ავტორი:

ოსური კე-გე-ბე თამარ მეარაყიშვილის "ხელშემწყობებს“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება - რას აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში?

ოსური კე-გე-ბე თამარ მეარაყიშვილის "ხელშემწყობებს“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება - რას აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში?

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში (კე-გე-ბე) განაცხადეს, რომ აგრძელებენ "ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს“ იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, მეარაყიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს და ბრალი წაუყენეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“, ხოლო 31 დეკემბერს იგი გააძევეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ალან გაგლოევმა დაადასტურა, რომ მეარაყიშვილის დაკავება დაკავშირებული იყო მის გეგმასთან - ჩაეტარებინა ცხინვალის ცენტრში ერთპიროვნული პიკეტი.

2 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ოსური კე-გე-ბე ამტკიცებს, რომ მეარაყიშვილი დაკავშირებულია საქართველოს სპეცსამსახურებთან "ის ჩართეს თანამშრომლობაში სადაზვერვო და სხვა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად“ და რომ იგი "კურატორების დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა "სამხრეთ ოსეთსა" და რუსეთის ფედერაციას“. უწყების განცხადებით, აქტივისტი "გადასცემდა მონაცემებს პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედროების, მათი დისლოკაციის ადგილებისა და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ“, ასევე "ფარულად იწერდა საუბრებს ოფიციალურ პირებთან, მათი შემდგომში კომპრომატად გამოყენების მიზნით“.

კე-გე-ბე მეარაყიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, მათ შორის "ეხო კავკაზასთვის“, "ინფორმაციის წყაროდ“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ იგი საზღვარგარეთ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებზე თითქოს "დისკრედიტაციას უწევდა "სამხრეთ ოსეთის" სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

მისი "მრავალრიცხოვანი კონტაქტების გამოვლენის“ შესახებ ინფორმირებისას, კე-გე-ბემ გამოაქვეყნა რიგი ქართველი პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები, რომლებიც, სავარაუდოდ, აქტივისტის ტელეფონში იყო აღმოჩენილი. ამასთანავე, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ მეარაყიშვილს მათთან რეალურად ჰქონდა კონტაქტი. სიაში, კერძოდ, ფიგურირებენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები პაატა ზაქარეიშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე უკვე ლიკვიდირებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.

შემდგომში კე-გე-ბე მიუთითებს მეარაყიშვილის "ურთიერთქმედებაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებთან, რომლებთანაც, უწყების მტკიცებით, იგი "ერთობლივად მოქმედებდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით“. კერძოდ, ნახსენებია Telegram-ის ოპოზიციური რესურსები, რომლებიც მის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ.

კე-გე-ბე-ში განაცხადეს, რომ ბოლომდე მიიყვანენ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს და პასუხისმგებლობით დაემუქრნენ მის "ხელშემწყობებს“.

ამასთანავე, უწყებამ მოუწოდა "ყველას, ვინც კონტაქტში იყო მეარაყიშვილთან“, მიმართონ კე-გე-ბე-ს და აღნიშნა, რომ ნებაყოფლობითი და დროული მიმართვის შემთხვევაში ის პირები, რომელთა ქმედებებს უსაფრთხოებისთვის ზიანი არ მიუყენებია, შესაძლოა გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. წყარო