ავტორი:

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები იქნებიან ლუკა ბერულავა და ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი - BBC ფიგურული ციგურაობის ქართულ ინტრიგაზე წერს

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები იქნებიან ლუკა ბერულავა და ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი - BBC ფიგურული ციგურაობის ქართულ ინტრიგაზე წერს

სულ ცოტა დრო რჩება ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც იტალიაში (მილანი/კორტინა), 6-22 თებერვალს ჩატარდება.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო-სათხილამურო სპორტი იასპარეზებს 8 სპორტსმენი, რომელთაგანაც 6 ფიგურული მოციგურავეა.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, რომელიც ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ის აშშ-სია დაბადებული, არის აშშ-ის მოქალაქე. წლების განმავლობაში ასევე ფლობდა რუსეთის მოქალაქეობას და გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით. 2023 წლიდან კი საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობს.

"ჩემთვის განსაკუთრებულია საქართველოს სახელით სრიალი. კარიერის დასაწყისში სინამდვილეში უნდა წარმომედგინა საქართველო ერთეულ კატეგორიაში, მაგრამ მაშინ საბუთებთან დაკავშირებულმა საკითხმა შემიშალა ხელი.. ახლა კი, როდესაც ამის შესაძლებლობა ისევ მომეცა, ეს ძალიან მაბედნიერებს. მე ქართულ ოჯახში გავიზარდე - სახლში ქართული ენა მესმოდა, ვიცავდით ქართულ ტრადიციებს, ვამზადებდით ქართულ კერძებს. როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველებისგან მხარდაჭერის შეტყობინებებს ვიღებ, ეს ძალიან მახარებს. საქართველოსთან ამ კავშირს ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როცა კი ყინულზე გავდივარ", - ამბობს დიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, ლუკა ბერულავა ახლახან მეწყვილე ანასტასია მეტელკინასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა., ხოლო საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისმა, გლებ სმოლკინთან ერთად, ყინულზე ცეკვაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი მამაკაცების ერთეულთა თანრიგში გახდა ნიკა ეგაძეც. სწორედ მისი მწვრთნელია ეთერ თუთბერიძე. ოლიმპიადაზე ქალთა თანრიგში კი იასპარეზებს ანასტასია გუბანოვა.

სწორედ ფიგურულ ციგურაობაში მოასპარეზე სპორტსმენები შეადგენენ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ბირთვს და იმედსაც.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებითაც, საქართველოს გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი აქვს.

BBC მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე წერს სწორედ ფიგურულ ციგურაობის მნიშვნელოვან დეტალებზე და მათ შორის ახსენებს მოციგურავეთა გუნდს რომელიც საქართველოს სახელით გამოდის.

  • სტატიაში ვკითხულობთ:

"ფიგურული სრიალის შეჯიბრებებზე საუბარი თამაშების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ბოლო პერიოდში აშშ-ის ნაკრების წარმომადგენელმა ილია მალინინმა შესრულებული ელემენტების ტექნიკური სირთულის ზღვარი აქამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანა.

მას უკვე მსოფლიო ფენომენს და საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფიგურულ მოციგურავედ მოიხსენიებენ. მალინინი ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოთხმაგი აქსელი შეასრულა, და არც მალავს, რომ შემდეგ ნაბიჯად ხუთბრუნიან ნახტომს გეგმავს...

თამაშების გუნდურ ტურნირში კიდევ ერთი საინტერესო ინტრიგა ვითარდება. ისტორიაში პირველად გუნდური შეჯიბრების მედლებზე საქართველოს ნაკრებიც აცხადებს პრეტენზიას. ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგება ყოფილი რუსი ფიგურული მოციგურავეებისგან, რომლებმაც სპორტული მოქალაქეობა შეიცვალეს, ასევე იმ სპორტსმენებისგან, რომლებიც დღემდე აქტიურად ვარჯიშობენ რუსეთში".

მილანში პირველები ჩავიდნენ დევისი და სმოლკინი, რომლებიც ამჟამად ვარჯიშობენ კანადაში, მონრეალში, Ice Academy of Montreal-ში (IAM).

წყვილმა ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა მილანის ოლიმპიური ყინულიდან.

3 თებერვალს მილანის რეისის თვითმფრინავიდან ფოტო გამოაქვეყნა ლუკა ბერულავამ, რომელზეც ნიკა ეგაძესთან ერთად ჩანს.

გუნდური ასპარეზობები გაიმართება 6 ,7 და 8 თებერვალს

ინდივიდუალური გამოსვლები:

9 და 11 თებერვალს სპორტული ცეკვები

10 და 13 თებერვალს მამაკაცები

15 და 16 თებევრალს, სპორტული წყვილები

17 და 19 თებევრალს ქალები

21 თებევრალი - გალა (საჩვენებელი პროგრამა)

კორტინაში იასპარეზებენ ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მოთხილამურე წევრები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

  • წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს