცები, ახალ სპარსულში დაუკავშირდა ქალს. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: ნაზია, ნაზო, ნაზიკო.

იხილეთ ასევე: