ავტორი:

ზეადამიანებისა და კლონების შექმნის მცდელობები... ეპშტეინი “ახალი რასის“ გამოყვანას ცდილობდა? - კიდევ ერთი სკანდალური მიმოწერა

ზეადამიანებისა და კლონების შექმნის მცდელობები... ეპშტეინი “ახალი რასის“ გამოყვანას ცდილობდა? - კიდევ ერთი სკანდალური მიმოწერა

ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ჯეფრი ეპშტეინი ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ბიტკოინის დეველოპერთან “შეკვეთით გამოყვანილი ბავშვის და შესაძლოა ადამიანის კლონის“ შექმნის გეგმაზე.

პარასკევს, იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების ახალი პარტია, მათ შორის არის ეპშტეინსა და ბრაიან ბიშოპს შორის მიმოწერა. ბიშოპი 2018 წელს ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდა პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა შთამომავლობის გენეტიკურად გაუმჯობესებას და, საბოლოო ჯამში, ადამიანების რეპროდუქციას.

ბიტკოინის დეველოპერი ბრაიან ბიშოპი

იმავე წლის 21 ივლისით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში ნათქვამი იყო შემდეგი:

"ბიშოპმა ეპშტეინს გაუგზავნა პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო პროექტი და მისი სამეცნიერო მიზნები.

ეპშტეინმა უპასუხა: "ინვესტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. ჩემი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ლიდერად აღმიქვამენ?“

  • “ამ საუბარში ჩანს, რომ ეპშტეინი თანახმაა ფარულად დააფინანსოს პროექტი და ამავდროულად თავი აარიდოს საჯარო კომუნიკაციას - ეს ტენდენცია მათ მიმოწერაში მეორდება", - წერს dailymail.

5 აგვისტოს, ბიშოპმა მილიარდერს დაფინანსების დეტალური აღწერილობა გაუგზავნა.

"თანდართულ დოკუმენტში ჩამოთვლილია 5 წლის განმავლობაში გათვლილი ხარჯები, წლიურად, დაახლოებით, 1.7 მილიონი დოლარი პლუს 1 მილიონი დოლარი ლაბორატორიის მოწყობისთვის“, - წერს ბიშოპში და ჯამურად 9.5 მილიონ დოლარს ითხოვს.

ცალკე ელფოსტაში ბიშოპმა განაცხადა, რომ ჯგუფი უკრაინის ლაბორატორიაში "დამატებით აგრძელებდა თაგვებზე ექსპერიმენტების ჩატარებას“, მათ შორის ოპერაციებისა და მიკროინექციების ჩათვლით.

"მომწონს ემბრიონის იმპლანტაცია, მოიცადეთ 9 თვე. შესანიშნავი დასასრულია“, - პასუხობს მას ეპშტეინი.

  • თუმცა ბიშოპი Daily Mail-თან ეპშტეინთან რაიმე სახის საქმიან გარიგებას უარყოფს.

"ჩვენ არასდროს მიგვიღია დაფინანსება ეპშტეინისგან და ამით ვამაყობ“, - განაცხადა მან გამოცემასთან.

მედიის ინფორმაციით, იმ დროს ბიშოპი ტრანსჰუმანისტად მოიხსენიებოდა, ანუ ადამიანის ბიოლოგიური შეზღუდვების დასაძლევად ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობდა.

ყოფილ ბიოტექნოლოგიურ მეცნიერთან თანამშრომლობით, ბიშოპი ცდილობდა გამოეყენებინა ექსპერიმენტული გენეტიკური ტექნიკა და მოეხდინა ადამიანის რეპროდუქციული უჯრედების მოდიფიკაცია, რათა შთამომავლობას მემკვიდრეობით მიეღო ისეთი თვისებები, როგორიცაა კუნთების გაძლიერებული ზრდა, დაავადებებისადმი გაზრდილი წინააღმდეგობა და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გენები.

სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის ცდილობდა დაფინანსების მოპოვებას. თუმცა, 2018 წელს ეპშტეინს აცნობა, რომ მისი გუნდი უფრო რადიკალური მიდგომისკენ მიიწევდა.

"ჩემი გუნდი მუშაობს ახალ ტექნიკაზე - ეს არის ემბრიონის რედაქტირების მეთოდი, რომელიც უფრო კლონირებას ჰგავს", - წერდა ბიშოპი 2018 წლის 26 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტში

2018 წლის 17 ოქტომბერს გაგზავნილ ელექტრონულ წერილში ბიშოპმა ეპშტეინისთვის ბიზნეს სტრატეგიის ელემენტები განსაზღვრა.

"ჩვენ შეგვიძლია კვლევა-განვითარების ჩატარება აშშ-ში, მაგრამ ყურადღებით უნდა შევაფასო სამედიცინო ტურიზმი და სხვა ვარიანტები“, - წერს ის.

ელექტრონული ფოსტის თანახმად, ეპშტეინი და ბიშოპი რამდენჯერმე შეხვდნენ პროექტის განსახილველად.

ეპშტეინი 2008 წელს დააკავეს ფლორიდაში. მან თავი დამნაშავედ ცნო და დაახლოებით 13 თვე გაატარა საოლქო ციხეში, სამსახურებრივი საქმიანობისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობით.

ხელისუფლების ცნობით, ეპშტეინს ქალები, არასრულწლოვნები და მცირეწლოვნები, მის კერძო კუნძულზე ვერტმფრენით, ნავებით გადაჰყავდა და მათზე ძალადობდა.

  • 2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა.

ახლახან კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მილიონობით ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა - სულ 3 მილიონი გვერდი, 180 ათასი ფოტო და 2 ათასი ვიდეო გასაჯაროვდა. დოკუმენტები მოიცავს ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის დეტალებს, მის ფსიქოლოგიურ შეფასებას, პატიმრობაში გარდაცვალების გარემოებების აღწერას, ასევე მასალებს გილეინ მაქსველის - ეპშტეინის თანამზრახველის საქმიდან. დოკუმენტები ასევე ასახავს ფინანსისტის მჭიდრო კავშირებს ბრიტანეთის ელიტასთან.

წყარო

იხილეთ ასევე: