მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შედგა. თუმცა, ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე ემოციური მომენტი გახსნის ფარგლებში გამართული Giorgio Armani-ს საგანგებო ჩვენება აღმოჩნდა.

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის ხსოვნისადმი მიძღვნილ შოუში, ათასობით მაყურებლის წინაშე, პოდიუმზე ცნობილი ქართველი მოდელი, მაკო (მარიამ) მაჭავარიანი წარსდგა. ამ წარმატების შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Look Models Management“-ის ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მაკო მაჭავარიანისთვის ეს გამოსვლა მხოლოდ მორიგი სამუშაო არ ყოფილა. 21 წლის მოდელი არმანის სახლთან ადრეც თანამშრომლობდა.
კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და მალევე გახდა საერთაშორისო სააგენტოების ინტერესის სფერო. ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როცა Armani-ს 40 წლის იუბილე გახსნა, რაც მოდის სამყაროში უდიდეს ნდობად ითვლება.

2025 წლის თებერვალში, ბრენდთან მორიგი კოლაბორაციის შემდეგ, მაკო წერდა: "ყოველთვის სასიამოვნოა Emporio Armani-სთან მუშაობა, მადლობა მასპინძლობისთვის".
წარმატებული კარიერა და პირადი ბედნიერება
ბოლო ერთი წელი მოდელისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. გარდა ისეთ ბრენდებთან მუშაობისა, როგორებიცაა JSalinas, Luisa Beccaria და AC9world, მაკომ პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.


2025 წლის ზაფხულში მოდელმა იქორწინა. მისი რჩეული ლუკა მაჩხიძეა. მიუხედავად ოჯახური ცხოვრებისა, მაკო ფორმას არ კარგავს და განაგრძობს მსოფლიო მოდის მწვერვალების დაპყრობას.

გუშინდელმა შოუმ, რომელიც ჯორჯო არმანის ხსოვნას მიეძღვნა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი მოდელები მსოფლიო დონის ივენთებზე საპატიო ადგილს იმსახურებენ.
წაიკითხეთ ასევე: