1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია და მისი ფასი 1000 ლარიც აღარ არის. რეალური ღირებულება 0-ის ტოლია, რადგან ამ კომპანიას აქვს 450 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება,- ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა.
მისი თქმით, „იმედი“ კი არ გაიყიდა, არამედ [ვიღაცებს] აკიდეს“.
"ბოლო ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიიდან, „იმედის“ აუდიტორული დასკვნიდან ამ კომპანიას 2024 წელს 67 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, მაშინ როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა „იმედზე“ მუშაობს და ყველა - მუნიციპალიტეტები, მერია, პარლამენტი, მთავრობა და სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, რომ „იმედში“ რეკლამა მიიტანოს. ისევე, როგორც ყველა მსხვილი ბიზნესი.
"იმედი“ კი არ გაიყიდა, არამედ [ვიღაცებს] აკიდეს. უცნაურია თუ რატომ იღებს რომელიღაც კომპანია საკუთარ თავზე იმ ვალდებულებებს, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება, რადგან ის არის როგორც სამართალმემკვიდრე, არამედ მორალურ-მემკვიდრეც იმ კომპანიისა, რომლის დასანქცირება ყველაზე მალე უნდა მომხდარიყო. რას იღებენ ეს ადამიანები? რატომ აგდებენ რისკის ქვეშ თავიანთ ოჯახებს? კომპანიას? ისინი ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს გადაიხდიან „იმედის“ ზარალში? არა, რა თქმა უნდა, აქ არის გარიგება, რომ ამ ვალებს ისევ ბიძინა ივანიშვილი დაფარავს. „იმედის“ დავალიანების უდიდესი ნაწილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ბანკებისა და კომპანიების მიმართ და ნაწილობრივ რუხაძის წინაშე. ამ ვალს არავინ არ მოსთხოვს. ამ გარიგების ნაწილია, რომ მომავალი ხარჯებიც სწორედ მათ მიერ დაფინანსდება, ალბათ რუხაძის მიერაც. თუმცა, რუხაძე არ იყო „იმედის“ მთავარი ინვესტორი. ოფიციალურად „იმედის“ ვალებში „ქართუ ბანკი“ და ბიძინა ივანიშვილის სხვა კომპანიები მოიხსენიება. 500 მილიონი ლარი ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მაგრამ რაში აწყობთ ამ ადამიანებს ივანიშვილთან ურთიერთობა, რომელიც უკვე კრიმინალური ხასიათისაა, საიდან მოდის ეს ფული და სად მიდის? რაში იხარჯება? რადგან, ყველა ეს სესხები გამჭვირვალე არ არის“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“.
მისივე თქმით, „პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე, ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.
ამასთან, როგორც bpn.ge წერს, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანია სიმბოლურ ფასად - 1000-ლარად გაიყიდა.
„სამეწარმეო რეესტრის, ბოლო მონაცემებით, „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ („ჯიდიესი“).
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მიქელაიშვილი იქნება „იმედის“ საბოლოო მფლობელი“, - წერს გამოცემა.
წაიკითხეთ ასევე: