ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სამხედრო სარდლობებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული დიალოგი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ შეწყდა.
„სამხედრო ძალებს შორის დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. ის ასევე ხელს უწყობს გამჭვირვალობისა და დეესკალაციის გაძლიერებას“, - განაცხადა აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ.
კრიზისებისა და დაპირისპირებების განმავლობაში, შეერთებული შტატები და რუსეთი ხშირად ინარჩუნებდნენ კომუნიკაციის არხებს თავიანთ სამხედროებს შორის. მიზანი იყო გაუგებრობებისა და ესკალაციის თავიდან აცილება.
თუმცა, ეს კონტაქტები 2021 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ ცოტა ხნით ადრე შეწყდა.
მას შემდეგ რამდენიმე სახიფათო ინციდენტი მოხდა, მათ შორის რუსული დრონებისა და სამხედრო თვითმფრინავების ნატოს საჰაერო სივრცეში შესვლა, ასევე ამერიკული დრონების ფრენები სირიასა და შავ ზღვაზე.
ბოლო წლებში აშშ-ის, ნატოს და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებს შორის კონტაქტები არსებობდა, მაგრამ ამჟამინდელი განცხადება უფროს სამხედრო მეთაურებს შორის რეგულარული დიალოგის აღდგენას აღნიშნავს.
აშშ-ის სარდლობის თქმით, დიალოგი აუცილებელია „შეცდომების თავიდან ასაცილებლად და მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც თავიდან აიცილებს ორივე მხარის მიერ უნებლიე ესკალაციას“.
ვაშინგტონმა და მოსკოვმა სამხედრო კონტაქტების აღდგენის შესახებ გამოაცხადეს იმავე დღეს, როდესაც ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება “ახალი სტარტი“ (New START) ამოიწურა.
ხუთშაბათს საღამოს ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელშეკრულება არ უნდა გაგრძელდეს და მხარეებმა ახალი უნდა მოილაპარაკონ.
იხილეთ ასევე: