ავტორი:

ომის მარტში დასრულება? - რა გეგმა აქვს აშშ-ს: რაზე ითანხმებს (ვერ ითანხმებს) უკრაინასა და რუსეთს: მედია მოლაპარაკების ახალ დეტალებზე წერს

ომის მარტში დასრულება? - რა გეგმა აქვს აშშ-ს: რაზე ითანხმებს (ვერ ითანხმებს) უკრაინასა და რუსეთს: მედია მოლაპარაკების ახალ დეტალებზე წერს

ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რომლის მიხედვით რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის უნდა მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკულმა დელეგაციამ, სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, აბუ-დაბიში და მაიამიში გამართულ შეხვედრებზე უკრაინელ კოლეგებს თავიანთი აზრი გაუზიარეს და განაცხადეს, რომ სასურველია, ეს კენჭისყრა რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შიდა საქმეებზე ფოკუსირდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო და პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეროვნული არჩევნებისა და რეფერენდუმის მაისში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გრაფიკს არარეალური უწოდა.

  • "ამერიკელები ჩქარობენ", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ არჩევნების ორგანიზებას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.

Reuters-ი წერს, რომ ასეთი არჩევნების ორგანიზებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს ხმის მიცემის პროცესი აკრძალულია.

„კიევის პოზიციაა, რომ რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია მანამ, სანამ აშშ და მისი პარტნიორები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა წყარომ.

წყაროების ცნობით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყველაზე დიდ დაბრკოლებას დონბასის რეგიონის ბედთან დაკავშირებით სიცხადის არარსებობა წარმოადგენს.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთი ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მთელი დონბასის კონტროლს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიის 5 180 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. უკრაინა ამ მოთხოვნას მიუღებელს უწოდებს.

"ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არსებობს“, - განაცხადა წყარომ.

ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი გახდა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ბედი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ის წინადადებას, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი გააკონტროლებდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და მის ელექტროენერგიას რუსეთსა და უკრაინას შორის გაანაწილებდა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს სადგურის კონტროლს და უკრაინას იაფ ელექტროენერგიას სთავაზობს, რაც კიევისთვის მიუღებელია.

Reuters-ი წერს, რომ ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაშიც კი უკრაინელ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ უარი თქვან ტერიტორიის ნებისმიერ დათმობაზე, რომელიც რეფერენდუმზე იქნება წარდგენილი.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: