ავტორი:

როკი, მძიმე როკი და მეტალი დოლზე, აკორდეონსა და ფანდურებზე - ვინ არიან "ქუთაისური "პინკ ფლოიდის" წევრები, რომელთა ნამღერიც ინტერნეტჰიტად იქცა?

როკი, მძიმე როკი და მეტალი დოლზე, აკორდეონსა და ფანდურებზე - ვინ არიან "ქუთაისური "პინკ ფლოიდის" წევრები, რომელთა ნამღერიც ინტერნეტჰიტად იქცა?

როკი, მძიმე როკი, მეტალი - მუსიკის ეს ჟანრები თავისთავად არ არის მარტივი და ლეგენდარული ჯგუფების - "დიფ ფარფლის,“ "ლედ ზეპელინისა,“ "პინკ ფლოიდისა“ და "ქვინის“ კომპოზიციებს დოლზე, აკორდეონსა და ფანდურებზე ქართველი მუსიკოსი რომ შეასრულებს, მსმენელში გაოცებას უდაოდ იწვევს. ჰოდა, ასე გაკვირვებულ-აღფრთოვანებული დატოვეს ქუთაისელმა მუსიკოსებმა, ანუ "ქუთაისელმა "პინკ ფლოიდებმა“ მთელი სოციალური ქსელი, როდესაც მათი დაკრულ-ნამღერი ვიდეოს სახით ვირუსულად გავრცელდა.

ჯგუფი "ქუთაისი“ საქართველოში უკვე ყველამ გაიცნო, პოპულარულები გახდნენ, ტელეეთერებში სტუმრად იწვევენ... ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ახლა ambebi.ge-ს რესპონდენტია და გიორგი ვაშაკიძე გვიყვება ანსამბლის, მეგობარი მუსიკოსებისა და საკუთარი თავის შესახებ.

- ბატონო გიორგი, თქვენი გაცნობით დავიწყოთ...

- ჩემი გვარი სამტრედიიდანაა, მამაჩემი დიდი ჯიხაიშიდან იყო, დედაჩემი - ჭიათურელია. მეც ჭიათურაში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ქუთაისში ვცხოვრობ, კერძოდ, ქვიტირში და უკვე ბევრი წელია.

ქუთაისში 1-ელი მუსიკალური (ათწლედი) დავამთავრე ფორტეპიანო მიმართულებით. ანსამბლ "ქუთაისში“ ბას-ფანდურზე ვუკრავ...

- ისე, ბას-ფანდური პირველად გავიგე...

- არის კლასიკური ფანდური (როგორც სოლო ფანდური) და ბას-ფანდური. გიტარა ხომ არის ბასი და სოლო. ჰოდა, როცა ბენდი მუშაობს, იქ არის დრამი, ბას-გიტარა და სოლო გიტარა. ჩვენს ჯგუფში კი აქცენტი დოლზე, აკორდეონზე, ბას-ფანდურზე, კლასიკურ და სოლო ფანდურზე გავაკეთეთ, რადგან უცხოურ სიმღერებისაც ვასრულებთ. თორემ ქართულებზე პრობლემა არ არის. უცხოურში, კერძოდ, როკში, მძიმე როკში, მეტალში ჟღერადობა ხომ სხვანაირია. ისე, სოლო გიტარისტი რომ არ გვყოლოდა, ეს ყველაფერი არ გაკეთდებოდა. ეფექტი სოლო გიტარას აქვს...

მოკლედ, ჩემი ბას-ფანდური გადავიყვანე ელექტროზე, შესაბამისად, დავამონტაჟე, ელექტრო შესაერთებელი აქვს და შიგნით პატარა მიკროფონი. ამის საშუალებით ინსტრუმენტს აპარატურაში ვაერთებ და ხმა დინამიკებში გადის.

- ჯგუფი "ქუთაისი“ დიდი ხანია, რაც არსებობს?

- ყველაფერი გორაზე რომ პარკია, იქიდან წამოვიდა. იქ რესტორანში სამუშაოდ 2020 წლის 15 მაისს მივედი. ოთხი კაცი ვიყავით, მერე ვიღაცები წავიდნენ-მოვიდნენ და ბოლოს ორი კაცი დავრჩით - ძირითადი - მე და კლასიკურ ფანდურზე დამკვრელი - გიზო. შემდეგ შემოგვემატა საქსოფონისტი და სოლოგიტარისტი. გასული წლის მაისში ჯგუფში მოვიდა მედოლე და აკორდეონისტი. ახლა 6 კაცი ვართ.

- ყველას სახელი და გვარი ვთქვათ და აქვე გვითხარით ამ საკრავებით როგორ შეძელით მსოფლიო ჰიტების შესრულება?

- ბას-ფანდური, როგორც გითხარით, მე ვარ - გიორგი ვაშაკიძე, აკორდეონი - მაიზერ კუხიანიძე, დოლი - გელა გაჩეჩილაძე, საქსოფონი - გოჩა სვანაძე, კლასიკური ფანდური - გიზო დიხამიძე, სოლო გიტარა - მერაბ ნადირაძე.

მოკლედ, სოლო-გიტარისტს შევნიშნე, რომ როკ ნამუშევრებს ("ლედ ზეპელინი“, "დიფ ფარფლის“ და ამ ჯგუფების კომპოზიციებს) ყველაფერს უკრავდა და მღეროდა. კარგად იცოდა, თან გამოცდილებაც ჰქონდა, ადრეულ წლებში ჯგუფ "აუტსაიდერშიც,“ რობი კუხიანიძესთან უკრავდა, თურქეთშიც მუშაობდა... ვინაიდან ეს მუსიკა მეც მიყვარდა, რაღაცებს ადრე ვუკრავდი, მაგრამ აკორდები ცოტა დავიწყებული მქონდა, მერაბს ვთხოვე, მოდი, დავსხდეთ და რაღაცები, კერძოდ, "დიფ ფარფლის“ რეპერტუარიდან გავიაროთ-მეთქი.

ტრაბახი არ მინდა, მაგრამ უნიკალური სმენა მაქვს, ბავშვობიდან ვმღერი, ხალხურებსაც, ხმებსაც ვარჩევ და ყველანაირ სიმღერას ვასრულებ, ჯაზ-კვარტეტის გარჩევაც შემიძლია. ამის მონაცემები მაქვს.

მოკლედ, მე ბას-ფანდურზე, მერაბმა სოლო გიტარაზე დავუკარით "ჰოტელ კალიფორნია“. ჩვეულებრივად ავყევი. ყოჩაღ, შენო... გაუკვირდა... ყველაფერი რომ ვიცი ბას-ფანდურის - სოლ მაჟორი, ფა მაჟორი, დო დიეზ-მაჟორი, მინორი - არ გამიჭირდა. ჩანაფიქრი გამოგვივიდა. მძიმე როკი რომ დავუკარით, საქსოფონისტი შემოგვესწრო და ესენი აღარ ხუმრობენო, - თქვა.

ამ ყველაფერში უკვე დოლი და აკორდეონიც ჩავრთეთ და მეორე-მესამე დღეს რესტორანში ამ სიმღერების დაკვრა დავიწყეთ. მედოლემაც უცებ აუღო ალღო, რადგან წარსულში დრამერი იყო. რასაც დრამზე უკრავდა, ის დოლზე გადმოიტანა. უბრალოდ, დრამის "თეფშები“ არ არის... აკორდეონისტიც ნიჭიერი ბიჭია... ასე რომ, გასული წლის მაისიდან ოფიციალურად ჩამოყალიბდა ანსამბლი "ქუთაისი“.

- უკრავთ როკს, მეტალიკას, მძიმე როკს და ქართული რეპერტუარიც გაქვთ, ხომ?

- რა თქმა უნდა. "ცისფერი ტრიო“ - კლასიკური ესტრადა, საქეიფოები, ქორწილის მუსიკა - მოგეხსენებათ, რესტორანია და ხალხი გასართობად მოდის... ქუთაისის ჰიმნსაც ვმღერით, "თბილისოსაც“... გორაზე დაფუძნებამდე, თითოეული სხვადასხვა რესტორანში ვმუშაობდით. მე თბილისში 2000 წლიდან 2014 წლამდე სხვადასხვა რესტორანში ვიმუშავე. იქ სიმღერების დიდი პროგრამა შევქმენი და ბევრი კარგი ნომერი შევისწავლე, დავამუშავე.

თბილისში იმიტომ წავედი, რომ მაშინ ქუთაისში ერთი- ორი რესტორანი თუ იყო და ისიც დაკავებული გახლდათ მუსიკოსებით. არადა, რა მექნა? მძიმე დრო იყო, მიჭირდა, სამუშაო არ მქონდა... ისე, ანსამბლში ბავშვობაშიც ვიყავი, ოღონდ, ეს იყო ჭიათურაში, ჩვენს ანსამბლს "მერცხალი“ ერქვა და არღანზე ვუკრავდი. სკოლაში არ დავდიოდი, როცა დეიდამ პატარა პიანინო მიყიდა და იმაზე დავუკარი - "აბბა“ და "ბონიემის“ სიმღერები. სოფელში ხალხი რომ მისმენდა, გიჟდებოდა. თავიდანვე უცხოურ ჰიტებს ვუსმენდი, რატომღაც ასე იყო, ქართულს - ნაკლებად ვეკარებოდი. ეს უფრო ბიძაჩემის გავლენით ხდებოდა - ისიც უცხოურს უსმენდა.

- ასეთი ნიჭიერი, მუსიკალური ყოფილხართ და კონსერვატორიაში რატომ არ ჩააბარეთ?

- ალბათ დამეზარა, თან, ქორწილებით ფული რომ ვიშოვე, იმ წლებში ამანაც გამიტაცა... ისე, მუსიკოსებს, გინდა კონსერვატორია ჰქონდეთ დამთავრებული და გინდა - არა, დიდი დაფასება არ აქვთ. თუმცა ჩემთვის მხოლოდ ფული არ არის, მიყვარს ეს საქმე, მიყვარს მუსიკა - სიმღერა, დაკვრა. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ... ჩემს ოჯახში ყველა "ხალხურს“ მღეროდა, - ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდები. დედაჩემი ქუთაისში თავის დებთან სრულიად პატარას რომ დამტოვებდა, საწოლში რომ ჩამიწვენდნენ, მიმღეროდნენ და მაშინვე ავყვებოდი ხოლმე. გიჟდებოდნენ, ბავშვს როგორი სმენა აქვსო...

- ე.ი. ძველ ქუთაისში, გორაზე, პარკში არსებულ რესტორანში მუშაობთ...

- კი, ყოველდღე ვმუშაობთ - 80-კაციანი დარბაზია და კიდევ კუპეებია. იქაა ჩვენი სამსახური - გორის პარკის რესტორანში.

- ამდენი ხანია, მღერით, მაგრამ მაინცდამაინც ახლა რატომ გავრცელდა თქვენი ვიდეო?

- თბილისიდან ჩვენს რესტორანში ჩამოსული იყო ბიჭი, დიჯეი. ქუთაისელმა გვითხრა, სტუმარი გვყავს და თქვენ იცით, რაც უნდა დაუკრათო. მივხვდით, რაც უნდა დაგვეკრა. რომ მოგვისმინა, განცვიფრდა. მერე ვიდეო გადაგვიღო და "ტიკ-ტოკზე“ დადო.

ამას მოჰყვა ამბავი, - 10 დღე არც არის გასული და თითქმის ყველა ტელევიზიამ გადაგვიღო... ისე, ადრე ჩვენთან ანი გიუნტერი იყო ჩამოსული, სიუჟეტიც გააკეთა, - "ქუთაისური "პინკ-ფლოიდი“ დაგვარქვა, მაგრამ, იმას რაღაც ასეთი ამბავი არ მოჰყოლია...

- კარგია, რომ ხალხმა გაგიცნოთ... რა გეგმები გაქვთ?

- კიდევ გვინდა ახალი ნამუშევრების შემატება ჩვენი რეპერტუარისთვის - "ლედ ზეპელინის“ ნამუშევრები უნდა დავამუშაოთ, რასაც შევძლებთ და რამდენიმე "დიფ ფარფლისაც“. მუშაობის გაგრძელებას აქტიურად ვაპირებთ, რომ გავახაროთ მაყურებელი...

თან საინტერესო სიმღერებზე მუშაობა ჩვენც გვიყვარს. ენერგიას არ დავზოგავთ და არაერთს კიდევ შევისწავლით. ვიდრე ამ ქვეყანაზე ცოცხლები ვიქნებით, არ გავჩერდებით, რომ ჩვენი ცოცხალი ბენდის ნამუშევრები დარჩეს. გვიხარია, ხალხი რომ გვხვდება და ჩვენ მიმართ სითბოს გამოხატავს, - ზოგი სამეზობლოდანაა, ზოგი ავტობუსის მგზავრები არიან, ხან ქალაქში გვხვდებიან, მაღაზიებში პატივისცემა უნდათ... ის ხალხი არ ვართ, რომ რამე თავში აგვივარდეს. ჩემი ცხოვრება თავმდაბლად ვიცხოვრე. თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ.ამ ქვეყნიდან რომ წავალთ, სახელის გარდა თან ვერაფერს წავიღებთ.

- გისურვებთ თქვენი სურვილების და გეგმების განხორციელებას და კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოთ თქვენი მსმენელი.

P.S.

ambebi.ge მადლობას უხდის ირაკლი ვაჩიბერაძეს ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდებისთვის