საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .
"დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ბრალდებულებს თვეების განმავლობაში გამოძიება არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ მანქანებში დამონტაჟებული ჩამწერი აპარატებითაც უსმენდა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, ეჭვი ბრალდებულებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეამჩნიეს, რომ მათი ავტომობილების აკუმულატორები სწრაფად ჯდებოდა.
"მისი აკუმულატორი ჯდებოდა ძალიან ხშირად. ეს ნიშნავს, რომ მისი ავტომობილის დენის წყაროზე მიერთებული იყო სხვა დენის წყარო, რომელიც მოიხმარდა ავტომობილის დენის წყაროს. ერთი სიტყვით მანქანის ჩანაწერები არის, მაგრამ არ ვიცით, რა არის ჩანაწწერში. განჩინებაში არ იკვეთება და არ ჟღერდება ინფორმაცია, თუ რა ქმედება განახორციელა 223-ე პრიმა მუხლიდან გამომდინარე" - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი თამარ აბესაძე.
"ჯვარსკის" დედას დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გააცნეს. 65 წლის მანანა ლიპარტელიანს 10 წლიანი ციხე ემუქრება.
"ბრალი წაყენებული აქვს მხარდაჭერისთვის. როგორც ბრალის დადგენილებაშია ასახული, არსებობს კრებსები, სატელეფონო საუბრები და ა.შ. თუმცა ჯერ ამ მასალებზე წვდომა არ გვაქვს"- თქვა ადვოკატმა ლექსო არქანიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: