ავტორი:

ჩვენი გუნდი ფიგურულ სრიალში წარმატებულ სვლას აგრძელებს: 3 სახეობის ჯამში საქართველო ხუთეულშია და ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვს - ახლა ყველაფერი ნიკა ეგაძეზეა

ჩვენი გუნდი ფიგურულ სრიალში წარმატებულ სვლას აგრძელებს: 3 სახეობის ჯამში საქართველო ხუთეულშია და ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვს - ახლა ყველაფერი ნიკა ეგაძეზეა

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ზამთრის ოლიმპიური თამაშები საღამოს იხსნება, რიგ სახეობებში შეჯიბრება უკვე დაიწყო, მათ შორის არის ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობა, რომელშიც 10 ქვეყანა ასპარეზობს, მათ შორის არის საქართველოც. პირველი ეტაპია მოკლე პროგრამით ასპარეზობა, რომლის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე 5 ყველაზე საუკეთესო შედეგის გუნდი გადავა.

ეს სახეობა ოლიმპიადას 2014 წელს დაემატა და უკვე მეოთხეჯერ იმართება.

მოკლედ, საქართველოს ოლიმპიური გუნდი მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შეუდგა.

პირველები ყინულზე მოკლე პროგრამით, უფრო სწორედ, რიტმული ცეკვით გავიდნენ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი. წყვილმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 78.97 ქულა დაიმსახურა და ათ გუნდს შორის მეექვსე ადგილით გუნდური 5 ქულა გამოიმუშავა.

მალევე ბრძოლაში ჩაებნენ სპორტული წყვილები, საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წარმატებით იასპარეზეს - ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მოკლე პროგრამა "ბოლეროს" კომპოზიციაზე თითქმის უნაკლოდ შეასრულეს და 77.54 ქულით მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს.

მალევე დაპირისპირებაში ჩაერთნენ ქალი მოციგურავეები. საქართველო ანასტასია გუბანოვამ წარმოადგინა, მას გამოსვლისას უხეში შეცდომები არ დაუშვია, თუმცა პატარ-პატარა ხარვეზების გამო მხოლოდ მე-5 პოზიციას დასჯერდა და საქართველოს 6 ქულა მოუტანა.

სამი სახეობის ჯამში საქართველომ 20 ქულა მოაგროვა და ხუთეულში ადგილი შეინარჩუნა. ჩვენი გუნდი მე-4 პოზიციაზეა.

პირველ ადგილზეა აშშ 25 ქულით, მეორეზე - იაპონია 23 ქულით, მესამეა - იტალია 22 ქულით.

მეოთხე ადგილზეა და საქართველოს ერთი ქულით ჩამორჩება კანადა.

ყველაფერი გადაწყდება ხვალ მამაკაცთა შორის შეჯიბრებით, რომელშიც ქართველი ნიკა ეგაძე იასპარეზებს. მოკლედ, საქართველოს ფინალში გასვლა ნიკა ეგაძეზე იქნება დამოკიდებული.

წარმატებები ნიკას და მთელ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს.

იხილეთ ასევე: