ავტორი:

მუამარ კადაფის ვაჟი საკუთარ სახლში მოკლეს - რა არის ცნობილი უმცროსი კადაფის შესახებ და რას წერს მედია მკვლელობის დეტალებზე

მუამარ კადაფის ვაჟი საკუთარ სახლში მოკლეს - რა არის ცნობილი უმცროსი კადაფის შესახებ და რას წერს მედია მკვლელობის დეტალებზე

ლიბიაში მოკლეს მუამარ კადაფის 53 წლის ვაჟი სეიფ ალ-ისლამი. ამის შესახებ BBC-ი ადგილობრივ პოლიტიკოსთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.

  • გამოცემის ინფორმაციით, საიფ ალ-ისლამ კადაფი უცნობმა თავდამსხმელებმა საკუთარ სახლში მოკლეს.

ლიბიელი დიქტატორის ვაჟი 2011 წლამდე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, ხოლო 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში სცადა კენჭისყრა.

სეიფ ალ-ისლამი

პოლიტიკოსის გარემოცვა იუწყება, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი ოთხ უცნობ შეიარაღებულ პირთან "პირდაპირი დაპირისპირების“ დროს მოკლეს.

  • თავდამსხმელები ტრიპოლიდან 160 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზინტანში არსებულ სახლში შეიჭრნენ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

მოკლულის ახლობელმა ლიბიის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, თავდამსხმელმა ჯერ ვიდეო თვალთვალის კამერები გამორთეს, რის შემდეგაც საიფი მოკლეს.

ჯერ არ არის ცნობილი, ვინ შეიძლება იდგეს მკვლელობის უკან, ასევე უცნობია მკვლელობის მოტივი. ადვოკატის თქმით, დაახლოებით 10 დღის წინ, უმცროსმა კადაფიმ აღნიშნა, რომ “თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა.“

  • ვინ არის საიფ ალ-ისლამ კადაფი?

მუამარ კადაფის მეორე ვაჟი ლიბიელი დიქტატორის სიცოცხლეში ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა. დიდწილად ის ქმნიდა ლიბიის საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან და მგრძნობიარე დიპლომატიურ მისიებში შუამავლის როლს ასრულებდა.

  • საიფ ალ-ისლამს განათლება დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჰქონდა მიღებული და თავისუფლად ფლობდა ინგლისურ ენას.

2011 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანტისამთავრობო პროტესტების სასტიკ ჩახშობაში. მოგვიანებით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, 2011 წელს ჩაიდინა.

  • ციხე და სიკვდილით დასჯა

მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ტრიპოლი დაიკავეს, საიფ ალ-ისლამმა ნიგერში გაქცევა სცადა. მუამარ კადაფის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ის გზაში შეიპყრეს და ქალაქ ზინტანში დააპატიმრეს ციხეში 6 წელი გაატარა.

  • თითქმის მთელი დროის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა. მოგვიანებით, უმცროს კადაფის თანამგზავრული ტელევიზიის ყურების და წიგნების კითხვის უფლება მისცეს.

2015 წელს ტრიპოლის სასამართლომ საიფ ალ-ისლამი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და სიკვდილი მიუსაჯა. თუმცა, ორი წლის შემდეგ, ლიბიელი დიქტატორის შვილი ამნისტიის კანონით გაათავისუფლეს.

  • პოლიტიკაში დაბრუნება

2021 წელს საიფ ალ-ისლამ კადაფიმ მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერთან“ კავშირის ბრალდებით, ლიბიის პროკურორმა საიფ ალ-ისლამ კადაფის დაპატიმრების ორდერი გასცა, თუმცა როგორც ჩანს აღსრულება ვერ მოხერხდა.

წყარო