როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ორი უძველესი უნივერსიტეტი თსუ და სტუ გაერთიანდებიან, სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფაქტის წინაშე დააყენა ორივე უნივერსიტეტის აკადემიური წრეები ისევე, როგორც მათი რექტორები. არავისთვისაა ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ვინ, რის საფუძველზე, რა მოტივით და ვისთან შეთანხმებით მიიღო. განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ცვლილების მიზანია კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობისა და მათი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა. მისი თქმით, ყველაფერს იღონებენ, რომ "არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა“. სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ თავად წინა დღეს გაიგო. უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ამ რეზონანსული გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გუშინ უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამაც გააკეთა: "ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება“.
"როდესაც მთავრობა ასეთ რადიკალურ რეფორმას გეგმავს, მკაფიოდ და გასაგებად უნდა ითქვას, თუ რა არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტური პრობლემები, როგორ მოხდება მათი გადაჭრა, როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა...“, - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, ფიზიკოსი ალექსანდრე შენგელაია.
- თქვენი აზრით, რაზეა ორიენტირებული ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება, რომელიც "ოცნებამ“, როგორც გაირკვა, პროფესიულ წრეებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო?
- ჩვენც ეს კითხვები გვაქვს, მაგრამ პასუხები - არა, მხოლოდ ზოგადი განცხადებები ისმის. როდესაც მთავრობა ასეთ რადიკალურ რეფორმას გეგმავს, მკაფიოდ და გასაგებად უნდა ითქვას, თუ რა არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტური პრობლემები, როგორ მოხდება მათი გადაჭრა, როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა... ეს ყველაფერი განხილული და დაგეგმილი უნდა იყოს მანამ, ვიდრე დაიწყება რეფორმის განხორციელება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვინახავს და არც არაფერი მოგვისმენია, ზოგადი სიტყვების გარდა. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმები საჭიროა სისტემაში, მაგრამ არ ვიცით, ვინ, როგორ გააანალიზა, რა დაასკვნა, როგორ მიიღეს ეს დასკვნები, ის რასაც გვთავაზობენ, არის ის გზა, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს განათლების სისტემას? ბუნებრივია, აკადემიურ საზოგადოებას ეს გვაწუხებს, ყველას გვინდა უკეთესი განათლების სისტემა გვქონდეს, მაგრამ სრულიად არაგამჭვირვალე და ბუნდოვანია, როგორ აპირებენ ამის მიღწევას. არავის დაუსაბუთებია და აუხსნია, რატომ არის ამ ორი სრულიად განსხვავებული პროფილის და დანიშნულების უნივერსიტეტების გაერთიანება აუცილებელი. არ ყოფილა არავითარი კონსულტაციები, განხილვები აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან.
- ასე თვითნებურად ამ საკითხის გადაწყვეტა არის თუ არა კანონდარღვევა, როცა "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი“ ამკვიდრებს უნივერსიტეტის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარების სტრატეგია და სტრუქტურა. ამ იძულებით შერწყმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლიც, რის მიხედვითაც დაცულია ინსტიტუციური აკადემიური თავისუფლება და სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ხელი შეუწყოს განათლების და მეცნიერების განვითარებას...
- დიახ, უნივერსიტეტის ავტონომიის მუხლი დევს ჩვენს კონსტიტუციაში. აქ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილებაც. მე მაგ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში (ასევე, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში) და ვიცი, რა არის საერთაშორისო გამოცდილება. ვერცერთ ნორმალურ ქვეყანას ვერ იპოვით, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე არ არის - ანუ ცალკეა უნივერსიტეტი, როგორც ფუნდამენტური მეცნიერებების სასწავლებელი და ცალკე - ტექნიკური, რომელიც განათლებას აძლევს ინჟინრებს. ყველა თანამედროვე ქვეყანას სჭირდება მაღალკვალიფიციური ინჟინრები, მაღალტექნოლოგიური კადრები, რის გარეშეც ის ვერ განვითარდება - ეს არის საერთაშორისო გამოცდილება. ჩემი აზრით, რაც გასაკეთებელი იყო, ესაა ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოშორდეს არაპროფილური სპეციალობები - იურიდიული, სამედიცინო, ჰუმანიტარული და ა.შ. (ეს მათ კარგი ცხოვრების გამო არ გაუკეთებიათ, მაშინ გადარჩენაზე იყო საუბარი და რაღაც შემოსავალი რომ ჰქონოდათ, ამის გამო გაიხსნა ეს ფაკულტეტები). მთავრობა თუ ამბობს იმას, რომ მე ახლა დავაფინანსებ უნივერსიტეტებს და უზრუნველვყოფ მათ მაღალმატერიალურ ტექნიკურ დონეს, ამის შემდეგ ეს უნივერსიტეტები აღარ იქნებიან იძულებული, რომ არაპროფილური ფაკულტეტები ჰქონდეთ. დატოვონ ტექნიკური უნივერსიტეტი ტრადიციული დარგებით და მათ მაღალ დონეზე განვითარებას შეუწყონ ხელი.
- ამ უნივერსიტეტების გაერთიანება მოასწავებს თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას, რა მოჰყვება ამ პროცესს?
- რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეში გაუქმების ტოლფასია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ უნივერსიტეტში ვმუშაობთ, მე ჯავახიშვილის პროფესორი ვარ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ბედი მაწუხებს, ეს ჩვენს შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და მინდა, რომ ორივე უნივერსიტეტი ძლიერი იყოს და თავის ადგილას. ზოგადად, ასეთი უზარმაზარი უნივერსიტეტების შეერთება ძალიან რთული პროცესია. როცა ასეთი დიდი უნივერსიტეტების გაერთიანება ხდება (თუმცა ასეთი სხვადასხვა პროფილის სასწავლებლების გაერთიანება არ მახსენდება), აქ არის პროგრამები, პერსონალი, გიგანტური სამუშაო და იმისათვის, რომ ყველაფერი დალაგდეს, ამისთვის მინიმუმ 5-7 წელია საჭირო. ამას აჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება, ამიტომ ჩემი აზრით, არ არის ამის გაკეთება აუცილებელი, უბრალოდ, მთავრობამ უმჯობესია ხელი შეუწყოს ორივე უნივერსიტეტს, გამოყოს შესაბამისი დაფინანსება, დაუსახოს სტანდარტები და მოითხოვოს მათი დაკმაყოფილება. როცა უნივერსიტეტების დაფინანსების გაზრდაზე არავინ საუბრობს, ასეთი მექანიკური გაერთიანება არაფრის მომტანია, უფრო დააზიანებს ჩვენი განათლების სისტემას და ამ შედეგების გამოსწორებას შემდგომში შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.
- აკადემიურ საზოგადოებაში უნივერსიტეტების გაერთიანების მიზეზების რა ვერსიები განიხილება?
- არ ვიცით, ამ კონცეფციის რეფორმის ავტორები მიზეზს არ გვეუბნებიან. მათი თქმით, მიზანია გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი, რაც ზოგადი სიტყვებია და რომლის უკან შინაარსს ვერ ვხედავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დეტალური განხილვებისთვის. რექტორთან სხდომაზე მეც გახლდით და ვერაფერი გავიგეთ. როგორც აღმოჩნდა, არცერთი რექტორი არ არის საქმის კურსში, ამბობენ, რომ არ იციან, რა იგეგმება, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, ამიტომ რექტორმა ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხა. გადავწყვიტეთ უახლოეს დღეებში შევხვდეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, იქნებ მათგან მივიღოთ რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. პრობლემა აქ იმაშია, რომ ზოგადად, ჯერ იმართება შეხვედრები და კონსულტაციები, შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოაცხადეს, ფაქტის წინაშე დაგვაყენეს და აწი ამ კონსულტაციებს რამდენად აქვს აზრი, ისიც არ ვიცით, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაინც გვინდა, მაქსიმალურად ყველაფერი მოვსინჯოთ, რათა შეუქცევადი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს უნივერსიტეტებს.
- ამ იდეას თუ ჰყავს მიმდევრები, რა განწყობაა აკადემიურ წრეებში?
- უნივერსიტეტში არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ამის მომხრე და მომწონებელი იყოს. მაგ. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა პროფესურის გამოკითხვა და 62 პროფესორიდან 62-ივემ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, არაა თანახმა ამ ცვლილების, მგონია, სხვა ფაკულტეტებზეც დაახლოებით ასეთი სურათი იქნება. არ ვიცი, გაითვალისწინებენ თუ არა ამას, მაგრამ წესით, უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. თუ არ გაითვალისწინებენ და ასეთი ძალადობრივი მეთოდით გადაწყვეტენ რეფორმის გატარებას, ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ ასეთი პროცესი 2006 წელს უკვე გავიარეთ, როცა უნივერსიტეტში ასევე რეფორმა გატარდა (მოხდა უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, შემცირება, პროფესურის სამსახურიდან გაშვება და ა.შ.), რომელიც არ იყო შეთანხმებული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან, მერე ცოტა დალაგდა სიტუაცია და ახლა ისევ აირია. რეფორმის გატარება ასე აკადემიური პერსონალის გაუთვალისწინებლად, ძალიან ცუდი იქნება.
ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ იდეას, ისინიც პასუხს ითხოვენ თავიანთი რექტორისგან, რომელიც ამბობს, რომ მანაც ერთი დღით ადრე გაიგო გაერთიანების შესახებ. ასეთ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ...
წესით, აზრთა გაცვლა-გამოცვლას, გამოცდილების გაზიარებას, რჩევებს უნდა ემყარებოდეს მსგავსი გადაწყვეტილება. უცნობია, საერთოდ ვინ წყვეტს ამ ყველაფერს, არიან თუ არა ამ დარგების სპეციალისტები, ექსპერტები, რომ უბრალოდ ვიცოდეთ, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილებები, რომ ამ ადამიანებს დაველაპარაკოთ და ამ ყველაფრის უფრო ღრმა შინაარსი გავიგოთ. ნებისმიერი ასეთი დაუგეგმავი და გაუაზრებელი, სპეციალისტებთან შეუთანხმებელი პროცესი არის საშიში, გამოუსწორებელ შედეგს მოიტანს, ამიტომ არაპროგნოზირებადია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ რეფორმას.
თუ დაგველაპარაკებიან, მოგვისმენენ და ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ვართ პროფესორები და ჩვენი იარაღია სიტყვა, სხვა იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნია, შესაბამისად, ჩვენს სიტყვას გამოვიყენებთ. განათლების მინისტრმა განაცხადა, შტატები არ შემცირდებაო, მაგრამ ლოგიკურად, ასე არ გამოდის, ამას აუცილებლად მოჰყვება შტატების შემცირება. თუ არაფერი არ იცვლება - არც სტუდენტების და არც პედაგოგების რიცხვი არ მცირდება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, მაშინ ეს შეერთება რაღა საჭიროა? პერსონალის და სტუდენტების რაოდენობა თუ არ შემცირდა, მაშინ შენობებიც საჭიროა, ხომ? რაღაც არ მოდის ესენი შესაბამისობაში.