ავტორი:

გრანდიოზული, მაგრამ არა დამთრგუნველი - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად: სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე

გრანდიოზული, მაგრამ არა დამთრგუნველი - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად: სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის მთავარი შოუ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სივრცეში გაიმართა, მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა. მისი მიმდინარეობისას პოლიტიკამ და პროტესტმაც თავისი ადგილი დაიკავა.

იტალიელებმა ცერემონია ლამის ნახევარ ქვეყანაზე გადაჭიმეს და თან ისე მოახერხეს, რომ მის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად კონკრეტული დეკორაცია, ვარსკვლავური სტუმარი ან ქორეოგრაფიული ნომერი კი არა, ადამიანი და ქვეყნის გეოგრაფია ქცეულიყო.

შეიძლება ითქვას, რომ პირველად ოლიმპიური გახსნის ცერემონია, ფაქტობრივად, ერთდროულად რამდენიმე ცოცხალ ლოკაციაზე გაიმართა: მილანი, კორტინა, ლივინიო და პრედაცო - ეს ყველაფერი ერთიან სტრუქტურაში იყო ჩართული. საბოლოოდ კი შოუ ნაკლებად ჰგავდა მხოლოდ სტადიონზე დადგმულ წარმოდგენას.

"ორგანიზატორების კონცეფცია - "ჰარმონია“ - ეს აღმოჩნდა იდეა, რომ განსხვავებული ელემენტები ერთად შეიძლება მოძრაობდნენ იდენტობის დაკარგვის გარეშე. ის განსაზღვრავდა თავად ცერემონიის ფუნქციონირებას. სან-სიროზე მჯდომი მაყურებელი მუდმივად გრძნობდა, რომ ზუსტად იმავე წამს, სადღაც სხვაგან, ისტორიის კიდევ ერთი ნაწილი ვითარდებოდა. ამან უცნაური მასშტაბის შეგრძნება შექმნა: ერთდროულად ინტიმური და უზარმაზარი", - წერს ბრიტანული "გარდიანის" კორესპონდენტი.

ეპოქაში, როდესაც გლობალური ყურადღება ტექნოლოგიებში, ეკრანებსა და პლატფორმებს შორის იფანტება, იტალიამ საპირისპირო სცენარი დადგა - ცერემონია, რომელიც აგებულია ადამიანებზე, მათ კავშირსა და ცხოვრების საერთო რიტმზე.

ჩანაფიქრის შესრულებაც აშკარად იტალიური იყო. ვიზუალური დიზაინი მკვეთრად ესთეტიკაზე აკეთებდა აქცენტს: ყინულის ბლოკებს მიმსგავსებული ბანერები, უნიფორმები, რომლებიც მოდის ლოგიკას სპორტულ ტრადიციაზე მეტად ეყრდნობოდა. შედეგად კი მივიღეთ, რომ ქვეყნების მარში ნაკლებად ჰგავდა მხოლოდ მსვლელობას.. შესაბამისად, ამ ყველაფერს ერთ სტადიონზე შეკრებილი დროშების დამთრგუნველი ეფექტი არ ჰქონდა.

მერაია ქერი

  • იტალიელებმა ისე მოახერხეს, რომ წელს აღლუმი პოდიუმად აქციეს...

როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა - EA7 Emporio Armani - ს სპორტული უნიფორმები სან-სიროს პროჟექტორებში ბრწყინავდა. ეს ერთ-ერთი ბოლო პროექტია, რომელიც უკავშირდება ჯორჯო არმანის, რომელიც 2025 სექტემბერში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აშშ-ს ნაკრები რალფ ლორენის დიზაინით შექმნილი ფორმებით გამოვიდა, რომელზეც გამოსახულია დროშის ორნამენტები თუ ზამთრის თეთრი ტონები.

მონღოლეთის გახსნის ცერემონიის სამოსი, Goyol Cashmere-ის დიზაინით, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი აღმოჩნდა - მძიმე სილუეტები, ტრადიციულ დეტალებზე დაფუძნებული, ბეწვით მორთული და უფრო ისტორიული, ვიდრე მოსახერხებელი...

ჰაიტის Stella Jean-ის მიერ შექმნილმა ფორმებმა კი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. თავდაპირველი კონცეფცია რევოლუციონერი ლიდერის, ტუსენ ლუვერტიურის ფიგურას მოიცავდა, თუმცა ოლიმპიურმა წესებმა, რომლებიც პოლიტიკურ სიმბოლიკას კრძალავს, დიზაინი მის მორბენალ ცხენზე გადააწყო.

  • ქართველები ოლიმპიადაზე

საქართველოს ნაკრები მილანში, სან-სიროს სტადიონზე გამოვიდა. ჩვენი გუნდის მედროშეები იყვნენ ფიგურული მოციგურავეები დიანა დევისი და ლუკა ბერულავა. მოგეხსენებათ, საქართველოს ოლიმპიადაზე 8 სპორტსმენი ჰყავს, რომლებიც ორ სახეობაში იასპარეზებენ - ფიგურული ციგურაობა და სამთო-სათხილამურო სპორტი

.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - ეს მოდელი მაკო მაჭავარიანია, რომელიც გამოვიდა მოდელების იმ აღლუმში, რომლებმაც იტალიის დროშა შემოიტანეს მოედანზე. მანამდე მაკომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართულ Giorgio Armani-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა...

  • ოლიმპიადა და პოლიტიკა

მთელი კვირის განმავლობაში შეიმჩნეოდა შფოთი იმის თაობაზე, რომ ამერიკულ დელეგაციას ან მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს მტრული მიღება ელოდათ - უპირველესად აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურთან (ICE) დაკავშირებული ცნობებისა და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის გამო.

თუმცა ეს შიშები დიდწილად გადაჭარბებულად აღმოჩნდა. როდესაც უზარმაზარი, ამერიკული დელეგაცია სან-სიროზე შევიდა, სტადიონი მათ ძლიერი, გულწრფელი აპლოდისმენტებით დახვდა - ისეთით, როგორითაც მედლის ფავორიტებს ან მასპინძელ ქვეყანას ხვდებიან ხოლმე, თუმცა რამდენიმე წამში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და მისი მეუღლის უშა ვენსის კადრს მაყურებლის დიდი ნაწილის მხრიდან სტვენა მოჰყვა...

კადრი სულ სამი წამი გაგრძელდა, ვიდრე კამერა ისევ ქვემოთ მდგომ სპორტსმენებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა სტადიონის ატმოსფეროს შესაცვლელად. მანამდე ისრაელის ოთხ წარმომადგენელსაც შეხვდა სტვენის ტალღა.

განსაკუთრებული ოვაციებით კი მაყურებელი უკრაინის ნაკრებს შეხვდა.

აქვე გეტყვით, რომ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გახსნის ცერემონიაზე არ დაუშვეს.

  • მშვიდობიანი პროტესტი ქუჩებში

სან-სიროდან რამდენიმე კვარტალში სრულიად სხვა ტიპის შეკრებაზე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი - მათ შორის მუნიციპალური საცხოვრებლების ბინადრები, სტუდენტი აქტივისტები და მოძრაობა Il Comitato Insostenibili Olimpiadi ("არამდგრადი ოლიმპიადის კომიტეტი“) საპროტესტო აქციას მართავდა, რომელიც ნაკლებად თავად ცერემონიას და უფრო იმ ყველაფერს შეეხებოდა, რასაც ის სიმბოლურად წარმოადგენს.

ზოგიერთს ბანერები ეჭირა, რომლებიც მთავრობას ადანაშაულებდა ოლიმპიურ ხარჯებზე პრიორიტეტის მინიჭებაში ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და საზოგადოებრივი სერვისების ხარჯზე. სხვებმა "ანტი-ოლიმპიური ჩირაღდანი“ წარმოადგინეს - ოფიციალური ესტაფეტის პაროდია. ნაწილი კი უფრო ფართო გეოპოლიტიკურ პრეტენზიებზე ამახვილებდა ყურადღებას: სასტვენებსა და ფეიერვერკებს შორის ისრაელის კრიტიკა და პალესტინელთა მხარდამჭერი შეძახილები ისმოდა.

განწყობა ორგანიზებული იყო და არა ქაოსური - უფრო სამოქალაქო მიტინგი, ვიდრე დაპირისპირების კერა. მსვლელობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მიუხედავად გაძლიერებული უსაფრთხოებისა და სტადიონის ირგვლივ დაკეტილი ქუჩებისა..

სტადიონისკენ მიმავალი მაყურებლების უმეტესობისთვის ეს მხოლოდ ფონური ხმაური იყო. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ახსენებდა ოლიმპიადის მუდმივ ჭეშმარიტებას: ცერემონია მასპინძელი ქალაქის ერთ ისტორიას გვიყვება, ქუჩები კი, როგორც წესი, განსხვავებულს...

იხილეთ ასევე: