ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია , - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს მოითხოვენ.
"პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე. ზოგადად, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია დისკუსია გავმართოთ. მთავარია, რომ ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური პრინციპის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია.
აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს კონკრეტულად, მაგალითად, ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია. ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.