ავსტრალიაში საზოგადოება ოთხმაგმა მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტებმა შეძრა. გარდაცვლილები დედ-მამა და მათი ორი აუტისტი ვაჟი აღმოჩნდნენ. 50 წლის ჯაროდ კლუნის, 49 წლის მაივენა გოაზდუეს და მათი მოზარდი შვილების,16 წლის ლეონისა და 14 წლის ოტისის ცხედრები გარეუბანში, მოსმან პარკში მდებარე სახლში იპოვეს.


ორივე ბიჭს მძიმე, არავერბალური აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ოჯახის ოთხივე წევრი, ასევე ორი ძაღლი და ერთი კატა გარდაცვლილი იპოვა.
პოლიციის განცხადებით, სიკვდილი ძალადობრივ ხასიათს არ ატარებდა და იარაღი გამოყენებული არ ყოფილა.ცხედრები სახლის სხვადასხვა ნაწილში იყო ნაპოვნი.


შაბათს მეორე წერილი გავრცელდა , რომელმაც პოლიციას საშუალება მისცა დაესკვნა, რომ საქმე ორმაგ მკვლელობა-თვითმკვლელობას ეხებოდა. როგორც იუწყებიან, წერილში ნაჩვენები იყო , რომ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ სიცოცხლე ერთად თვითმკვლელობით დაესრულებინათ, აქვე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იყო აღწერილი.
პოლიციის ინსპექტორის ჯესიკა სეკურომოს თქმით, "მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში არ ყოფილა, ბიჭებს მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდათ, რასაც ოჯახის ფინანსური პრობლემებიც დაერთო".
"როდესაც ნაცნობი ადამიანების დახასიათებით "მოსიყვარულე და თავდადებულმა" წყვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების მხარდასაჭერად სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, ყოველივე ამან კი ტრაგიკული და დამანგრეველი შედეგები მოიტანა" - ამბობს ინსპექტორი.