კითხვაზე, რა არის სიცოცხლე, ყველას სხვადასხვაგვარი პასუხი გვაქვს. ჩვენთვის მოცემულ სიცოცხლის შეუფასებელ წლებსაც ყველა ისე ვიყენებთ, როგორც ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია და ვჩქარობთ, ბევრი რამ მოვასწროთ. თუმცა არის ხალხი, რომელიც წამებში გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი სხვისი სიკეთისთვის გაიღოს. ამას გმირობა ეწოდება და მისი ჩადენა ყველას არ შეუძლია. სამაგიეროდ, ეს ადამიანები იქცევიან დანარჩენებისთვის იმის მაგალითად, რომ არის რაღაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტი და ეს სულ უნდა გახსოვდეს!
ისე კი იმაზე მეტი გმირი არსებობს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ისინი სიცოცხლეში უფრო მეტად სიჩუმეს ირჩევენ, ვიდრე ხმაურს. თავის წარმოჩენა არ უყვართ, კარგად იციან, რომ სამყაროს მხოლოდ ადამიანური ამბიციები არ მართავს. მეც სწორედ ამიტომ მგონია, რომ გმირის დაბადება არ უნდა გამოგვეპაროს. ამიტომ მორიგ გმირზე უნდა დავწერო, რომლის შესახებ, ალბათ, უფრო მის გვერდით მყოფებმა იციან.
გსმენიათ რაიმე ექიმ როსტომ შველიძეზე? ალბათ, ცოტას. მით უფრო ჩვენს ეპოქაში ექიმების დამსახურების აღნიშვნას მათივე კრიტიკას ვამჯობინებთ. ჰოდა, მინდა იცოდეთ, რომ დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში მუშაობდა. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ უნდა მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი, საოპერაციო მაგიდაზე ხომ ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა. 2022 წელს მომხდარი ამ შემთხვევის შესახებ მედიცინის მუშაკს ლამარა ნებიერიძეს ვესაუბრეთ.
- ახლახან გავიგე ექიმის შესახებ, რომელმაც ოპერაცია არ მიატოვა და რომ დაასრულა, იმავე წუთებში გარდაიცვალა. ნუთუ შესაძლებელია ადამიანმა იგრძნოს, რომ ცუდად არის და მაინც გააგრძელოს მუშაობა?
- ბევრს არ ეგონა, რომ ეს შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენმა დიდმა ადამიანმა და ექიმმა ეს დაგვიმტკიცა. ექიმიც არის და ექიმიც. ისინიც ხომ განსხვავდებიან იმით, რამდენად ღრმად იციან თავიანთი საქმე.
როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო. გააგრძელეთ კითხვა