Daily Mail-ის ცნობილი მიმომხილველი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტი, რიჩარდ იდენი, სკანდალურ სტატიაში განმარტავს, თუ რატომ გახდა პრინცესა ბეატრისისა და პრინცესა ეუხენიას სამეფო კარიერა შეუძლებელი. ექსპერტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინცესების გულშემატკივრად ითვლებოდა, აცხადებს, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეში აღმოჩენილმა ახალმა მტკიცებულებებმა წერტილი დაუსვა მათ ნებისმიერ ოფიციალურ როლს მონარქიაში.
როგორც სოციალური მიმომხილველი, რომელიც 20 წელზე მეტია ამ სფეროშია, მათ უამრავჯერ შევხვედრივარ ლონდონის წვეულებებზე და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩებოდი: ისინი იყვნენ მეგობრულები, მაგრამ საქმიანები - და ზედმეტად გონიერები იმისთვის, რომ ჩემი სვეტებისთვის რაიმე "ცხელი“ ჭორის საბაბი მოეცათ.

მაშინ, როდესაც მათი ბიძაშვილები, პრინცი უილიამი და, განსაკუთრებით, პრინცი ჰარი, ახალგაზრდობაში სხვადასხვა თავგადასავლებში ეხვეოდნენ, "ბეა“ და "ევჟი“ (როგორც მათ მეგობრები ეძახიან) არასოდეს გადასულან სწორი გზიდან. ისინი ყოველთვის გაწონასწორებულები ჩანდნენ - არასოდეს მიმიღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი სადმე მთვრალები იყვნენ, ან საჯაროდ თავი შეირცხვინეს. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ ორივემ მშვიდი ოჯახები შექმნა: ეუხენიამ ჯეკ ბრუკსბენკთან, ხოლო ბეატრისმა ედოარდო მაპელი მოცისთან.
იმედი მქონდა, რომ ბეატრისი და ეუხენია დაეხმარებოდნენ უილიამს, როდესაც ის ტახტზე ავიდოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მეგანმა სამეფო მოვალეობები მიატოვეს, მეფე ჩარლზის "შემცირებული მონარქიის“ გეგმა ძალიან დასუსტდა. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესებს სრული განაკვეთით სამსახურები აქვთ, ისინი მაინც ხელმძღვანელობდნენ რამდენიმე საქველმოქმედო ფონდს და მზადყოფნა გამოთქვეს, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.
სამწუხაროდ, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროების შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი იმედები ნამსხვრევებად იქცა. ბეატრისი და ეუხენია ვერასოდეს გახდებიან "ფირმის“ (სამეფო ოჯახის სამუშაო ბირთვის) ნაწილი მათი მატყუარა, ხარბი და სექსუალური დამნაშავეების მოყვარული მშობლების გამო.

ერთ-ერთ მიმოწერაში ამერიკელი მილიარდერი სთხოვს სარას (ფერგიუსსონს), რომ მისმა ქალიშვილებმა ბუკინგემის სასახლეში გიდობა გაუწიონ მის ერთ-ერთ ახლობელს (რომლის ვინაობაც დაფარულია).
2010 წელს ეპშტეინი სარას სწერს:
"სარა, შეგიძლია შენმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა დაათვალიერებინოს [სახელი წაშლილია] ბუკინგემი? მადლობა“.

მოგვიანებით სარა მას ბოდიშსაც კი უხდის, რომ პრინცესებმა ვერ მოახერხეს მისი სხვა მეგობრისთვის მეგზურობის გაწევა. ჩვენ არ ვიცით, იყვნენ თუ არა ეს მეგობრებიც სექსუალური დამნაშავეები, თუმცა ფაქტია, რომ სარას ეს არ აფერხებდა - მან შვილები ეპშტეინის ნიუ-იორკის აპარტამენტში საცხოვრებლად წაიყვანა
ბეატრისი მაშინ 20 წლის იყო, ეუხენია კი 19-ის.

განაჩენი
პრინცესებმა შეიძლება თავიანთი ქმედებებით დაამტკიცონ, რომ მშობლებს არ ჰგვანან, მაგრამ ენდრიუმ და სარამ მონარქიაზე ისეთი კვალი დატოვეს, რომ ეს გოგონებიც "დაისვარნენ“.
პრინცმა უილიამმა და ქეითმა ეს კარგად იციან. სწორედ ამიტომ არ იყო სარა მიწვეული მათ ქორწილში 2011 წელს და სწორედ ამიტომ არ ექნებათ მის ქალიშვილებს არანაირი სამეფო როლი, როდესაც უილიამი მეფე გახდება.