რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ექიმმა ანზორ მელიამ სოციალურ ქსელში თავისი ძაღლის, კავკასიური ნაგაზის ვიდეო გაგვიზიარა. ბომბორა 1 წლის გახდა და სადაბადებისდღეო ნამცხვარზე ანთებული სანთლებიც ჩააქრო... ამ ვიდეოს დიდი მოწონება ჰქონდა, რადგან ძალიან სახალისო იყო, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა... ბატონ ანზორს ჩვენც შევეხმიანეთ, მოვიკითხეთ და მასთან ინტერვიუც ჩავწერეთ. თავიდან უარი გვითხრა, თუმცა ბოლოს მაინც დაგვთანხმდა...
- ბატონო ანზორ, როგორ ხართ? შვილს, ნიკა მელიას ნახულობთ?
- არ მინახავს. იქ რომ მიხვალ, უნდა გაამხნევო. ვერ გავამხნევებ იმიტომ, რომ ძალიან მიჭირს... ახლა, როცა თავის საუკეთესო წლები აქვს, ნიკა ციხეშია გამომწყვდეული... მე რა მიჭირს, ჩემი სამსახური მეხმარება, საქმით ვარ დატვირთული. მეუღლეა ცოდო... ჩემს შვილს ტელევიზიით მივმართე, - შვილო არ გიღალატებ. იმ დღეში არ ჩაგაგდებ, როგორც ზურა-გირჩი ჯაფარიძე ჩავარდა, დედის პანაშვიდზე ბადრაგმა რომ მიიყვანა. ამიტომ ჯანმრთელობას ძალიან ვუფრთხილდები. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ქურდობაზე და ბანდიტობაზე არ ზის და სამშობლოს სიყვარულის გამოა დაჭერილი.
- როგორც მითხარით, სახლი, რომელში ცხოვრობთ, უნდა დაინგრესო... რატომ?
- სახლი ჭონქაძის ქუჩაზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ინგრევა. ისტორიული შენობაა, ბოზარჯიანცის ცნობილი სახლია. გამგეობას უკვე ნაქირავებში გადავყავართ. ჩვენ გარდა სულ 25 მოსახლემდე იქნება. ვინაიდან ისტორიული სახლია, უნდა დაიშალოს, ქვები უნდა დაინომროს და საძირკველი რომ ჩაისხმება, ზუსტად ისევე უნდა აშენდეს, როგორც იყო. ამას სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდება. ვაჭარ ბოზარჯიანცს, რომელიც საკმაოდ მდიდარი კაცი იყო, სიგარეტის ქარხანა ჰქონდა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ვერის საცურაო აუზია. ერთხელაც სიგარეტი ჩაუწვა და მერე ყოველ მეასე კოლოფში 100- მანეთიანები ჩადო. ხალხი ასე დააინტერესა, სიგარეტი გაყიდა და ასე გადარჩა. არაჩვეულებრივი შენობა იყო. მესამე სართულზე 9 მეტრი სიმაღლის ჭერია... ამ სახლშია გადაღებული არაერთი ფილმი - „ქეთო და კოტე,“ „დათა თუთაშხია, „ნინო,“ “გაზაფხულის 17 გაელვება“...

- თქვენ ამ სახლში როდიდან ცხოვრობთ?
- მერვე კლასში ვიყავი, ზუგდიდიდან თბილისში სკოლაში რომ გადმოვედი. აქ დედაჩემის მამიდა, ლიდა ჩაჩიბაია ცხოვრობდა, უშვილო იყო. ექიმი რომ ვარ და წარმატებული, იმ ქალბატონის დამსახურებაა. ძალიან კარგი ქალი იყო, საოცარი ინტელიგენტი, სანკტ-პეტერბურგში ჰქონდა ქალთა გიმნაზია დამთავრებული. უზომოდ კეთილი გახლდათ... „გაზაფხულის 17 გაელვებას“ რომ იღებდნენ, კერძოდ, „შვეიცარიის“ ეპიზოდს, სახლის ხედი გამოიყენეს, რომ ვითომ შვეიცარია იყო. ზამთარში იღებდნენ და ბებიაჩემი გადამღებ ჯგუფს ჩაით უმასპინძლდებოდა. ასე რომ, ჩვენი სახლი ცხადია, ამ ფილმში ჩანს, როგორც შვეიცარიაში არსებული შენობა. ამ სახლში ცხოვრობდა ოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი და მაშინდელი ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი. მერე ბევრი გარდაიცვალა, ზოგმა გაყიდა და გადავიდა.

- გამოდის რომ მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ამ სახლს უკავშირდება...
- კი, ასეა - ქორწილიც ამ სახლში მქონდა. 9-მეტრიანი ჭერი რომ ვახსენე, იმ სივრცეში 100-კაციანი სუფრა იყო გაშლილი. ვიდეოს და ფოტოებს რომ იღებდნენ, მოწვეული სტუმრები მერე კადრებში ჭიანჭველებივით ჩანდა. იმხელა სივრცე იყო.მაშინ მოდაში მტრედები იყო, მოჰყავდათ, უშვებდნენ, მერე იჭერდნენ და ისევ მიჰყავდათ. ჩვენს ქორწილში რომ გაუშვეს, აფრენდნენ და იმ 9-მეტრიან ჭერში ვეღარ იჭერდნენ.
- სანდრო როგორ არის, ალბათ ენატრება მამა?'
- უკვე 11 წლისაა. ვაჟკაცი იზრდება, მამას აჯობებს. ძალიან გონებაგახსნილი ბიჭია. ბავშვობაში ნიკაც ასეთი იყო, უბრალოდ ამაზე ცოტა მორიდებული და ძალიან დამჯერი. სანდო თადარიგიანია, თავისი გეგმები აქვს, წინასწარ ერთი კვირის ამბებს დაგეგმავს ხოლმე. იცის ინგლისური, რუსული, ტექნიკაში ერკვევა. უყვარს ფეხბურთი. მსოფლიოს ყველა ცნობილი ფეხბურთელის დაბადების დღეები იცის.
მამამისი რომ ურეკავს, უფრო მეტად ფეხბურთზე საუბრობენ. მამის ამ მდგომარეობას არ იმჩნევს, მაგრამ ყური ლოკატორივით აქვს. წყლის შესხმაზე რომ იყო ლაპარაკი, ნიკას მეუღლემ ჩუმად მითხრა, ალბათ დაუმატებენო და არ გამორჩა. უნდა გაუგრძელონ პატიმრობაო?კოტორაანთკარშიც სულ მეხმარება, ეს ბოსტანი იქნება, თუ ბაღი, ყველგან. ყველაფერი იცის, რა როგორ ითესება, როგორი მოვლა უნდა. იქაურობა ძალიან უყვარს და მეგობრებიც მოჰყავს ხოლმე. სტადიონი მაქვს იქ გაკეთებული და ფეხბურთს თამაშობენ. ზოგჯერ ბავშვები ორი-სამი დღეც რჩებიან ჩვენთან. გვიხარია, რომ ბავშვები ასე მეგობრულად ცხოვრობენ.

- კოტორაანთკარი, როგორც ვიცი, თქვენი საყვარელი ადგილია...
- კოტორაანთკარი რომ არ მქონდეს, ალბათ არ ვიცი, რა მეშველებოდა. დიდი განტვირთვის საშუალებაა...
- ჰოდა, რამდენიმე დღის წინ თქვენს ბომბორას 1 წლის იუბილე მანდ აღუნიშნეთ? სოციალურ ქსელში ვიდეოც რომ განათავსეთ, ბომბორამ სანთელიც რომ ჩააქრო?..
- კი, კოტორაანთკარში იყო. ყველაფერი ესმის, დაჯექი რომ ეტყვი, დაჯდება, დაწექი, დაწვება. რომ დამინახავს, უნდა ნახოთ, როგორ გიჟდება. თოვლში წამაქცია და მაკოტრიალა. ფიზიკურად კია დიდი, მაგრამ კიდევ გაიზრდება. 1 წლის გახდა, როგორც თქვით, თავის დაბადების დღის სანთელი ჩააქრო და მილოცვა მიიღო. ძალიან კარგი ძაღლია.

- ისე სოფლის მიმართ ასეთი სიყვარული რა რამ გამოიწვია?
- "ლეჩკომბინატში“ 1974 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ სააგარაკე ნაკვეთებს იძლეოდნენ. მთავრობას ვემსახურებოდით და წყნეთში იყო სამთავრობო აგარაკი, მაგრამ საკავშირო სამედიცინო კომისიამ წყნეთი დაიწუნა, მაღალიაო. ამიტომ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ზემოთ არის ადგილი, სადაც ძალიან კარგი მიკროკლიმატიაო და ეს იყო კოტორაანთკარი და მანდ უნდა აეშენებინათ სამთავრობო კოტეჯები. მოსამსახურე პერსონალიც სჭირდებოდა და 7 კაცზე გამოგვიყვეს ნაკვეთი (სანიტრებს, ექთნებს, ექიმებს). მოკლედ, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. მას მერე ალბათ 40 წელზე მეტია გასული და სულ რაღაცას ვაშენებ, ვაკეთებ. ახლა მთავარი ყურადღება გადატანილია ეზოზე. 300 ძირი ვარდი მაქვს, საუცხოო ჯიშები, 100 ქათამი მყავდა, მაგრამ ახლა ცოტა შევამცირე. საუკეთესო ჯიშებია, თითო 4-5 კილოს იწონის. იხვებიც მყავს, რომლებიც ადვილი მოსავლელია. ბაღში ყველანაირი ხეხილია დარგული, ვამუშავებ ბოსტანს. შარშან სასწაული იყო, მოსავალი არ მოვიდა, რადგან ხეხილი გაყინა. ამიტომ წელს ზომები მივიღე.

- პაციენტებზე მოგვიყევით. ბოლო დროს რა ჩივილებით გაკითხავენ?
- სულ მყავდა ავადმყოფების დიდი არმია - უმეტესობა თანამდებობის პირები, გამოჩენილი ხალხი. ნიკა როგორც კი ოპოზიციაში გადავიდა, იმ ხალხის 95% დაიკარგა. ისეთი პაციენტები იყვნენ, ოჯახში სუფრა თუ ჰქონდათ, მეც რომ ვიყავი, ვმეგობრობდით. ამ ხალხის დაკარგვა გადასატანად ძალიან ძნელია. სამაგიეროდ საქართველოს რაიონებიდან მოდიან პაციენტები, უბრალო, ნაღდი ხალხი, რომლებიც ნიკაზე ლოცულობენ, ძალიან უყვართ. ერთს რომ მოარჩენ, გამოკეთდებიან, მერე სხვა ეუბნებიან და ასე მოდიან და მოდიან... ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეში ვარ, მიყვარს პაციენტებთან მუშაობა. რაც შეეხება ჩივილებს - ბევრია გადატანილ ინფარქტი, ამის ფონზე განვითარებული გულის უკმარისობები, ძალიან მძიმე ფორმებში. იხრჩობიან, ჰაერი არ ჰყოფნით, არიან მანკიანები... ვეხმარებით, რჩევებს ვაძლევთ, ვმკურნალობთ. სამწუხაროა, რომ პაციენტებს შორის ბევრი ახალგაზრდაცა. სიგარეტი არის მტერი, თან მასში ნიკოტინი ხომ თითქმის არც არის, 5000-მდე ქიმიური ნივთიერება, ესენიც კიდევ რამდენიმე კოლოფს ეწევიან. ამ დაავადებებს ძირითადად მაინც მუდმივი სტრესი იწვევს, რაც საქართველოში არ გვაკლია...

- როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა უნდა გაითვალისწინონ, რას მიაქციონ ყურადღება?
- ვის მშობლებსაც აქვთ ინფარქტი გადატანილი, ან აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჰყავთ უეცრად გარდაცლი სისხლის ნათესავი, ყველა დროულად უნდა მივიდნენ ექიმთან და გამოიკვლიო ხომ არ აქვთ მათაც რამე ფაქტორი. ბევრი დაავადებაა ისეთი, რომელიც შვილებს გენეტიკით გადაეცემა. თავად თუ შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ, აუცილებლად შაქარი უნდა მოიწესრიგონ. დღეს ეს პრობლემა აღარ არის, უამრავი პრეპარატია. ინფარქტიანები და ინსულტიანები არ იბადებიან, უბრალოდ ადამიანები დადიან მაღალი წნევით, რაც მერე იწვევს კრიზისულ მდგომარეობას. წნევა 130-ზე ზემოთ საყურადღებოა. არსებობს დასარეგულირებელი პრეპარატები.ექიმის პროფესია ძალიან მძიმეა თუ ის ნამდვილი ექიმია. როგორ შეიძლება ავადმყოფი მიიღო ან სტაციონარში უმძიმესი პაციენტი გეწვეს და მისი მდგომარეობა არ განიცადო. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბევრ ტყუილის თქმა მიწევს, - ხომ ვერ ეტყვი, იცი, რა შენ მალე მოკვდები. უნდა ჩააგონო, რომ კარგად იქნება, რადგან ზოგჯერ სიტყვა უფრო ფასობს, უფრო ეფექტიანია, ვიდრე წამალი.
ავადმყოფი უნდა გაამხნეო, მაგრამ ამ ტყუილის თქმის გამო მერე შენ იტანჯები. ახლა გარდამეცვალა ახლო მეგობარი, რომელიც ჩემთან იწვა. რომ ვასაფლავებდით, მივედი და ბოდიში მოვუხადე, ჩემო ზურიკო, ბოდიში, რომ გატყუებდი-მეთქი... არადა, რომ გავამხნევებდი, კიდევ დიდხანს იცოცხლებ, კარგად იქნები, თვალები გაუბრწყინდებოდა, მაგრამ მე ძალიან ცუდად ვხდებოდი. ასეთი მძიმე ისტორიების შემდეგ ექიმს განტვირთვა უნდა. არ ვარ ის კაცი განსატვირთად კლუბებში, ბარებში ვიარო. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა ბუნებაშია. ჰოდა, ეს კოტორაანთკარი რომ არ მქონდეს, ცოცხალი არ ვიქნებოდი. რომ ჩავალ ეზოს ფეხით შემოვივლი, დავათვალიერებ, ყველაფერს დავხედავ. ჩემი შვილიშვილიც ხომ ჩემსავით არის, ყველაფერი აინტერესებს და ყველაფერში მეხმარება. სტაფილო გქონდათ დათესილი, დედამისმა დაუძახა სტაფილო მინდაო. მივიდნენ ბოსტანში, სად არის სტაფილოო? აგერ არის და ამოიღეო, - სანდრომ. დაიწყო სტაფილოს ამოღება და რას შვრები, ასე არ უნდაო. მივარდა და ამოაძრო სტაფილო. სასწაული ბიჭია სანდრო...