რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას. შესაბამისი განცხადება "ფიფას“ პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ Sky News-თან ინტერვიუში გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ. ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა. ამან მხოლოდ მეტი სიძულვილი გამოიწვია. რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, სულ მცირე, ახალგაზრდულ დონეზე მაინც“, - აღნიშნა ინფანტინომ.
ინფანტინოს განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ფეხბურთის თამაშს ვეღარასდროს შეძლებს - ისინი რუსეთმა მოკლა. მაშინ როდესაც მორალურად დეგრადირებული ადამიანები აკრძალვის მოხსნას გვთავაზობენ, ის მკვლელობებს აგრძელებს. მომავალი თაობები ამას 1936 წლის ოლიმპიადის მსგავს სირცხვილად მოიგონებენ“, - წერს სიბიგა X-ზე.
შეგახსენებთ, ფეხბურთის მსოფლიო მმართველმა ორგანომ, "ფიფამ“ და ევროპის მმართველმა ორგანომ "უეფამ“ რუსულ საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს ყველა სახის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალეს.