ავტორი:

"სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია" - მასკს ესპანეთში სოციალურ მედიაზე შეზღუდვების დაწესება არ მოსწონს: რას გეგმავს ქვეყნის პრემიერი?

"სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია" - მასკს ესპანეთში სოციალურ მედიაზე შეზღუდვების დაწესება არ მოსწონს: რას გეგმავს ქვეყნის პრემიერი?

ბინძური სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, - ასე ეხმაურება ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს.

"სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია“, - წერს მასკი X-ზე.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს ზომებს, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას. სანჩესმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბავშვებს "ციფრული ველური დასავლეთისგან“ და ტექნოლოგიურ კომპანიებს სიძულვილით სავსე და მავნე კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

მასკსა და სანჩესს შორის დაპირისპირება იანვრის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ილონ მასკს მოუწოდა, შეეწყვიტა ევროკავშირის საქმეებში "ჩარევა“. ეს კი მოჰყვა ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ სტატიას, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კატალონიის რეგიონში გაუპატიურების შემთხვევების უმეტესობა უცხოელების მიერ იყო ჩადენილი.

სანჩესმა მასკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით "ინსტიტუტებზე თავდასხმაში, სიძულვილის გავრცელებასა და ნაცისტების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.

"საერთაშორისო უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებსაც წლებია, ვუპირისპირდებით ესპანეთში, ამჯერად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის მეთაურობით ღიად უტევენ ჩვენს ინსტიტუტებს, აღვივებენ სიძულვილს და მხარს უჭერენ ნაციზმის მემკვიდრეებს გერმანიაში“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, მასკის ქმედებები აზიანებს დემოკრატიას ევროპაში.

"ისტორია თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ თავისუფლება არასდროს არის სამუდამოდ მოპოვებული“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ამის გარდა, მასკმა სანჩესი ამ ცოტა ხნის წინ, მიგრანტების ლეგალიზაციის პროგრამის გამოც გააკრიტიკა.

მილიარდერი ესპანეთის მთავრობის კრიტიკოსებს შეუერთდა და მალაიზიელი მემარჯვენე ბლოგერის, იან მაილზ ჩონგის ის პოსტი გააზიარა რომელშიც ეწერა "ესპანეთმა ახლახან 500 000 არალეგალი უცხოელი დააკანონა, რათა “ულტრამემარჯვენეები დაამარცხოს “ ლოგიკა მარტივია: დააკანონე ნახევარი მილიონი ადამიანი, დაჩქარებული წესით მიანიჭე მათ მოქალაქეობა (რასაც ბევრისთვის მხოლოდ ორი წელი სჭირდება) და ფაქტობრივად შემოიტანე ქვეყანაში, უზარმაზარი, მემარცხენე ძალებისადმი ერთგული და მადლიერი საარჩევნო ბლოკი".

სანჩესმა მასკს პასუხი X-ზე დაწერილი პოსტით დაუბრუნა "მარსს შეუძლია მოიცადოს. კაცობრიობას - არა", - დაწერა ესპანეთის პრემიერმა

იხილეთ ასევე: