ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური "თაფლის ხაფანგი"? - ვისთვის მუშაობდა ჯეფრი ეპშტეინი და რა აღმოჩნდა ფაილებში პუტინთან მის კავშირზე

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური "თაფლის ხაფანგი"? - ვისთვის მუშაობდა ჯეფრი ეპშტეინი და რა აღმოჩნდა ფაილებში პუტინთან მის კავშირზე

ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებულ, ახლად გამოქვეყნებულ ფაილებში აღმოაჩინეს ათასობით შეტყობინება, რომლებიც მიუთითებს ვლადიმერ პუტინსა და ეპშტეინს შორის კავშირზე. ეს კი წარმოშობს ახალ თეორიას იმის შესახებ თუ ვისთვის მუშაობდა ის სინამდვილეში - ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

  • სტატიაში აღნიშნულია, რომ ელექტრონული წერილები, რომლებშიც ანონიმური წყაროები ეპშტეინსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრებს განიხილავენ, კითხვებს ბადებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ფინანსისტი რუსეთთან გოგონებით ვაჭრობდა,

მიზანი იყო, რომ გოგონების საშუალებით, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური "თაფლის ხაფანგი" მოეწყო - მდიდრებისა და გავლენიანი პირების "გამოსაჭერად" და მათზე ინფორმაციების შესაგროვებლად,

როგორც NYPost წერს, ბოლოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის 1000-ჯერ არის ნახსენები, ხოლო მოსკოვზე თითქმის 10 000 მინიშნებაა. დოკუმენტები ასევე მიუთითებს ეპშტეინის რუსეთში სავარაუდო დიდ გავლენაზე.

2011 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში ანონიმური პირი განიხილავს ეპშტეინის რუსეთში მოგზაურობის დროს პუტინთან შეხვედრის გეგმებს. 2013 წლის მაისში, ეპშტეინმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში დაწერა, რომ მას სურდა პუტინსა და რუსეთს "ფინანსური სისტემის შეცვლაში" დახმარებოდა.

  • იმავე თვეში, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეჰუდ ბარაკისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ეპშტეინი აღნიშნავს, რომ პუტინმა სცადა მასთან შეხვედრის დანიშვნა, რაზეც ჯეფრიმ უარი თქვა.

"პუტინმა მთხოვა, რომ სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური კონფერენციის პარალელურად შევხვდე, მე უარი ვუთხარი, რადგან თუ მას შეხვედრა სურს, ამისთვის რეალური დრო უნდა გამოყოს, რათა დაცული იყოს კონფიდენციალურობა", - წერს ეპშტეინი.

  • 2014 წლის ელფოსტა პუტინსა და ეპშტეინს შორის კიდევ ერთ შეხვედრაზე მიუთითებს.

კიდევ ერთ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პუტინისა და ეპშტეინის 2014 წელს დაგეგმილი შეხვედრა ავიარეის MH17-ის კატასტროფის შემდეგ გაუქმდა - მაშინ როცა უკრაინის ტავზე მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

2018 წელს დონალდ ტრამპის მაშინდელი ადმინისტრაციის უფროსს, სტივ ბენონს ჯეფრი ეპშტეინმა ელექტრონული შეტყობინებით აცნობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და იაგლანდს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.

ცოტა ხნის შემდეგ, ეპშტეინმა იაგლანდისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში დაწერა - "ლავროვს ჩემთან საუბრისას შეეძლო გარკვეული ინფორმაციის მიღება“.

იმავე საუბარში მან დაიკვეხნა, რომ რუსეთის ყოფილ ელჩს გაეროში, ვიტალი ჩურკინს, ტრამპის "გაგებაში“ დაეხმარა.

  • FBI-ის წყაროების ცნობით, ეპშტეინი მჭიდრო კავშირში იყო პუტინის ახალგაზრდული კლუბის ყოფილ ლიდერთან, მაშა დროკოვასთან.

დროკოვას კომპანიას, Day One Ventures-ს, სადაზვერვო სააგენტოები ადანაშაულებდნენ ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვაში. აშშ-ის უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, ეპშტეინს დიდი ხნის კავშირები ჰქონდა რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან და შესაძლოა, მას მაფიის ბოსები აშანტაჟებდნენ.

Mail on Sunday-ის ინფორმაციით, სადაზვერვო წყაროების მიხედვით, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში აკონტროლებდა მის კავშირებს რუსეთთან. Mail on Sunday-ის წყარო ამბობს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი "თაფლის ხაფანგის" ოპერაცია იყო.

წყარო

ნახეთ ასევე: