ავტორი:

"ყველაზე მეტად პაპაა ბედნიერი, მის სანატრელ სამშობლოში რომ ვარ, თან ახლა ნაკრებშიც ვთამაშობ" - ფერეიდნელი ალის გზა: საქართველოს დიდი სიყვარული და დარდი ირანზე

"ყველაზე მეტად პაპაა ბედნიერი, მის სანატრელ სამშობლოში რომ ვარ, თან ახლა ნაკრებშიც ვთამაშობ" - ფერეიდნელი ალის გზა: საქართველოს დიდი სიყვარული და დარდი ირანზე

ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) ნაკრების მეკარე, ფერეიდნელი ქართველი ალი ასლანი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ გმირად იქცა. მან თავი განსაკუთრებით ხორვატიასთან მეორე ტურში გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

"ძალიან რთული მატჩები გვქონდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ტოპ დონეზე მეთამაშა, თან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით. რვა წელია საქართველოში ვარ და დიდი ხნის წინაც მინდოდა, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი, თუმცა ადრე საბუთები ვერ გავაკეთე, არ მქონდა მოქალაქეობა. ახლა, ევროპის ჩემპიონატის წინ ყველაფერი მოესწრო და სასიამოვნო იყო, რომ ნაკრებს ვეხმარებოდი. ფერეიდნელი ქართველი ვარ, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი ისტორიული სამშობლო“, - ამბობს ორგზის ჩემპიონი.

ალი მომავალი ექიმია - სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს, მანამდე, თეირანის უნივერსიტეტში უცხო ენების სპეციალობაზე ისწავლა და მთარგმნელის პროფესიას დაეუფლა. "რა ოცნებაც მქონდა, ავისრულე - საქართველოს მოქალაქეობა მინდოდა - მივიღე, საქართველოს ნაკრებში მინდოდა მეთამაშა და ვითამაშე. ახლა მინდა ნაკრებში გავაგრძელო მაღალი დონის თამაში, რათა გულშემატკივარი გავახარო“, - გვიყვება ის.

  • "ყველაზე მეტად პაპაა ბედნიერი, მის სანატრელ სამშობლოში რომ ვარ“

ალი ასლანი (ასლანიშვილი):

- ფერეიდნელი ქართველი ვარ, მაგრამ თეირანში დავიბადე. პაპა (მამის მამა) დაიბადა და გაიზარდა ფერეიდანში, მერე წავიდა თეირანში და იქ დარჩა, რადგან უკეთესი პირობები იყო. პაპა ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ. ახლა 27 წლის ვარ, 1998 წლის 27 სექტემბერს დავიბადე. მამა ადვოკატია, დედა კი დიასახლისი (დედა ირანელია). ორი ძმა მყავს, მე შუათანა ვარ. ქართული სამივემ პაპისგან ვისწავლეთ, თავიდან დათვლით დავიწყეთ - ერთი, ორი, სამი... მერე პაპამ სიტყვები მასწავლა, თან საქართველოს ისტორიას მიყვებოდა, გვიხსნიდა, რატომ ვართ ქართველები, როცა ირანში ვცხოვრობთ. მერე მითხრა, რომ 400 წლის წინ ქართველები შაჰ-აბასმა იძულებით გადაგვასახლა ფერეიდანში. მერე გავიგე ტერიტორიულად სად მდებარეობდა ჩემი ძირძველი სამშობლო. ჩვენი ქართული გვარი ასლანიშვილია. ჩვენ ვიცით იქაური ენა, ფერეიდნული კილო სხვაა, იქ მაინც ძველქართულად ლაპარაკობენ. რადგან სიტყვები ვიცი, უფრო გამიადვილდა აქაური ენაც, იოლად ვისწავლე.

8 წელია აქ ვარ და ეს დამეხმარა ქართულის უკეთ შესწავლაში. საქართველოში როცა ხარ, უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე ფერეიდანში, ხალხთან კომუნიკაცია გეხმარება. პაპამ ძალიან კარგად იცის ქართული, სამივე ძმას გვასწავლა, მამამაც იცის, მაგრამ პაპას დონეზე - არა. მამა მაინც თეირანშია დაბადებული და... პაპას ძალიან უნდა საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ვერ მოხერხდა, მისთვის ფერეიდანიც საქართველოა, სულ ამბობს, ფერეიდანი საუკეთესო ადგილია, იქ ჩემს ქართველებთან ერთად ვარო. ფერეიდანში არაფერია, როგორ გითხრათ, არ არის განვითარებული პროვინცია, მაგრამ მისთვის უძვირფასესი ადგილია. ჩვენ იქ სახლი გვაქვს, ჩავდივართ ხოლმე, პაპა საფტარი უფრო ხშირად იქითაა, თეირანში როცაა, სულ ფერეიდანზე ლაპარაკობს, წავა და დიდხანს რჩება, მერე ვეხვეწებით ხოლმე, ჩამოდი, ჩვენც გვინდა შენი ნახვა, მოგვენატრე-მეთქი. ბებია დედით ქართველია, მამით - ირანელი, პაპა კი სუფთა ქართველია.

ალის პაპა საფტარი

ყველაზე მეტად პაპაა ბედნიერი, მის სანატრელ სამშობლოში რომ ვარ, თან ახლა ნაკრებშიც ვთამაშობ, ამით ძალიან გახარებულია.

  • "მამას ბოდიში მოვუხადე და აქტიურად დავიწყე სპორტი“

მამასთან ერთად

- ბავშვობიდან ძალიან აქტიური ბიჭი ვიყავი, სპორტზე დავდიოდი. მამას უნდოდა რომ მეც მასავით ადვოკატი გამოვსულიყავი, სულ მეუბნებოდა, კარგად ისწავლე და სპორტი თუ გინდა, წადი და კვირაში 2 დღე ივარჯიშეო. ის უპირატესობას განათლებას ანიჭებდა, მე კი მაინც სპორტისკენ ვიხრებოდი, ოცნებად მქონდა უმაღლეს ლიგაში მოხვედრა. მერე მამას ბოდიში მოვუხადე და აქტიურად დავიწყე ფუტსალი. თავდაპირველად ჭიდაობაზე დავდიოდი, ირანში ეს პირველი სპორტია, ძალიან უყვართ. გავხდი თეირანის ორგზის მესამეადგილოსანი - ერთხელ თავისუფალ ჭიდაობაში და მეორედ - ბერძნულ-რომაულში. გარკვეული დროის შემდეგ, 15 წლიდან დავიწყე ფუტსალი.

  • "მინდოდა ჩემი ისტორიული გვარი დამებრუნებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე“

- სულ მინდოდა, საქართველოში მეთამაშა... მითხრეს, რომ იყო სინჯები და 8 წლის წინ ჩამოვედი, იმედი მქონდა, გუნდში მოვხვდებოდი. აქ რომ ჩამოვედი, ერთი ამხანაგური თამაში გვქონდა და 7:1 წავაგეთ, ამ თამაშზე 50 სეივი მქონდა, პლუს ერთი პენალტიც ავიღე. მერე მითხრეს, შეგიძლია დარჩე და გუნდში ითამაშოო. ეს იყო 2018 წელს. მაშინ ჩვენს გუნდს "აგორა“ ერქვა, ახლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში ვარ, უმაღლეს ლიგაში. მინდოდა ნაკრებში თამაში, მაგრამ ფერეიდნელებისთვის არ იყო ადგილი, ვინაიდან საჭიროა საბუთები, მოქალაქეობა. ჩვენ ხანდახან ბინადრობის მოწმობაზეც პრობლემა გვაქვს და პასპორტი, მით უმეტეს, არ მომცეს, 2021 წელს იუსტიციაში უარი მითხრეს. დაახლოებით 20 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეობა მივიღე და ნაკრებშიც ვითამაშე, ბედნიერი ვარ...

ძმებთან ერთად

კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობ, სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, პირველკურსელი ვარ. ირანის უნივერსიტეტში უცხო ენის ფაკულტეტზე (ინგლისური) ვსწავლობდი, მთარგმნელის სპეციალობაზე. აქ რომ ჩამოვედი, მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ კოვიდის პანდემიამ შემიშალა ხელი, დავბრუნდი ირანში, 2 წელი იქ ვიყავი, მერე ისევ ჩამოვედი. აქ მინდა დარჩენა, ძალიან მომწონს საქართველო. თან ახლა თამაშები გვაქვს (კვირაში 1-2 თამაში) და ვერ ვახერხებ თეირანში ჩასვლას. ერთადერთი, როცა დრო მაქვს, ოჯახის სანახავად მივდივარ, მენატრება ჩემები... ისინიც ჩამოდიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ხნით, სამსახურები იქით აქვთ. თბილისში უკვე საკუთარი ბინა მაქვს. მინდოდა ჩემი ისტორიული გვარი დამებრუნებინა - ასლანიშვილი, მაგრამ ვერ მოვახერხე. პასპორტი როცა გამიკეთეს, ვიკითხე, ამას თუ შევძლებდი, მითხრეს, რომ 2 პასპორტი გაქვს, ირანულში გვარს ვერ შეცვლი (იქ არ შეგიცვლიან) და ორი გვარი თუ გექნა, პრობლემები შეგექმნებაო.

დედასთან ერთად

  • "ბედნიერი ვარ, ნაკრებში რომ გამომიძახეს“

- თამაშზე ხორვატიასთან 33 სეივი მქონდა, მატჩის დასრულებამდე წუთნახევარი იყო დარჩენილი და პენალტიც ავიღე. ბოლოს საფრანგეთთან გვქონდა თამაში და 3:1 წავაგეთ. შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა...

ჩვენი გუნდი ჩემთვის მეორე ოჯახია, ბიჭები კი ოჯახის წევრები. ძალიან კარგი სიტუაციაა და გუნდში ძალზე კომფორტულად ვარ, ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვართ. ფუტსალი გუნდური სპორტია, მე მარტო ვერაფერს შევძლებდი. მადლობა მწვრთნელს, რომ ნაკრებში გამომიძახა და მათამაშა. ჩემი მწვრთნელი ლევან კობაიძეა, დამხმარე კი შოთა ჭანუყვაძე, ორივენი ძალიან მაგარი ადამიანები არიან, ძალიან მიყვარს ეს ორი კაცი.

  • "ირანში ხალხს ძალიან უჭირს“...

- ირანში ახლა ძალიან ცუდი სიტუაციაა, საუბედუროდ, აქციებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება ომი დაიწყოს. ამერიკა სამზადისშია... ამასობაში ხალხი იჭყლიტება, ის დაზარალდება, დიდი კაცებისთვის პრობლემა არ იქნება. ირანში ეკონომიკა გაუბედურდა, დოლარის ფასი ავარდა, ხალხს ძალიან უჭირს. დავუშვათ, ირანელების ხელფასი ირანული ფულით თუ შარშან 20 მილიონი რიალი (800 დოლარი თვეში) იყო, ახლა იმავე რაოდენობას აძლევენ და 400 დოლარის ექვივალენტია. ძალიან ცუდ პირობებშია ხალხი და იმედია, მდგომარეობა გამოსწორდება. ახლა ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ 15 დღის წინ, საშინელება იყო. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, ყველგან პოლიციაა, ისვრიან, ხალხი იხოცება და აუტანელია სიტუაციაო. ძალიან განვიცდი მათ მდგომარეობას...

  • "აქ როცა ჩამოვედი, მაინტერესებდა, აქაურებმა თუ იცოდნენ ფერეიდანზე და ჩვენს შესახებ... ან ხომ არ დავავიწყდით..."

- საქართველო ჩემთვის ყველაფერია, ძალიან მიყვარს. როცა ჩამოვედი, მაშინვე ქალაქში 2-3 კაცი ვნახე, პაპაჩემს ძალიან რომ ჰგავდა. ირანში ასეთი გარეგნობა არაა ხშირი, იქ თვალის ფერი უმეტესად შავია, პაპას თეთრი კანი აქვს და თვალის ფერი რაღაცნაირად ეცვლება - ხან მწვანე აქვს, ხან - ცისფერი. მეც არ ვარ შავი, მაგრამ პაპას მაინც ვერ შევედრები, ის მთლად თეთრია და ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ნამდვილი ქართველია... აქ როცა ჩამოვედი, მაინტერესებდა, აქაურებმა თუ იცოდნენ ფერეიდანი, თუ იცოდნენ ჩვენს შესახებ, ჩვენი ისტორია, რომ ჩვენც ქართველები ვართ, ხომ არ დავავიწყდით... მერე ვნახე, რომ ხალხის 99%-მა იცის რა არის და სად არის ფერეიდანი, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ, იციან, ირანის რომელმა მეფემ გადაასახლა ისინი იძულებით და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, ძალიან მაგარი და ემოციური იყო. დანარჩენი ქართველებისგან დიდ თანაგრძნობას და სიყვარულს ვგრძნობ. ახლაც, ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი კომენტარი დამიწერეს სოცქსელებში - "ინსტაგრამზე“, "ფეისბუქში“, მეფერებოდნენ, მაქებდნენ, ამით ძალიან ბედნიერი და ყველასი მადლობელი ვარ. მართალია, ყველას ვერ ვუპასუხე, მაგრამ ლაივში სადაც ვიყავი, ადამიანებს ყველგან მადლობა გადავუხადე, რაც შეიძლებოდა, ვუპასუხე, მაგრამ იმდენი კომენტარი იყო, იმდენი სიყვარული, ვერ მოვახერხე სათანადო პასუხის გაცემა და თქვენი საშუალებითაც მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.

  • "ახლა მინდა ნაკრებში გავაგრძელო მაღალი დონის თამაში“

- ძალიან მინდა ასე გავაგრძელო, მინდა ისევ ვითამაშო ნაკრებში და მომავალშიც მისი წევრი ვიყო. ფუტსალში სამჯერ საქართველოს საუკეთესო მეკარე, ახლა - ხორვატიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გავხდი. შარშან ჩემპიონი გავხდი და 2019 წელს მოვიგე საქართველოს ფუტსალის თასი.

შეიძლება ითქვას, ოცნებებში ვცხოვრობ, რა ოცნებაც მქონდა, ავისრულე - საქართველოს მოქალაქეობა მინდოდა - მივიღე, საქართველოს ნაკრებში მინდოდა მეთამაშა და ვითამაშე. ახლა მინდა ნაკრებში გავაგრძელო მაღალი დონის თამაში, რათა გულშემატკივარი გავახარო, ასევე, თუ გამოვა, დავდგე კარგი სტომატოლოგი. დედას სურვილი იყო, ექიმი გამოვსულიყავი, მამას ჩემი ადვოკატობა უნდოდა, ეტყობა, საბოლოოდ დედამ გაიმარჯვა (იცინის).

  • "მისი სახელი ირანულად მთვარის მსგავსს ნიშნავს, ქართულად - მთვარისას“

- ჩემი მეუღლე - მაჰსა ონიკაშვილიც ფერეიდნელი ქართველია. მისი სახელი ირანულად მთვარის მსგავსს ნიშნავს, საქართველოშიც ხომ გვაქვს ასეთი სახელი - მთვარისა. მაოსამ ქართული კი იცის, მაგრამ მე უფრო კარგად. ინგლისურისა და ფრანგული ენის მასწავლებელია, ორი დიპლომი აქვს აღებული ირანში. მაჰსა ახლა მესამე პროფესიას ეუფლება და ისიც სტომატოლოგიურზე სწავლობს ჩვენთან, კავკასიის უნივერსიტეტში. ისე, მეუღლე უფრო კარგი სტუდენტია, ვიდრე მე, ჩემს შემთხვევაში სპორტს მიაქვს დიდი დრო, ხანდახან ვერ მივდივარ უნივერსიტეტში და მერე მეჩხუბებიან ჩემი პროფესორები. მინდა როგორც გულშემატკივრების, ასევე, მათი იმედებიც გავამართლო...