აშშ-ში "Today“-ის შოუს წამყვანის, სავანა გატრის დედის, ნენსი გატრის სამძებრო სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ნენსი გატრი კვირას, გამთენიისას, სავარაუდოდ არიზონაში მდებარე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. პიმას ოლქის შერიფის, კრის ნანოსის თქმით, საქმეში ეჭვმიტანილი პირი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.

პიმას ოლქის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, ნენსი ბოლოს შაბათს, 31 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე ნახეს საკუთარ სახლში, სკაილაინ დრაივისა და კემპბელის გამზირის მახლობლად. მისი გაუჩინარების შესახებ მეორე დღეს, კვირას, 1 თებერვალს განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ის საეკლესიო წირვაზე არ გამოჩნდა.
ჯერ კიდევ შესამჩნევია ბრძოლის კვალი მის სახლში: კარის ზარი ამოღებულია, ხოლო შესასვლელ კართან სისხლის ლაქებია.

"ამ ეტაპზე, გამომძიებლები თვლიან, რომ ის სახლიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა, შუაღამისას გაიტაცეს“, - განაცხადა პიმას ოლქის შერიფმა კრის ნანოსმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნენსი მარტო ცხოვრობდა კატალინა ფუტჰილზის მდიდარ უბანში მდებარე სახლში, სადაც ხელისუფლებამ 31 იანვარს, მისი იდუმალი გაუჩინარების შემდეგ, ტელეფონი, საფულე და მანქანა იპოვა. სახლში ასევე აღმოაჩინეს Apple Watch, რომელმაც გამომძიებლების ინფორმაციით, მის კარდიოსტიმულატორთან სინქრონიზაცია დილის დაახლოებით 2 საათზე შეწყვიტა - რაც მიუთითებს, რომ სწორედ ამ დროს გაიყვანეს სახლიდან.


"ყველა ყველგან გეძებს, დედიკო. ჩვენ არ მოვისვენებთ. შენი შვილები არ მოისვენებენ მანამ, სანამ ისევ ერთად არ ვიქნებით. ის 84 წლისაა და გულის პრობლემები აქვს, ის მუდმივ ტკივილში ცხოვრობს. ახლა წამალი არ აქვს, თუმცა ეს ძალიან სჭირდება გადარჩენისთვის. დედა, თუ ამას ისმენ, ძლიერი ქალი ხარ. გვიყვარხარ,“ - თქვა სავანა გატრიმ ვიდეომიმართვაში.
ვიდეოს პლატფორმაზე გამოქვეყნებიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ის პოსტით დაადასტურა, რომ ესაუბრა გუტრის და მისი თხოვნები მოისმინა.

"მე ვესაუბრე სავანა გატრის და ვაცნობე, რომ ყველა ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოს ვუბრძანე დაკარგული ქალის ძიება. ჩვენ ვიყენებთ ყველა რესურსს, რათა მისი დედა უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში. ჩვენი ერის ლოცვები მასთან და მის ოჯახთანაა. ღმერთმა დალოცოს და დაიცვას ნენსი!“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე.
ამავდროულად, TMZ-ის ცნობით, პიმას ოლქის შერიფის დეპარტამენტი იკვლევს შესაძლებლობას, რომ ნენსის გატაცება იანვარში მომხდარ უკანონო შეღწევასთან იყოს დაკავშირებული.

მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სახლის გარეთ საეჭვო პირი შენიშნა. უცნობი, მოძრაობის სენსორის ამოქმედებისას, რამაც პროჟექტორები გააქტიურა, ადგილიდან გაიქცა. თვითმხილველებს ეჭვმიტანილის სრულყოფილი აღწერა არ შეუძლიათ. სამართალდამცავი წყაროს ცნობით, პოლიცია ამჟამად კარდაკარ დადის და მეზობლებისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აგროვებს, რათა ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინოს.