მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, იძალადა ჩვენს თანამშრომლებზე - მან იცოდა, [ლევან ხაბეიშვილის] ტელეფონს რომ გადასცემდა, ამას მოჰყვებოდა აყალ-მაყალი, - ამის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზურაბ კობალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოწმის სახით დაიკითხა.
"მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა და ტელეფონის დამალვა. ჩვენ შევაჩერეთ ის და ვუთხარით, რომ დაებრუნებინა ტელეფონი. ჩემმა თანამშრომელმა, გელა აბესაძემ სცადა გამოართვა ტელეფონი მურთაზ ზოდელავას. ამის შემდგომ, ვინაიდან მას ხელები თავისუფალი ჰქონდა, კისერზე ჩამოეკიდა გელა აბესაძეს. დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი. მურთაზ ზოდელავა ჩვენ თვალთახედვაში იმყოფებოდა, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკავებინა, რადგანაც მან სცადა გაქცევა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, იძალადა ჩვენ თანამშრომლებზე.
ზოდელავას დაკავება ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც აშკარა იყო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. ის დავაკავეთ 353-ე მუხლით იმიტომ, რომ ხელი შეგვიშალა საგამოძიებო მოქმედებებში, არ დაემორჩილა ჩვენს კანონიერ მოწოდებებს და იძალადა ჩვენ თანამშრომლებზე. მას მე ვაცნობე, რომ დაკავებული იყო. კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
როდესაც ტელეფონს ართმევ და გარბიხარ, ეს არ არის ნორმალური, ეს არის დანაშაული. ზოდელავას მიერ ტელეფონის წართმევის მიზანი, იყო ის, რომ ჩემი აზრით, მას სურდა აღნიშნული ტელეფონის განადგურება, ამით კი გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. მან იცოდა ის, რომ ტელეფონს რომ გადასცემდა, ამას მოჰყვებოდა აყალ-მაყალი“, - განაცხადა ზურაბ კობალაძემ.
ადვოკატის აღნიშნულ კითხვას ზურაბ კობალაძემ ასე უპასუხა:
„შეიძლება ვიდეოში არ ისმოდეს, მაგრამ იყო მოწოდება მურთაზ ზოდელავას მიმართ, რომ „დააბრუნეთ ტელეფონი“, - განაცხადა ზურაბ კობალაძემ.
მოწმის აღნიშნული პასუხი ადვოკატისთვის მისაღები არ იყო, რადგანაც როგორც მან განმარტა, „თურმეობით პასუხს“ ვერ მიიღებს.
"კი" ან "არა!". ფაქტთან დაკავშირებით თურმეობით პასუხს ვერ მივიღებ. თუ შეიძლება მიპასუხეთ, ვიდეოში, რომელსაც ვხსნი, ყველაფერი ჩანს და ისმის. ტელეფონთან დაკავშირებით ისმის თუ არა მოწოდება, რომ "გადმოგვეცით ტელეფონი". საქმე იმაშია, რომ ეს არ გითქვამთ! დაიბენით თუ რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საბოლოო ჯამში, ბასილაიას ამ შეკითხვას ზურაბ კობალაძემ ასე უპასუხა - „შეიძლება, არ ისმის“.
ამის შემდგომ ადვოკატებმა მას ზოდელავას ჩხრეკასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„ღვედშეკრული ადამიანი რომ გაეჩხრიკათ, თუ გსმენიათ? ანუ თქვენ თან საჭესთან იყავით და თან ჩხრეკდით? - ჰკითხა ადვოკატმა მოწმეს.
„საკმაოდ მოხერხებულად“, - განაცხადა საპასუხოდ ზურაბ კობალაძემ.
ზურაბ კობალაძის შემდგომ, ამჯერად მხარეების შეკითხვებს პასუხობს სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის განსაკუთრებულ საქმეთა ინსპექტორი, მალხაზ თურმანიძე.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაიკითხეთ ასევე: