ჩინეთმა ბაის ოჯახის მაფიის ოთხი წევრი სიკვდილით დასაჯა - ოჯახი მიანმარში მოქმედ თაღლითურ ცენტრებს მართავდა. ინფორმაციას ჩინეთოს სახელმწიფო მედია ავრცელებს.
გასულ კვირას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოქმედი თაღლითური ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჩინეთმა მინგის ოჯახის 11 წევრი დასაჯა სიკვდილით.
წლების განმავლობაში ბაისები, მინგები და სხვა ოჯახები მიანმარის სასაზღვრო ქალაქ ლაუკაინგს აკონტროლებდნენ, სადაც კაზინოებს და პროსტიტუციისთვის განკუთვნილ ადგილებს მართავდნენ, ამ ყველაფერს ემატებოდა კიბერთაღლითობაც.
ხელისუფლების ცნობით, ბაისები საკუთარ შეიარაღებულ დაჯგუფებას აკონტროლებდნენ და კიბერთაღლითობისა და კაზინოებისთვის 41 შენობა ჰქონდათ მოწყობილი. ამ ობიექტებში ძალადობა სისტემური იყო, ცემა და წამება კი - ჩვეულებრივი პრაქტიკა.