ავტორი:

"გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან" - ირაკლი კობახიძე ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე

"გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან" - ირაკლი კობახიძე ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე

ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება აშშ-ის საპასუხო რეაქციას.

"ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ველოდებით მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.