ავტორი:

მხარი დაუჭირე საქართველოს საზღვრის მცველ პოეტსა და მასწავლებელს - ნიკო არდოტელს

მხარი დაუჭირე საქართველოს საზღვრის მცველ პოეტსა და მასწავლებელს - ნიკო არდოტელს

გადაიხადე რამდენიც გინდა და დაეხმარე ნიკო არდოტელსა და მის ოჯახს, რომელიც პირიქითა ხევსურეთში, ციხე-სოფელ არდოტში ცხოვრობს.

„პალიტრა L-ის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე წლებია, მკითხველთა ფართო წრეებს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს, ამჯერად მიმართულია ადამიანებისკენ, რომლებიც ურთულესი ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად, არ ტოვებენ მშობლიურ მთას.

პირიქითა ხევსურეთში მდებარე სოფელ არდოტს 1843 წელს 446 მოსახლე ჰყავდა, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კი თითქმის სრულად დაიცალა. დღეს, ისტორიულ მემკვიდრეობას - მრავალსაუკუნოვან კოშკებსა და ნასახლარებს ნიკო არდოტელი და მისი მეუღლე, მარინა დაიაური აცოცხლებენ.

პოეტი ნიკო არდოტელი 23 წელი სასაზღვრო ჯარში მსახურობდა და მუცოს სექტორში იცავდა საზღვარს. გასულ წელს პენსიაზე გავიდა, ახლა 63 წლისაა და მეუღლესთან ერთად სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით არის დაკავებული. მისი მეორე სახელი არის მურღვა, რომელიც ფშაველებს მისი წინაპრისთვის, შეუპოვარი მებრძოლი კაცისთვის შეურქმევიათ.

გვიამბობს სასაზღვრო ჯარიდან წამოსვლის შესახებ:

„შევატყვე, რომ თითქოს უკვე ზედმეტი ვიყავი, აღარ ვჭირდებოდი... ანუ აღარ მითხრეს წადიო და ვამჯობინე, მე თვითონ წამოვსულიყავი. აქ ხელფასზე კი არ არის ლაპარაკი, არის სულის სისპეტაკეზე. ისევ მესაზღვრე ვიქნები, ასე მიგულეთ ჩემებო, იმიტომ რომ რა ვიცი, რა მიწერია, მაგრამ ვიქნები“, - უამბო მან „მთის ამბებს“.

კარგად ახსოვს ის დღე, როცა მუცოს სექტორში მსახურობა დაიწყო. აქ გატარებულ 23 წელს, რომელიც ქვეყნის სამსახურს მიუძღვნა, სიამაყით იხსენებს:

„1999 წლის 27 სექტემბერს, გენერალ-ლეიტენანტ ბატონ ვალერი ჩხეიძეს 23 კაცი მივაღებინე ახსნა-განმარტებით, ჩეჩნეთ-რუსეთის ომი რომ იყო მეორედ, მაშინ და, რომ გამოვდიოდი, მითხრა, სულ სხვებზე რომ ფიქრობ, შენ არ გინდა, სასაზღვრო ჯარში დაიწყო სამსახურიო? მე ვუთხარი, თქვენ ხომ იცით, რომ თვალის პრობლემა მაქვს, 3 თვისას თაგვებმა მიწა ჩამომაშალეს თვალში, დედამ თქვა, ყანებს ვმკიდით და რომ შემოვედი, თვალები სულ მიწით სავსე გქონდაო. მას მერე დავრჩი ასე, ვერ მოიცალეს ჩემთვის... გაეცინა ბატონ ვალერის და მითხრა, მე ავღანეთში ვიყავი, იქ იმდენი ცალთვალა ხალხი ვნახეო და ხო კარგად იცი ნიკალაი - ასე მომმართავდა თბილად, თოფის სროლას ორი თვალი არ სჭირდებაო, წადი და სანამ შენ არდოტში გადახვალ, ბრძანება გადაგასწრებსო. მე გადმოვედი ხახაბოზე, მეორე დღეს ამოდიან ანატორიდან და მეუბნებიან, რომ სასაზღვრო ჯარში ხარ მიღებული. ამხელა რაღაც გააკეთა იმ ცხონებულმა და ამიტომ ყოველ თვის ხათრი და რიდი მაქვს იმ კარგი ვაჟკაცის.

რა თქმა უნდა, სასაზღვრო ჯარის იმედი მაქვს იმიტომ, რომ უნდა იდგნენ, მაგრამ ადგილობრივები ფაქტობრივად აღარ არიან... ახლა ძალიან პირდაპირ ვიტყვი, რომ მოკვდა ეს იმედიც, რომ ოჯახები შეიქმნება, ფუძე-კერას მოეკიდებიან და გაძლიერდება ეს მხარე. არ ვიცი, რატომ შეიცვალა ასე დამოკიდებულება ადგილობრივების მიმართ. დღესაც იგივე მესაზღვრე ვარ მე, ჩემს სულში რომ ჩაგახედათ, უკან ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ. ადრეც მითქვამს, რომ არასოდეს, იმიტომ რომ სამშობლოს თუ ვჭირდები, ეს სულიც და სხეულიც მისთვის მაქვს. აბა რისთვის ვარ გაჩენილი, რისთვის ვდგავარ, იმიტომ რომ სამშობლოს, ჩემს ერს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო“, - გვიამბობს ნიკო არდოტელი.

საუბრობს ხევსურეთში სასაზღვრო ჯარის მნიშვნელობაზეც:

„აქაური ხევსურები, ვინც სასაზღვროში მუშაობდა, ხევსურეთიდანაც წავიდნენ, უმეტესობა უცხოეთში წავიდა. მაგის არსებობამ ჩვენ გადაგვარჩინა, იმიტომ რომ მე ჩემს თავზე რომ ავიღო, შვილები მოვზარდე, ხელფასი ხომ მეხმარებოდა. მერე თან ბედნიერი ხარ, შენი ქვეყნის სადარაჯოზე რომ დგახარ, ჩახედავ სულს, რომ რა ვაკეთე ამ საბზეოში, ბედნიერი ხარ და როცა ასე ხარ მიტოვებული, აღარ სამსახური, არაფერი... რეფორმებია გასატარებელი, ცვლილებებია საჭირო. ადგილობრივები უნდა იყვნენ აუცილებლად, იმიტომ რომ აქაურმა ხალხმა იცის ყველა გზა, ყველა ბილიკი, ყველა მწვერვალი, ვინც ვართ, სულ ფეხით გვაქვს მოვლილი, ყველაფერი ვიცით და უცხო რომ მოვა, სხვა მხრიდან რომ შემოვა, იმან არ იცის. ან რომ გავიდეს ღამით, შეიძლება გადაიჩეხოს, ჯვარი სწერია ყველას“, - აღნიშნა ნიკო არდოტელმა.

არდოტში ცხოვრება გმირობის ტოლფასია, თუმცა ეს გმირობა ყოველდღიურ გაჭირვებაზე გადის. ნიკო და მარინა 50 სულ საქონელს უვლიან, რათა ბარში მყოფ შვილებს ლუკმაპური გაუგზავნონ. ყველაზე მეტად კი ყოფიერება ზამთარში მძიმდება, რადგან ოქტომბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე მოწყვეტილები არიან გარესამყაროს, მათთან ვერ მიდის ვერც სასწრაფო დახმარება და როგორც ნიკომ „მთის ამბებთან“ აღნიშნა, ცუდ ამინდში შვეულმფრენიც ვერ მოფრინდება.

ზამთრის მკაცრს პირობებსა და გარესამყაროსგან იზოლაციაში ყველაზე რთული ელემენტარული პირობების არქონაა. ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ნიკო არდოტელისა და მარინა დაიაურისთვის ოქტომბრიდან აპრილამდე ყოველდღიურობა უმძიმეს პირობებში ცხოვრებას ნიშნავს.

„მთაში ცხელი წყალი და ელემენტარული გაყვანილობა ფუფუნებაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია“, - ამბობს ნიკო.

იმისათვის, რომ ოჯახს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, რისთვისაც „პალიტრა L-მა“ 30 იანვრიდან ტირაჟის ამოწურვამდე სამი გამორჩეული წიგნი შემოგვთავაზა მკითხველისთვის სასურველ ფასად:

  • დეიმონ გალგუტი – „პირობა“;
  • თეონა დოლენჯაშვილი – „ექსპედიცია“;
  • მარიამ წიკლაური – „ჩვენი სახლი“.

წიგნები უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ერთ ადამიანზე 3 წიგნი გაიცემა.

  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას;
  • 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა სრულად გადაერიცხება ნიკო არდოტელს მზის პანელებისა და წყლის სისტემის მოსაწყობად.

ერთიანობით შევძლებთ, რომ მდგომარეობა შევუმსუბუქოთ ნიკო არდოტელს, რომელიც 23 წელი ერთგულად ემსახურა ქვეყანას, ახლა კი ოჯახთან ერთად არ ტოვებს მშობლიურ მხარეს - „არსად წამსვლელი არა ვარ... მხოლოდ ამ მთებმა იციან, რა მიხარია და რა მიჭირს“, - ამბობს ნიკო.

R