გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
"ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო", - გვეუბნება წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა.
"ასე ჩემთან არ საუბრობდა, ჩვენ უბანში რომ ერთმანეთს ვხვდებოდით მხოლოდ მოვიკითხავდით და ვესალმებოდით. პირად თემებზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ უბნელები ამბობენ, რომ ხშირად უძალადია კიდეც.
რაღაცებს რომ უკრძალავდა, ეს ვიცოდი.
ამ კაცს ცოლი ჰყავდა და სხვებს დასდევდა, უყურებდა ყველა ლამაზ გოგოს. მარიამის ქმრობამდეც ასეთი იყო და მერე რა შეცვლიდა", - ამბობს Ambebi.ge-სთან მოკლული ქალის ახლობელი.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.