ავტორი:

"ამ ყველაფრის გიზიარებთ არა იმიტომ, რომ შემიცოდოთ..." - მას ეუბნებოდნენ, რომ ამ დიაგნოზით ვერაფერს მიაღწევდა, დღეს ის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეა: ვინ არის დიანა დევისი?

"ამ ყველაფრის გიზიარებთ არა იმიტომ, რომ შემიცოდოთ..." - მას ეუბნებოდნენ, რომ ამ დიაგნოზით ვერაფერს მიაღწევდა, დღეს ის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეა: ვინ არის დიანა დევისი?

სულ ცოტა დრო რჩება ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც იტალიაში (მილანი/კორტინა), 6-22 თებერვალს ჩატარდება.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო-სათხილამურო სპორტი იასპარეზებს 8 სპორტსმენი, რომელთაგანაც 6 ფიგურული მოციგურავეა.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, რომელიც ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ის აშშ-შია დაბადებული, არის აშშ-ის მოქალაქე. წლების განმავლობაში ასევე ფლობდა რუსეთის მოქალაქეობას და გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით. 2023 წლიდან კი საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობს.

"ჩემთვის განსაკუთრებულია საქართველოს სახელით სრიალი. კარიერის დასაწყისში სინამდვილეში უნდა წარმომედგინა საქართველო ერთეულ კატეგორიაში, მაგრამ მაშინ საბუთებთან დაკავშირებულმა საკითხმა შემიშალა ხელი.. ახლა კი, როდესაც ამის შესაძლებლობა ისევ მომეცა, ეს ძალიან მაბედნიერებს. მე ქართულ ოჯახში გავიზარდე - სახლში ქართული ენა მესმოდა, ვიცავდით ქართულ ტრადიციებს, ვამზადებდით ქართულ კერძებს. როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველებისგან მხარდაჭერის შეტყობინებებს ვიღებ, ეს ძალიან მახარებს. საქართველოსთან ამ კავშირს ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როცა კი ყინულზე გავდივარ", - ამბობს დიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • დღეს მოგიყვებით დიანას საკმაოდ რთულ გზაზე ფიგურული ციგურაობის სამყაროში და არა მხოლოდ...

დიანა 2003 წლის 16 იანვარს, ლას-ვეგასში დაიბადა. მას ქართული ფესვები აქვს, მისი ბაბუა - გიორგი თუთბერიძე საქართველოდან იყო, რაზეც ის არაერთ პოსტში საუბრობს და ბაბუასთან გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. არაფერია ცნობილი დიანას მამის შესახებ. როდესაც ეთერ თუთბერიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში დიანას მამაზე ჰკითხეს, მან ასე უპასუხა: "ჩვენ მამა არ გვყავს... ასეც ხდება".

  • დიანას 2 წლის ასაკში დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, რის თაობაზეც "ინსტაგრამის" ვრცელ პოსტში საუბრობს:

"დიდი ხანია მინდოდა, მომეყოლა ჩემს პრობლემაზე, რომლის თაობაზე ცოტამ თუ იცის.

მე მესამე ხარისხის სენსორული სმენის დაქვეითება მაქვს, რაც ჩემი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მე-4 ხარისხამდე გაუარესდა. ამ დიაგნოზის დროს გართულებულია საუბრის გარჩევა, განსაკუთრებით გარკვეული თანხმოვნების, ამასთანავე, არის ხმები, რაც საერთოდ არ გესმის, მაგალითად, მაცივრის ზუზუნი ან დამაფონის ხმა.

ეს ავადმყოფობა დამეწყო ორი წლის ასაკის, ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შედეგად.

2 წლამდე აქტიური ბავშვი ვიყავი, რომელსაც ყველა ხმა ესმოდა. თუმცა 2 წლის შემდეგ სრულიად შევიცვალე - შევწყვიტე ლაპარაკი, კონტაქტი გარემოსთან, გავხდი ჩუმი და საკუთარ თავში ჩაკეტილი.

4 წლისამ ისევ დავიწყე ლაპარაკი, თუმცა ეს არ ყოფილა გამართული მეტყველება, ამიტომ წამიყვანეს ლოგოპედთან, თუმცა ეს სრულიად უშედეგო იყო მანამ, ვიდრე არ გვითხრეს, რომ უნდა ჩამეტარებინა სმენის კვლევა... აუდიოგრამამ აჩვენა, რომ სმენასთან პრობლემა არ მქონდა. ამის შემდეგ დაიწყო სხვა ტიპის ტესტები და დიაგნოზიც დადგინდა...

დიანა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად

სკოლაში წავედი სმენის აპარატით, რაც დიდიად არ მომწონდა. როდესაც აპარატს ვიხსნიდი სმენა ისე უარესდებოდა, რომ გარემოც სადაც ვიყავი, სრულიად მიუცხოვდებოდა და მასთან შეგუება ხელახლა მიწევდა უკვე აპარატის გარეშე. თანაც ხშირად მიწევდა კლინიკაში სიარული, რათა აპარატში ხმის სიმაღლე დაერეგულირებინათ... საბოლოოდ მასზე უარი ვთქვი მას მერე, რაც სწორად ის გახდა მიზეზი იმისა, რომ დამემართა სამწვერა ნერვის ანთება. დღეს ძლიერი გაციებისას ან დიდი სტრესისას, ეს ანთება ახლდება.

ბაბუასთან ერთად

სკოლაში სწავლისას პრობლემები მქონდა...

როდესაც ცხოვრობ ამ პრობლემით, შენი ტვინი აბსოლუტურად სხვაგვარად მუშაობს. შენამდე ინფორმაცია მოდის დაგვიანებით ჩვეულებრივ ადამიანებისგან განსხვავებით. გააჩნია როგორ ლაპარაკობს ადამიანი, რა სიმაღლის ხმით და ინტონაციით, ზოგიერთის პირველივე სიტყვიდან ყველაფერი მესმის, ზოგიერთის საუბარს კი საერთოდ ვერ იგებ.

იყო დრო მინდოდა მელაპარაკა ამ პრობლემაზე, მაგრამ ვერ ვბედავდი. არადა, ხშირად ვხდებოდი დაცინვის ობიექტი. ადამიანები რიგ შემთხვევაში დამცინოდნენ იმის გამოც, რომ ასეთი პრობლემით პროფესიონალურ სპორტში ვარჯიშს არ ვწყვეტდი.

დღე უკვე იმგვარად მოვახერხე გარემოსთან ადაპტირება, რომ ძალიან ცოტა თუ შეიძლება მიხვდეს, რომ სმენასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს.

შემიძლია მოვუსმინო მუსიკას (გარკვეული სიხშირის გარდა) ისე, რომ სიტყვები არ მესმოდეს, ფილმებს და სერიალებს ვუყურებ სუბტიტრებით.

მე მესმის ინტონაცია და ვგრძნობ ემოციებს.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა მაქცია საკუთარ თავში ჩაკეტილ და მორცხვ ადამიანად, მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ ვალდებულიც კი ვარ, რომ ამაზე არ გავჩუმდე.

მინდა ადამიანები ამგვარი თავისებურებით არ ჩაიკეტონ თავში, არ შეუშინდნენ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლას და არ დაუჯერონ მათ, ვინც მათ შეზღუდვას ცდილობს. ამ ყველაფრის გიზიარებთ არა იმიტომ, რომ შემიცოდოთ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა ამგვარი პრობლემით გააცნობიერონ, რომ ეს არაფერს ცვლის - თუ გაქვთ ოცნება, ძალიან ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მთავარი გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენი, დი...“

  • რა არის მესამე ხარისხის სენსორული სმენის დაქვეითება (Sensorineural Hearing Loss, SNHL), როგორ ვლინდება და რას ნიშნავს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სმენის დაქვეითება სენსორული სმენის დაქვეითება გამოწვეულია შიდა ყურის (კოხლეას) ან სმენის ნერვის დაზიანებით. პრობლემა არა ბგერის "გატარებაში“, არამედ ნერვული სიგნალის დამუშავებაშია.

სმენის დაქვეითება ხარისხებად იყოფა დეციბელების (dB) მიხედვით

III ხარისხი (56–70 dB) ფასდება საშუალოდ მძიმედ და ნიშნავს, რომ ადამიანი:

ვერ არჩევს მშვიდ საუბარს; უჭირს მეტყველების გარჩევა ხმაურიან გარემოში; ესმის ხმა, მაგრამ ვერ იგებს სიტყვებს მკაფიოდ.

  • ძირითადი სიმპტომები

საუბრის "დაბინდული“ აღქმა

ტელეფონით საუბრის სირთულე

მაღალი სიხშირის ბგერების დაკარგვა

ყურებში ზუზუნი (ტინიტუსი) - ზოგ შემთხვევაში სივრცის/რიტმის აღქმის სირთულე

მუსიკის სრულყოფილად გაგონება შეიძლება რთული იყოს, თუმცა ამაში ვიბრაციის, რიტმის ვიზუალური და კინესთეტური აღქმა მნიშვნელოვნად ეხმარება

ამდენი იმიტომ მოვყევით ამ ავადმყოფობაზე, რომ კარგად გამოჩნდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა რამხელა გამოწვევა შეიძლება ყოფილიყო პატარა დიანასთვის, რომელიც სპორტულ წარმატებაზე ფიქრს არ ეშვებოდა, მით უფრო, რომ დიაგნოზის გამო მას ჰქონდა კოორდინაციის გარკვეული სირთულეებიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიგურულ სრიალში.

დიანა თავდაპირველად ერთეულთა თანრიგში გამოდიოდა და ძალიან უნდოდა ასევე გაეგრძელებინა, თუმცა, როგორც ეთერ თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, დედამ პირდაპირ აიძულა დიანა ყინულზე ცეკვაში გადაენაცვლა. თუთბერიძე ამას იმით ხსნის, რომ დარწმუნებული იყო, რომ დიანა სიმაღლეში ისე გაიზრდებოდა, რომ ეს მა ერთეულთა თანრიგში მონაწილეობაში შეუშლიდა ხელს.

"მემუდარებოდა, არ უნდოდა ერთეულთა თანრიგიდან წასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სიმაღლეში მატება შეუშლიდა წარმატების მიღწევაში ხელს, რატომღაც მეგონა, რომ ჩემზე მაღალი იქნებოდა, არადა, მე 1.76-ზე მეტი ვარ, თუმცა ასე არ მოხდა, დიანა საკმაოდ ტანმორჩილია, თუმცა დღეს უკვე აღარ არის უკმაყოფილო იმით, რომ წყვილში გამოდის“, - ამბობს ეთერ თუთბერიძე.

ერთ-ერთ გადაცემაში თუთბერიძეს წამყვანმა ჰკითხა, შესაძლებელი რომ იყოს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო? - "მხოლოდ შვილის ჯანმრთელობას“, - უპასუხა თუთბერიძემ.

  • სპორტული კარიერა და პარტნიორი ყინულზეც და ცხოვრებაშიც

ყინულზე ცეკვებში დიანა დევისის პირველი პარტნიორი ყოფილი მოციგურავე დენის პიჩუჟკინი იყო. სპორტსმენები ვარჯიშობდნენ დენის სამოხინისა და ქორეოგრაფ მარია ბოროვიკოვას ხელმძღვანელობით, თუმცა წყვილმა ვერცერთ შეჯიბრებაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

2017 წელს დიანა დევისმა პარტნიორი შეცვალა და ფიოდორ ვარლამოვთან დაიწყო ასპარეზობა. 2018 წლიდან კი დიანა გლებ სმოლკინთან ერთად გამოდის.მათ რუსეთის სახელით არაერთ წარმატებას მიაღწიეს, 2023 წლიდან კი საქართველოს დროშით ასევე წარმატებით გამოდიან. ისინი წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილზე გავიდნენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2022 წლის 18 მარტს, დაბადებით აშშ-ის მოქალაქე დიანა დევისი და მისი პარტნიორი გლებ სმოლკინი ლას-ვეგასში დაქორწინდნენ.

დიანა სოციალურ ქსელში ბოლო ხანს პოსტებს ქართულ ენაზე საკმაოდ ხშირად აქვეყნებს, მაგალითად, გლებს ასე ულოცავს დაბადების დღეს: "გილოცავ დაბადების დღეს, ძვირფასო".

იქვე საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანს უხდის მადლობას.

ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა ჰყავდა, თუმცა ჩვენში მაინც ბევრი სვამს შეკითხვას რატომ არის საქართველოს ნაკრების მედროშე დიანა დევისი, რომელიც სულ რაღაც 4 წლის წინ ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდიოდა?

იხილეთ ასევე: