ბოლო წლებში საქართველოში სოციალური ქსელი "ტიკტოკი“ გასართობი პლატფორმიდან სოლიდური შემოსავლის წყაროდ იქცა. ის, რაც ერთი შეხედვით უწყინარი თამაში გგონიათ, სინამდვილეში კარგად გათვლილი ბიზნეს-მოდელია, რომელშიც აზარტი, ემოციური მანიპულაცია და დიდი ფული ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
"ტიკტოკის" თამაშები, ანუ "ბატლები“, რეალურ დროში მიმდინარე შეჯიბრებაა. მაყურებელი ყიდულობს ვირტუალურ მონეტებს (Coins), რომლებითაც შემდეგ სტრიმერს საჩუქრებს უგზავნის.
ფასების იერარქია:
თუ უბრალო "ვარდი“ (Rose) სულ რაღაც 1 თეთრამდე ღირს, უფრო სერიოზული საჩუქრები, როგორიცაა "ლომი“ (Lion) ან "TikTok Universe“, საკმაოდ სოლიდური თანხაა. მაგალითად, "ლომი“ დაახლოებით 29,999 ქოინია, რაც ლარებში 750-დან 850 ლარამდე მერყეობს.
"ტიკტოკის წილი":
პლატფორმა აქ ყველაზე დიდ მოგებას ნახულობს. თუ მაყურებელმა სტრიმერს 1000 ლარის საჩუქარი გაუგზავნა, სტრიმერი რეალურად მხოლოდ 400-500 ლარის გატანას შეძლებს. დანარჩენს "ტიკტოკი" საკომისიოს სახით იტოვებს.
ბევრმა არ იცის, რომ მსხვილი ქართველი სტრიმერები "მარტოხელა მოთამაშეები“ არ არიან. მათ უკან ხშირად დგანან აგენტები. აგენტები არიან შუამავლები "ტიკტოკის" ოფიციალურ ოფისსა და სტრიმერს შორის. ისინი ეხმარებიან სტრიმერს:
აგენტები ხშირად თავადვე "ასუბსიდირებენ“ სტრიმერს - თამაშის დროს უგზავნიან საჩუქრებს, რათა აზარტი გაზარდონ და რეალური მაყურებელი აიძულონ, მეტი დახარჯოს. ეს არის ერთგვარი მარკეტინგული ხაფანგი.
საქართველოში "ტიკტოკი" ერთგვარად მოწყალების თხოვნის პლატფორმად იქცა. ხშირად ვხედავთ ლაივებს, როდესაც ადამიანები საკუთარი სიღარიბის დემონსტრირებას ახდენენ და პირდაპირ სთხოვენ მაყურებელს დახმარებას.
ალბათ გინახავთ სტრიმერები, რომლებიც საჩუქრის სანაცვლოდ ხალხს უყვებიან საკუთარ ცხოვრებაზე მძიმე ისტორიებს, აცოდებენ თავს, თამაშისას ასრულებენ დამამცირებელ დავალებებს, თავზე იხლიან კვერცხს, სახეში იყრიან ფქვილს ან ტირიან. ეს არის ემოციური ექსპლუატაცია.
ეს გლობალური პრობლემაა. BBC-მ ჩაატარა მოკვლევა სირიის ლტოლვილთა ბანაკებში, სადაც ბავშვები ლაივში "მოწყალებას“ ითხოვდნენ. გაირკვა, რომ "ტიკტოკი" ამ შემოსავლის 70%-მდე იტოვებდა. ჩინეთსა და ინდონეზიაში კი პოპულარული იყო "ტალახის ლაივები“ - ადამიანები ტალახში წვებოდნენ ყოველი ახალი საჩუქრისთვის. "ტიკტოკმა" დაიწყო ასეთი კონტენტის შეზღუდვა პლატფორმის ადამიანთა ექსპლუატაციაში დადანაშაულების შემდეგ, თუმცა ქართულ სივრცეში ეს რეგულაციები ჯერ სუსტად მუშაობს.

ქართულ "ტიკტოკზე" რამდენიმე მთავარი ფიგურაა, რომლებიც ამინდს ქმნიან. ასევე პოპულარულია ე.წ. "ყვითელი“ პერსონაჟები, რომლებიც სკანდალებითა და ურთიერთშელაპარაკებებით აგროვებენ აუდიტორიას, ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, ქეთი ეგიდუნაშვილი, შოთა დარბაიძე და ა.შ.
გვაქვს ასევე მაგალითი, რომ "ტიკტოკის" გამომწერებმა ქუთაისელ მარტოხელა დედას ქეთი ქველაძეს ბინა როგორ შეუძინეს.
მოთამაშეებში ასევე ხშირად ვხედავთ "კლანურ“ დაპირისპირებებს: ერთი ჯგუფი მეორეს წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება ხშირად დადგმულია, რადგან კონფლიქტი მაყურებელში აზარტს იწვევს - ადამიანები თავიანთი "ფავორიტის“ დასაცავად უფრო მეტ საჩუქარს იმეტებენ.
მართლაც საოცარია, რატომ უნდა გადაცვალოს ბოლო თეთრები ვირტუალურ "ლომში“ ადამიანმა, მით უფრო, თუ თვითონ უჭირს?
აღიარების წყურვილი:
როცა მაყურებელი ძვირადღირებულ საჩუქარს აგზავნის, სტრიმერი მის სახელს მთელი ქვეყნის გასაგონად ყვირის, მადლობას უხდის და "მეფეს“ ან "დედოფალს“ უწოდებს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის ეს 5-წუთიანი დიდება დამოკიდებულებას იწვევს. არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც რიგითი ადამიანები, რათა მათმა ფავორიტმა სტრიმერმა "ბატლში“ გაიმარჯვოს, ონლაინ-სესხებსა და საბანკო კრედიტებს იღებენ.

აზარტული თამაშების ელემენტი:
"ტიკტოკ-თამაშები" სტრუქტურულად ჰგავს კაზინოს. ხმაურიანი ეფექტები, ციმციმა ეკრანი, გამარჯვების მოლოდინი - ეს ყველაფერი ტვინში დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს.
სტრიმინგი თავისთავად დანაშაული არ არის, თუმცა ქართულ რეალობაში ის ხშირად იღებს არაეთიკურ ფორმას. სტრიმერები საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიან, ხოლო მაყურებელი, მათ შორის არასრულწლოვანები, მშობლების ბარათებიდან ხარჯავენ ფულს ვირტუალურ ილუზიაში.
მოკლედ, ვიდრე პლატფორმა რეგულაციებს არ გაამკაცრებს ან სახელმწიფო არ დაინტერესდება ამ სფეროდან მიღებული დაუბეგრავი შემოსავლებით, "ციფრული მოწყალება“ და ფარული აზარტული თამაშები ქართული ინტერნეტ-სივრცის განუყოფელ, ტოქსიკურ ნაწილად დარჩება. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანის ღირსება ხშირად რამდენიმე "ქოინად“ არის შეფასებული...