თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ მისი შვილის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ გიგა ავალიანს მუშტი ჩაარტყა და პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიება სამართლიანად წარმართოს.
"საავადმყოფოს პასუხისმგებლობა სად იწყება გამაგებინეთ, რატომ არავინ არ იძიებს. რატომ არავინ მოიკითხა დღემდე, რა მოხდა საავადმყოფოში. წაქცევით და ასფალტზე კეფის დარტყმით, უკნიდან წამოუვიდა ბზარი. რა თქმა უნდა, საშინელი ტრაგედია და უბედური შემთხვევაა.
ჩემი შვილის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ მივიდა და გიგა ავალიანს დაარტყა მუშტი, ამის მეტი ჩემ შვილს იქ არაფერი გაუკეთებია და ზუსტად ამაზე მე მინდა კანონმა გვაგებინოს პასუხი. პროკურატურა მორჩეს კიკინიანი ბავშვების დაჭერას. ძალიან ბევრი შეკითხვაა ექიმებთან, რომელიც უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. არ შეიძლება საავადმყოფოს ნაწილი დარჩეს გამოძიების გარეშე.
იგივე სამართალი მინდა, ზუსტად ის, რასაც ითხოვს ქალბატონი ეკა. მე არ ვამბობ, რომ დამნაშავეები რამეში არ ვართ, მაგრამ მე მინდა პასუხი ჩემმა შვილმა აგოს იმაზე რაც ჩაიდინა და არ აგოს პასუხი ექიმების შეცდომაზე" - განაცხადა ალექსანდრე გაბაშვილმა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
წაიკითხეთ ასევე: