ავტორი:

"ეს არის წარმართული წინასწარმეტყველის ფეხის ესკიზი" - მიქელანჯელოს აქამდე უცნობი ესკიზი, რომელიც ახლა ნახეს, 23 მილიონ დოლარად გაიყიდა

"ეს არის წარმართული წინასწარმეტყველის ფეხის ესკიზი" - მიქელანჯელოს აქამდე უცნობი ესკიზი, რომელიც ახლა ნახეს, 23 მილიონ დოლარად გაიყიდა

მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ესკიზი ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე, 23 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ნამუშევარს მაქსიმუმ ორ მილიონ დოლარად გაყიდდნენ, თუმცა საბოლოო ფასი დაახლოებით ათჯერ მეტი აღმოჩნდა.

დიდი იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის მიერ 500 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილი ფეხის ესკიზი ხუთშაბათს „ძველი ოსტატების ნახატების“ აუქციონზე გაიყიდა.

  • ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს არის წარმართული წინასწარმეტყველის — ლიბიური სიბილას ფეხის ესკიზი, რომელიც მიქელანჯელომ ვატიკანში, სიქსტის კაპელის მოხატვისას გამოსახა.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ნახატის მფლობელმა მისი რეალური ღირებულება არ იცოდა, Christie’s-ს უბრალოდ ფოტო გაუგზავნა და შეფასება სთხოვა. ესკიზის მფლობელს ანონიმურად დარჩენა სურდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობს და ნახატი ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო.

მისი თქმით, ესკიზი ოჯახში XVIII საუკუნის ბოლოდან ინახებოდა, იმ დროიდან, როცა მისი წინაპრები ევროპაში ცხოვრობდნენ.

Christie’s-ის ძველი ოსტატების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

პატარა ესკიზი წითელი ცარცით სავარაუდოდ 1511 ან 1512 წელს შეიქმნა, როცა მიქელანჯელო სიქსტის კაპელის ჭერის მეორე ნაწილის მოხატვას ამზადებდა.

სპეციალისტმა ჯიადა დამენმა ინფრაწითელი რეფლექტოგრაფიის მეთოდით ესკიზის უკანა მხარეც შეისწავლა და იქ სხვა ნახატების კვალი აღმოაჩინა. შემდეგ მან ეს ესკიზი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში დაცულ მიქელანჯელოს სხვა ნამუშევარს შეადარა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ საქმე ადრე უცნობ ნამუშევართან ჰქონდა.

ძველი ოსტატების ნამუშევრები აუქციონებზე ხშირად ასტრონომიულ თანხებად იყიდება. მაგალითად, 2017 წელს ლეონარდო და ვინჩის ნახატი „მსოფლიოს მხსნელი“, რომელიც იესოს გამოსახავს, ნიუ-იორკის აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.

2025 წლის ნოემბერში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის პორტრეტი „ელიზაბეთ ლედერერი“ ნიუ-იორკში 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იმავე თვეში დამყარდა რეკორდი ქალ მხატვრებს შორისაც — მექსიკელი ფრიდა კალოს სიურრეალისტური ტილო აუქციონზე 54,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წყარო

იხილეთ ასევე: