ის ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა და ყველაფერი იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელშიც ახალგაზრდა მის პოლიტიკურ ხედვაზე ლაპარაკობს და როგორც ხელისუფლებას, ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდებს. "ქვეყანა წინ რომ წავიდეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - ამბობს ის და ოპონენტებმაც არ დააყოვნეს, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შესაძლებლობა არ გაუშვეს ხელიდან და ახალგაზრდა პოლიტიკოსს შეუტიეს. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ ბატალიებში ვადო მაჭავარიანს მამა მიხეილ მაჭავარიანი გაუხსენეს და მის პოლიტიკურ წარსულზე პასუხს შვილს სთხოვდნენ.

"იმის გამო, რომ ვფიქრობ, ამ ყველაფრის სახელის არდარქმევით წინ ვერ წავალთ, წითლები მეძახიან "ქოცს", ხოლო იმ სიმართლის გამო, რომ ამ რეჟიმს ვებრძვი სუფთად, უანგაროდ და მიმაჩნია, რომ ის ანტიქართულია, ლურჯები მიძახიან "ნაცს". ჩვენი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ორ ნაწილად, ორფერად დაყოფა და ახალს მიეცეს გასაქანი. ამ ქვეყანაში ვართ ხალხი, ვინც მზად ვართ მოვიდეთ იმისთვის, რომ ეს 30-წლიანი სიბინძურე ქართულ პოლიტიკაში დავამთავროთ“, - ამბობს და აქვს ამბიცია პოლიტიკური მოძრაობის "სართული - ახალი თაობის ძალა" ლიდერს ვადო მაჭავარიანს, რომელიც საუბარს მის "უჩვეულებრივეს“ ბავშვობაზე თხრობით იწყებს.

- 2001 წელს დავიბადე და გავიზარდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ბებია-ბაბუის დანატოვარ ისტორიულ სახლში. მაბედნიერებს, რომ დიდი და ლამაზი ოჯახი მყავს. მიუხედავად იმისა, მამა თანამდებობებზე იყო, არასდროს და არაფრით მიგრძნია, რომ ვინმეზე პრივილეგირებული და რამით გამორჩეული ბავშვი ვიყავი, უჩვეულებრივესი ბავშვობა მქონდა. მქონდა ის სათამაშო, რაც სხვას და სხვაზე მეტი - არაფერი. ჩემს ოჯახს არ ახასიათებდა სამთავრობო აგარაკებზე დასვენება, სულ ვიყავი იმ ადამიანების და მეგობრების გარემოცვაში, რომლებიც ჩემით შევიძინე, ვიყავი თავისუფალი და არ ვიზრდებოდი, ასე ვთქვათ, ხელოვნურ გარემოში. თავდაპირველად სულაკაურის სკოლაში შევედი დიდუბეში, მერე გადავედი "მწვანე სკოლაში“, სადაც კარგი გარემო იყო. ბევრი მეგობარი შევიძინე, დღემდე რომ შემრჩა, ისეთი. მადლობა, ღმერთს, მშობლები არასდროს არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ სულ ცდილობდნენ, მიწაზე მყარად ვმდგარიყავი და ღრუბლებში არ მეფრინა.

დედა ბათუმელია და ნახევარი ცხოვრება იქ მაქვს გატარებული, მშობლები არასდროს არაფერს მიშლიდნენ, მათ მაჩუქეს ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება, ისეთი ცხოვრება, როგორიც მე მინდოდა. ორი დაიკო მყავს, ბარბარე 20 წლისაა, ვივიანა - 10 წლის ხდება, ძალიან უფროსი და-ძმა ჰყავს ჩვენი სახით. მე და ბარბარე ერთად გავიზარდეთ, ერთი სამეგობრო გვყავს, ვცდილობთ, ვივიანაც სულ ჩვენთან გვყავდეს, ეს დიდი ბედნიერებაა.

ბავშვობიდან ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და დღემდე "ბარსას“ ფანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფეხბურთო ნიჭით არ გამოვირჩევი, ბავშვობაში რაღაც პერიოდი ვიარე ფეხბურთზე და ცურვაზეც. სწავლას რაც შეეხება, კლასიკური ათოსანი ბავშვი არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცელქი ვიყავი და მასწავლებლებს ნერვებს ვუშლიდი (რაღაც მომენტში პრობლემურ ბავშვებად რომ მიიჩნეოდნენ, ისეთი), მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და მეც ანალოგიურად, მათ მიმართ სიყვარულს დღემდე გამოვხატავ.
- სკოლა რომ დავამთავრე, ჩემით მოვაგროვე საბუთები, გამოცდები ჩავაბარე და ბარსელონაში წავედი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით ვისწავლე უნივერსიტეტში. მანამდე აქაც, კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და მერე აკადემიური ავიღე. ვხუმრობ ხოლმე, სამდიპლომიანი ვარ-მეთქი. ბარსელონაში 4 წელი დავყავი, დავიცავი საბაკალავრო, ჯერჯერობით, არ მაქვს გადაწყვეტილი მაგისტრატურაზე სად ჩავაბარებ. ისე ვარ საქმეში ჩაფლული, იმდენი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, არ მინდა აქაურობის მიტოვება. ზოგადად, მიჭირს საქართველოსგან მოწყვეტა და მის გარეშე ყოფნა. მიუხედავად იმისა, ბარსელონაში ქართველი კურსელები და არა მარტო ქართველი მეგობრები მყავდა (კამპუსში ვცხოვრობდით - სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში), იქაური პერიოდი ძალიან ტკბილად მახსენდება, მაგრამ მაინც სულ აქეთ მიწევდა გული, ჩემი ოჯახის და გარემოცვის გარეშე ვერ ვძლებ, ჩემი მომავალი საქართველოს გარეთ ვერ წარმომიდგენია.

- როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი და საქართველოში ჩამოვედი, ამას დაემთხვა რუსული კანონის მიღება, აქციები და მეც ჩავები ბრძოლაში. მამას დიდად არ უნდოდა, რომ პოლიტიკაში ვყოფილიყავი, ეს იდეა არ იზიდავდა, ამაზე ბევრი გვისაუბრია.. მამასთან და ბიძასთან (მიშა და ვანო მაჭავარიანები - ნ.ფ.) უახლოესი ურთიერთობა მაქვს და ბავშვობიდან ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა, რაც მათ თავს ხდებოდა (ძალიან მძიმე პერიოდები გამოიარეს, ეს გარედან არ ჩანს, თუმცა შიგნით ბევრი ტურბულენტობა იყო და ამას ოჯახი რთულად აღიქვამს). რადგან ბავშვობიდან პოლიტიკას და პოლიტიკოს მამას ვუყურებდი, მეც საბოლოოდ დამაინტერესა ამ სფერომ. 2023 წელი იყო გარდამტეხი - რუსული კანონის მიღების მერე გავიცანი რამდენიმე ბიჭი ჩემი დის სამეგობროდან (ისინი ახლა ჩემი უახლოესი მეგობრები არიან), მანამდე ჩემი ბავშვობის მეგობრები ჩემთან სახლში, რუსთაველზე ვიკრიბებოდით, ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობა გავხდით და აქტიურად ჩავერთეთ ბრძოლაში.
- ყველას განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, თუმცა ისეთებთან მიჭირს ურთიერთობა, ვინც ჩემი მეგობრების დაჭერას ამართლებს. დღეს ჩემი ბევრი მეგობარი ციხეშია - გელა ხასაია, საბა სხვიტარიძე და სხვები. სხვადასხვა პოზიციის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა გადავეკიდოთ ერთმანეთს. რაღაცაა შესამუშავებელი, ერთად რომ დავდგეთ, ჩემთვის არც "ნაცების" და არც "ქოცების" ამომრჩეველი არაა მტერი, მტერი არის სისტემა და ყოველგვარი ანგარების გარეშე მოგვინდა გვეკეთებინა საქმე, რომელსაც შევეჭიდეთ. მარტო მე არა, ბევრმა ჩემმა თანატოლმა რუსული კანონის შემდეგ გაიაზრა საფრთხეები და ჩაერთო პროტესტში. რაც სწავლა დავიწყე, მას მერე სულ პოლიტიკის ინტერესი მქონდა, თავიდან დიპლომატია მაინტერესებდა, მერე უფრო პოლიტიკისკენ გადავიხარე, მინდოდა თავი მეცადა. ჩემი პირველი აქცია დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ისინი ჩემი მეგობრების კლასელები და ჩემი მეგობრებიც იყვნენ. ასე მგონია, ბავშვობიდან იმ პერიოდში გამოვედი, მაშინ დაიწყო ბრძოლა და მას მერე სულ სამართალს ვეძებ... მერე იყო 20 ივნისი, სასწავლებლად წასვლა და რუსული კანონის მერე უკვე ძალიან გააზრებული ბრძოლა. ბევრი მეგობარი პირველად მაგ აქციაზე ვნახე და ისინი დღემდე იქ არიან, არ ყრიან ფარ-ხმალს. მერე დაიჭირეს ჩემი მეგობრები და უკვე მათთან, ჩემს თავთანაც და გარშემო ყველასთან ვალდებულება მაქვს, რომ დავრჩე საქართველოში და ვიბრძოლო იმისთვის, ცოტა უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.
- რა რეაქციაც ჩემს ვიდეორგოლს ორივე მხრიდან მოჰყვა, მგონია, იყო ორგანიზებული შავი კამპანია. როცა ვსაუბრობ, რომ "ნაც-ქოცობა" უნდა დასრულდეს, არ ვგულისხმობ მათი პარტიების, მათი ამომრჩევლის დასრულებას, არამედ როგორც ფენომენის დასრულებას. დღეს სისტემაა პრობლემა, რომელიც მუდმივად იარლიყის მიკერებაზე, დაყოფა-დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. "მე ყველაზე მართალი ვარ“, "შე ნაცო“, "შე ქოცო“ - ეს უნდა დამთავრდეს, ამით დაიღალა ხალხი. ვიღაცის წინააღმდეგ ყოფნა უნდა დამთავრდეს. უბრალოდ, პოლიტიკოსებმა თავისი სახელი უნდა დაარქვან ყველაფერს, პირველი ნაბიჯია შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა, დროა ძველები წავიდნენ და უფრო ჯანსაღ ხალხს დაუთმონ ადგილი (ყველა პარტიას ეხება). პოლიტიკაში რაც უფრო საღი და სუფთა ხალხი შემოვა, მით უკეთესი. ოპოზიციაშიც მინახავს ბევრი, ვინც არ იცის სიტყვის ფასი, არ არის თანმიმდევრული, ამიტომაც გვინდა, რომ რაღაც შევცვალოთ, ახალი შევქმნათ, ამიტომ დავაფუძნეთ ჩვენი მოძრაობაც. პოლიტიკოსები, პირველ რიგში, უნდა მოეშვან ხალხის სულელად აღქმას. ხალხი არაა ბრბო, ძალიან გააზრებულად ხედავს ყველაფერს, საღი ერი ვართ და ამიტომაც მოვედით აქამდე. საზოგადოებას უკვე გული ერევა ამ რაღაცა ორფეროვნებაზე - შავი ან - თეთრი, "ქოცი" ან - "ნაცი".

- შეიძლება ვიღაცას მამაჩემთან რაღაც პრეტენზია ჰქონდეს, მაგრამ არასდროს გამიგია პრეტენზია მის კორუმპირებულობაზე, ეს რომ აბსურდია, ყველამ კარგად იცის. მიშა მაჭავარიანს არც სასახლეები უშოვია, არც მილიონები და ვთხოვდი ყველას, შეეხედათ ვინმე სხვა "ნაცმოს" მაღალჩინოსნის და მისი შვილებისთვის და მერე მამაჩემისთვის და მისი შვილებისთვის, როგორ ვცხოვრობდით და ვიზრდებოდით. რადგან ჩემთვის ოჯახი წმინდა და ყველაზე მნიშვნელოვანია, ტყუილს არავის გავუტარებ. ვამაყობ მამაჩემით, მისი სახელი ცუდად წინ არასდროს დამხვედრია, თუნდაც განსხვავებული პოზიციის ადამიანებში. იმ "ნაცმა" ქალბატონმა რაც მამას დააბრალა, ტყუილია, მას არასდროს არავის ჯიბიდან კაპიკი არ ამოუღია, პირიქით, სხვების დახმარებაზე იყო მომართული. ბევრი ადამიანი მინახავს, ჩემთვის რომ უთქვამს, მამაშენი ძალიან დამეხმარაო. მამას არავისგან სარგებელი არ მიუღია. არ მიკვირს, ამ ქალბატონის სიტყვები პროპაგანდისტულმა არხებმა რომ აიღეს და ქარდებად გამოდეს.
ამ ბატალიებში დიდხანს ყოფნას არ ვაპირებ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. კერძოდ: ახლა თავზე დიდი მისია ავიღეთ - გვინდა სირიას და ვენესუელას გავაუქმებინოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებთ და ვაპირებთ ადგილებზეც ჩავიდეთ. ამას გარდა, კამპანია გვაქვს თბილისის პრობლემებთან დაკავშირებით, მოვასწარით და ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში ვიყავით, ბევრი საქმე და პრობლემა გვაქვს, მთავარია, ქვეყანა დავიბრუნოთ. როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად, ჩვენი მთავარი მისიაა სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ. უნდა ვიხმაუროთ ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან დაწყებული, გზებით და ავარიული სახლებით დამთავრებული და ჩვენი პლატფორმა ცდილობს, ეს ყველაფერი მოიცვას.
- "სართული - ახალი თაობის ძალა“ დავირქვით. სართული იმიტომ, რომ რაღაც ახლის შენება და ფუნდამენტის გაკეთება გვინდა, ეს ახალი თაობის ძალით უნდა გაკეთდეს, პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს. ძალიან რთული ვითარებაა, ყოველდღიურად ათასი საფრთხის წინაშე ვართ. არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ 100%-იანი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ქართველი უსამართლობას არასდროს შეეგუება და რაღაც მომენტში, ეს ეროვნული მუხტი ისე იფეთქებს, რომ დიდი ცვლილებების ტალღას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება. უბრალოდ, უნდა მივიყვანოთ აქამდე სიტუაცია, ამისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ ყოველდღიურად.
- მამისგან ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას და ძალიან მიხარია. რჩევებსაც ვეკითხები, რაღაცებზე აზრთა სხვადასხვაობაც გვაქვს, ეს ჯანსაღი პროცესია... მამას ხშირად მოუცია რჩევა, თუმცა არაფერში ერევა, მეტყვის ხოლმე, შენ უკეთ იციო და მორჩა. ხანდახან ემოციურობას მიწუნებს, თუ გავფიცხდი, კრიტიკაში არავის ვინდობ (იცინის). მამა ხშირად დადის აქციებზე, მე და ჩემს დას ამოგვიდგება ხოლმე გვერდით, თითქოს ცდილობს, რაღაც საშინელებას აგვარიდოს (დარბევების დროს, მით უმეტეს). მამა და ბიძა რუსთაველზე ცხოვრობდნენ, 9 აპრილიც კარგად ახსოვთ და მაშინაც იქ იყვნენ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, მძაფრად ახსოვთ ყველაფერი, ჩვენი სახლის წინ ხომ ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებები იყო გაჩაღებული. აქციაზე მამას ხანდახან არ ვპასუხობ ტელეფონზე, მინდა, ჩემს გემოზე და წინა ხაზზე ვიყო (განსაკუთრებით დარბევების დროს, ვინმეს რამე თუ დასჭირდებოდა, ვცდილობდი დახმარება აღმომეჩინა). არადა, სულ ცდილობს, აქციებზე გვერდით ამომიდგეს, გაზიც ერთად გვიყლაპია.. მამა დროულად წავიდა პოლიტიკიდან და სიმართლე გითხრათ, ცოტა ამოვისუნთქე იმიტომ, რომ ეს მართლა მუდმივი სტრესი იყო... თან ისეთ პერიოდში მოუწია პოლიტიკოსობა, ისეთი ბექგრაუნდი ჰქონდა ამ ყველაფერს.. უბრალოდ, ბოლო წლები მას იმის ერთგულება ჰქონდა, რაც თავის დროზე, 2003 წელს კეთილი მიზნებით ყველამ ერთად წამოიწყო. მამას იდეის ერთგულება ჰქონდა და რეალურად, ამან "გააქაჩინა“ ბოლო წლებამდე. რომ წამოვიდა, ვფიქრობ, მამამაც დაისვენა, დროულად მიხვდა (რაც ბევრს უჭირს) რომ სხვისთვის უნდა დაეთმო გზა.
- ჩემს სახელზე ძალიან ბევრი სასაცილო ისტორიები მაქვს... პროპაგანდისტებს ჰგონიათ, ჩემს სახელზე თუ "იღადავებენ“, "გამიტყდება“. დედას ვფიცავ, მართლა ძალიან მიყვარს ჩემი სახელი და ბაბუას გამოც მეამაყება. მთელი ცხოვრება ვადოს მეძახიან, ზოგს ეშლება და ვატოს მიძახის. ყველას ჰგონია, ვლადიმერი ვარ და შემოკლებით - ვადო და როცა ვუხსნი, მათთვის ვარდენი სიურპრიზია. დიახ, მე ვარ ვარდენ მაჭავარიანი. როცა დავიბადე, საგაზეთო სტატიაც იყო სათაურით: მიხეილ მაჭავარიანმა ტრადიციას არ უღალატა და შვილს ვარდენი დაარქვაო.

აქ დიდი და ძალიან საინტერესო ტრადიციაა - მამის მამა ვარდენია, მისი მამა მიშა, იმის მამა - ვარდენი და დიდიხანია ასე მონაცვლეობით მოდის მიშა-ვარდენის სახელები, ანუ მამა შვილს ბაბუის სახელს რომ არქმევს.. ჩვენი ფესვები ჭორვილადანაა, სხვათა შორის, პირველი დიდი ვარდენი იქიდან მოდის... მიყვარს ჩემი სოფელი და ძალიან კარგ დროსაც ვატარებდით ჭორვილაში. მოკლედ, ეს სისტემა გვაქვს დასამთავრებელი და "ის ჭორვილელიც“ უნდა მიხვდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა მორჩეს!