"ტვ პირველების" ინფორმაციით, მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე ორი სპეცრაზმელი დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ აიყვანეს. ორივე სპეცრაზმელის გვარი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
ასევე მათი ინფორმაციით, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება და ცოტა ხნის წინ სასამართლოს ეზოში დაკავებული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებსა და მოკლული მიშო ქავთარაძის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება იყო, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
"სამართალმა იზეიმა! ჩემი ძმის მიშო ქავთარაძის მკვლელობაში ორი თანამონაწილე სპეცრაზმელი თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი უკვე დაკავებულია!!!ხვალ გაიმართება სასამართლო!!!კადრებში ნათლად და გარკვევით ჩანს და თვითონ თ.გოგიძეც აღიარებს თუ როგორ უსწორდება, დაჭრილ და ნახევრად უგონოდ ძირს დაცემულ მიშოს!!! ის ბოლო წამი იყო ზუსტად მიშოს გადარჩენის! ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა ჩემი და ჩემი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, იმ სამართლიან განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, რისთვისაც დეიდაჩემმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავი შეაკლა!!!!" - წერს მოკლული ბიჭის დეიდაშვილი ანი ფაცაცია.
სამართალდამცავებმა მაშინ მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ასევე გავრცელდა სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ტრაგედიის ადგილზე იყო გადაღებული.

"ბიჭები გასართობად უბანში იყვნენ ჩასულები. კერძოდ, მიშოს კორპუსის უკანა მხარეს იყვნენ. იქ იყო ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი სამეგობრო. ამ დროს გამოჩდნენ ვიღაცები, რამდენიმე პირი, უბნის ბიჭები ეგონათ და თურმე მიშომ დაუძახა, ისინი მოვიდნენ და აგრესიული ტონით დაიწყეს საუბარი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, ეს ფაქტი ნახა აივნიდან ბიძაჩემმა, ბესო ქავთარაძემ, ჩოჩქოლზე ჩამოვიდა ის ბინიდან ქვევით, ეზოში.
თითქოს იმ მომენტში ყველაფერი დასრულდა, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნებულან ეს ბიჭები. ამ ფაქტს კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავს, მიშოს მეგობარი, ვინც მანქანას აყენებდა იქვე და იმ მომენტში საჭესთან იჯდა. ის ამბობს, მანქანას ვასწორებდი, ამიტომ ერთ მომენტში გავიხედე და ვხედავ ოთხი ადამიანი ერთმანეთზე იყო გადაფარებულიო. ბიძაჩემი, რომელიც გასაშველებლად ჩავიდა, ჩემი დეიდაშვილი მიშო და მისი ორი ძმაკაცი, მათ შორის ერთი მისი მეჯვარე დაჭრეს. ერთმანეთზე იყვნენ გადაფარებული, იმიტომ რომ დანით ჩეხავდნენენ. ყველაზე მეტი ჭრილობა ბიძაჩემს მიაყენეს, ჩემს ბიძაშვილს გვერდულად აქვს ჭრილობა მიყენებული, სავარაუდოდ ე.წ "შტირით" და ფილტვი ჰქონდა დაზიანებული" - გვიყვებოდა ერთი წლის წინ მოკლული ბიჭის დეიდაშვილი.