ავტორი:

აცრა კიბოს წინააღმდეგ? - ავსტრალია ბავშვთა სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიოში პირველ კლინიკურ კვლევას იწყებს

აცრა კიბოს წინააღმდეგ? - ავსტრალია ბავშვთა სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიოში პირველ კლინიკურ კვლევას იწყებს

ავსტრალიელი მეცნიერები მსოფლიოში პირველად, გამოცდიან კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებიც შემუშავებულია ტვინის სიმსივნეების მქონე ბავშვების სამკურნალოდ.

  • ეს იქნება მსოფლიოში პირველი კლინიკური კვლევა, სადაც ტვინის კიბოთი დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს პერსონალიზებული ვაქცინებით უმკურნალებენ.

კვლევა სახელად PaedNEO-VAX, 8 პედიატრიულ საავადმყოფოში: ქუინსლენდში, სამხრეთ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში ჩატარდება.

თითოეულ პაციენტს ვაქცინას სპეციფიკური გენეტიკური მარკერების გამოყენებით მოარგებენ.

ოთხწლიან კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის უფლება ექნება 70 პაციენტს, რომლებსაც ტვინის კიბო დაუდგინდათ და რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ეტაპზე, ყველაზე ოპტიმალური პროგნოზით, 24 თვეზე ნაკლებია.

"ეს არის ახალი, პერსონალიზებული მიდგომა ტვინის კიბოს განსაკუთრებით რთული ფორმების სამკურნალოდ. კვლევის პირველი ფაზა დაგვეხმარება უსაფრთხო და ეფექტიანი დოზის დადგენაში, ხოლო მეორე ფაზა შეაფასებს თერაპიის ეფექტიანობას. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ, ანელებს თუ არა ის კიბოს პროგრესირებას და აუმჯობესებს თუ არა პაციენტების ცხოვრების ხარისხს“, - თქვა პროფესორმა ჯორდან ჰანსფორდმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობს.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის ცნობით, ახალი პრეპარატი შეიქმნა mRNA COVID-19 ვაქცინის საფუძველზე.

"გენომის სეკვენირებისა და მონაცემთა სიღრმისეული ანალიზის გამოყენებით თითოეული ბავშვის სიმსივნეში უნიკალური სიმსივნური მარკერების იდენტიფიცირების შემდეგ, ჩვენ შევარჩევთ ვაქცინის სამიზნეებს. შემდეგ შემუშავდება ინდივიდუალური პრეპარატები“, - განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა, უნივერსიტეტის პროფესორმა ბრენდონ უეინრაიტმა.

წყარო

იხილეთ ასევე: