"რატომღაც სულ ასეთი როლები მაქვს - ან ბანდიტი ვარ, ან ციხეში უნდა ვიჯდე ან კაცისმკვლელი უნდა ვიყო... რატომ ხდება ასე, არ ვიცი, მგონი, დაშტამპული ვარ. პირველად "ორმაგი სახე" იყო, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის როლი მქონდა და იმის მერე, ხომ ვამბობ, დამშპამპეს" - ამბობს მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი გიო გურგულა. კრიმინალის მორიგ როლს ვერც ცოტა ხნის წინ ასცდა, გიორგი კაჭარავას მიერ გადაღებულ ფილმში "ბრძოლა- ბერი გაბრიელი".
AMBEBI.GE-ს მან ამ ფილმზე, საკუთარ როლზე, ბერ გაბრიელზე და მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე გვიამბო:
გიო გურგულია:
- ვამბობ, არ შეიძლება ვინმემ ერთხელ შეყვარებული მამაკაცის როლი მომცეს, ყვავილებით გოგოსთან მივიდე?! ხომ არ შეიძლება სულ პისტოლეტით ვიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, კინოს გადაღებაც პრობლემაა. ფული არ არის და ამიტომაც რეჟისორები აქტიურად ვერ მუშაობენ. „USAშველოები“ YouTube-ზე გადის სერიალი, ჩვენი კომედია, რომელსაც მილიონ 700.000 ნახვა აქვს. ქართულ სივრცეში არცერთი ფილმი არ არის ასეთი პოპულარული. მაგრამ წელიწადზე მეტია გაჩერებულები ვართ, ვერ დაფინანსდა, რომ გადავიღოთ... საერთოდ თავიდან ფილმი უნდა ყოფილიყო და მერე სერიალი გახდა. მერე ვითომ ტელევიზიები აიღებენო... მოკლედ, არაფერი გამოვიდა.
- მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ფილმებში შემოთავაზებები გაქვთ...
- კი, მაქვს. ახლა გიორგი ბაბლუანისგან მივიღე შემოთავაზება და იქაც პოლიციელს ვთამაშობ, ოღონდ მკვლელს. აღარ ვიცი, მაგ ჯადოდან როგორ გამოვიდე?!
- ბერი გაბრიელის ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმშიც ქურდია თქვენი პერსონაჟი. მოგვიყევით ამ როლზე...
- მამა გაბრიელს იცით, რომ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ლენინის ფოტო რომ დაწვა, ჯერ ხომ ფსიქიატრიულში ჰყავდათ. მერე ნაცემი, ნაწამები დააპატიმრეს. ჰოდა, ამ ფილმში ასეთი სცენაა - ჩვენთან საკანში მძიმე მდგომარეობაში მყოფი შემოჰყავთ, მაგრამ ჯვარი მოხსნილი არ აქვს... არადა, იქ ხომ ყველაფერს ხსნიან. გივი სიხარულიძეს ასაკოვანი ქურდის როლი აქვს. მაგასაც სულ ეგეთი როლები აქვს - „უძინართა მზეში“ რომ შეიგინა, იჩხუბა იმის მერე სხვა როლებს არ აძლევენ... რატომღაც სულ ბანდიტები ვართ. მოკლედ, მე და კიდევ ერთი ქურდია - მსახიობი დავით დვალი. დვალი ცუდ პიროვნებას თამაშობს, ეჭვი უჩნდება, ჯვარი რატომ უკეთია ე.ი. შემოგზავნილიაო?!. მე და გივი სიხარულიძე კეთილი ქურდები ვართ. ვეხმარებით, ვუვლით, მამა გაბრიელზე ვზრუნავთ. ბოლოს ისე ხდება, ბერი გაბრიელი პატიმრებს ლოცვით რწმენაში მოაქცევს. ჩემი როლი ფაქტობრივად ეპიზოდურია, ამაზე ყურადღების დიდად გამახვილება არც ღირს, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობს. მართლაც ბოლომდე თავს სწირავს. თავი არ დაუზოგავს, მაგრამ საერთოდ ძალიან რთულია წმინდანის როლის შესრულება. მერე ცხოვრება ძალიან ფრთხილად უნდა წაიყვანო... ამათ წინათ საზღვარგარეთიდან ბარაბას როლზე შემოთავაზება მქონდა. მერე მეუფეს დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რაღაცნაირად ავიცდინე ეგ ყველაფერი.
- რატომ?
- ჯერ ერთი მაგ როლისთვის ასაკოვანი ვარ. ბარაბა ახალგაზრდა იყო - თითქმის ქრისტეს ასაკის. გრიმით უნდოდათ ამ ყველაფრის გაკეთება... არა, არც ისეთი ბებერი ვარ, მაგრამ რთულია ასეთი მისია აიღო შენს თავზე...
- როდესაც სამსახიობოზე აბარებდით, რას ფიქრობდით, მომავალში როგორი როლების თამაში გინდოდათ?
- საერთოდ, მსახიობობა არ მინდოდა. სარეჟისოროზე მინდოდა მესწავლა, ბავშვობიდან ვწერ სცენარებს, მგონი, ცუდად არა, რადგან სცენარების რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული ვარ. ბევრი ჩემი იდეა მერე სხვებს აქვთ აღებული, თუმცა ამაზე საუბარი არ მინდა. ჩვენს დროს სარეჟისოროზე მიღება არა და მხოლოდ სასცენაროზე იყო, ერლომ ახვლედიანს ჰყავდა ჯგუფი. მასთან ჩემი მეგობრები სწავლობდნენ. ერლომსაც უნდოდა გადავსულიყავი. ჩემი სცენარები გავუგზავნე კიდეც გაცნობილი იყო... დიდი სურვილი ჰქონდა, სასცენარო დამემთავრებინა და მერე სარეჟისორო. მერე მეორე კურსზე ცოლი მოვიყვანე, ჩემი პარალელურ ჯგუფელი შვილი გამიჩნდა და სამსახიობო დამთავრება მომიწია. რამდენიმე წლის შემდეგ კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე და სადაც ბუბა ხოტივარის, ნოდარ მანაგაძის ჯგუფი დავამთავრე...
მერე 90-იანი წლების ცუდი პერიოდ დაგვემთხვა. ვერავისთან მივიდოდი და კინოს გადასაღებად ფულს ვერ ვთხოვდი, რადგან ხალხს პური არ ჰქონდა, უჭირდა. ცოტა ამორალურად ვთვლიდი ამ ნაბიჯს - ჩემი იდეები განმეხორციელებინა და ვიღაც გაჭირვებულისთვის პურის ფული გამომერთმია. დავიწყე სარეკლამო საქმიანობა. „მაგის-სტილი“ იყო ასეთი სააგენტო, რომელსაც ვხელმძღვანელობდი... მოგვიანებით შევქმენი სტუდია „1, 2, 3“ სადაც ბასა ფოცხიშვილი ჩაერთო როგორც რეჟისორი. რეკლამაში მქონდა რამდენიმე განხრით წარმატება - როგორც რეჟისორს, როგორც დიზაინის იდეის ავტორს და ა.შ. „ეპიკა“ მსოფლიო რეკლამის ფესტივალი საფრანგეთში ტადება და 2000 წელს ამ ფესტივალის კატალოგში ერთადერთი ქართველი ვარ შესული. 2004 წლიდან სააკაშვილი რომ მოვიდა, ყოველგვარი სარეკლამო სივრცე დაკეტეს ერთ კომპანიას „სარკეს“ გადაეცა, სადაც უკვე თავისი პოლიტიკური შეხედულებები იყო...
- როგორი მოლოდინი გაქვთ ბერ გაბრიელზე ფილმი მაყურებელს მოეწონება? მიიღებენ?
- მამა გაბრიელი ქართველებს ძალიან უყვართ... ვთვლი, რომ ომი აქედან უნდოდათ დაეწყოთ და მერე უკრაინა ჩაერთო. ჰოდა, ჩვენ ამ საშინელებას ალბათ საქართველოში მამა გაბრიელის არსებობამ აგვაცილა... როდესაც მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა და ის სამებაში დააბრძანეს, იქ 40 დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. ორჯერ ვარ ნამყოფი - საათობით ვიდექი რიგში. რიგი ტაძრის შესასვლელიდან იწყებოდა. ამ ხალხს ზემოდან დასტრიალებდა დრონები, რომლებიც აფიქსირებდნენ არსებულ მდგომარეობას. დარწმუნდნენ, რომ აქ ქრისტიანობა ურყევია და მორწმუნეები ვერ გატეხეს... ამ ფილმსაც რომ დავუბრუნდეთ, მისი გადაღება დიდხანს გაჩერებული იყო. საპატრიარქოში ვიღაცამ იჩივლა, სცენარში რაღაც არასწორად ხდებაო... მოკლედ, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, გადაიღეს. მამა გაბრიელი დიდი წმინდანია, მისი შემწეობით ყველაფერი კარგად დასრულდა... მისთვის რაც მითხოვია, ყველაფერი ასრულებულა იმიტომ, რომ მართლა სასწაული წმინდანია. დიდი ძალა აქვს და ამ არეულ სამყაროში მართაც მონაპოვარია.

- არეულ სამყაროში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ბევრ რამეს, მაგალითად, იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს იპყრობს. სად წაიყვანს ეს ყველაფერი საერთოდ კაცობრიობას ჯერ ასე მძაფრად არ ჩანს, თუმცა კარგისკენ რომ არა, ფაქტია. წარმოიდგინეთ, მთელი კაცობრიობა დამოკიდებული რომ იქნება ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც ყველაფერს დაეკითხება და ერთ დღესაც ეგ ინტელექტი რომ გაითიშოს, ადამიანები აბსოლუტურად ჰაერში დარჩებიან. ყველაფერს მას რომ ეკითხებიან და ამის გამო საკუთარი აზრი რომ აღარ აქვთ, ამას გათიშვა რომ დაერთვება... რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ამიტომ ძალიან გვჭირდება წმინდათა ცხოვრების ახლოს გაცნობა და გაზიარება. ეს ფილმიც, ღმერთის ნებით, ამიტომაც შედგა, რომლის პრემიერა, როგორც ვიცი, გაზაფხულზე იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი გამოვა, რომ მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს, მათ ემოციებზე იმოქმედებს.
სხვა შემთხვევაში ფილმის გადაღებას აზრი არ აქვს. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანებს სულიერებაში დაეხმარება, იმის აღქმაშიც, რომ ჩვეულებრივი ადამიანი როგორ შეიძლება იქცეს წმინდანად თუკი სწორ გზას და უფლის გზად დაადგება. მინდა ღმერთმა ხელი მოუმართოს ფილმს, ისეთი ნამუშევარი გამოვიდეს, რომ ახალგაზრდებზე იმოქმედოს, სარწმუნოებისკენ ისინიც მოატრიალოს... თუ რამე გადაგვარჩენს ისევ და ისევ რწმენა. აქამდე რწმენამ მოგვიყვანა, ენაც მაგან შეგვინარჩუნა. იცით, რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში მტერი არ გამოლეულა, ყველას ჩვენი მოსპობა უნდოდა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა - პატარა საქართველო განუწყვეტლივ იბრძოდა. იდენტობაც რწმენამ შეგვინარჩუნა. მოწადინებული ვარ დავითის ეპოქაზე ჯერ დოკუმენტური ფილმი გაკეთდეს, მერე ალბათ მხატვრულიც. დიდი ხანია, სცენარიც მოვამზადე, კონკურსის პირველ ტურში გავიმარჯვე კიდეც, მაგრამ თვითონ პროექტია ძალიან დიდი და ამიტომ დავითის თემას ასე გადარბენით ვერ გააკეთებს ადამიანი.

მეორეც არის, როგორც მამა გაბრიელის სცენარში სცადეს ჩარეულიყვნენ, ასევე მოხდება დავითის თემაშიც ჩარევა. სააკაშვილის დროს ჯერ ჟვანიაც ცოცხალი იყო,როცა საუბარი დავით აღმაშენებლის სცენარის დაწერაზე დაიწყეს მიგვიწვიეს - მე, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე და ლაშა ბუღაძე - ოთხი ადამიანი. მერე ისე მოხდა, რომ სინოდმა და ეკლესიამ თქვა, წმინდა მეფეა და წმინდანის ცხოვრებაში მისი რომანული ეპიზოდები არ იქნება დასაშვები, ამის გაკეთება არ შეიძლებაო... სცენარის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა... რეალურად შესაქმნელია დოკუმენტური ფილმი მაღალხარისხიანი... მოკლედ, წარმატებას ვუსურვებ ფილმს ბერ გაბრიელზე და მჯერა, წარმატებული იქნება.
წაიკითხეთ ასევე: