ავტორი:

რას ამბობს მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი ელენა ქანთარიაზე, რომელიც ეპშტეინის ფაილების მიხედვით, ომის გმირის შთამომავლობას იჩემებდა - "პირველად ვხედავთ"

რას ამბობს მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი ელენა ქანთარიაზე, რომელიც ეპშტეინის ფაილების მიხედვით, ომის გმირის შთამომავლობას იჩემებდა - "პირველად ვხედავთ"

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გასაჯაროებული ახალი მასალები წარმოუდგენელ დეტალებს ჰფენს შუქს. დოკუმენტებში, რომლებიც მსოფლიო ელიტის ბნელ მხარეებს ასახავს, ფიგურირებს მიმოწერები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. მათ შორის ყველაზე სკანდალური ელენა ქანთარიას ეპიზოდია.

ვინ არის ელენა ქანთარია და რა კავშირი აქვს მას ეპშტეინთან?

გამოქვეყნებული ფაილების მიხედვით, ელენა ქანთარია, რომელიც რუსეთში მოღვაწე მოდელი იყო, ქალაქ სამარადან. ის ჯეფრი ეპშტეინთან რეგულარულ და ნდობით აღსავსე ურთიერთობაში იმყოფებოდა. მათი მიმოწერა 2017-2019 წლებს მოიცავს და ცხადყოფს, რომ მილიარდერი მოდელს პირადი საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.

2019 წლის 5 მარტს ელენა ეპშტეინს სწერს:

"ისრაელის შემდეგ საქართველოში მივფრინავ. ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობაზე შევიტანო განაცხადი“.

პასპორტი პრივილეგიებისთვის და "გმირი პაპა"

ამერიკელი გამომძიებლებისთვის ხელმისაწვდომი მიმოწერიდან ირკვევა, რომ მოდელი ქართულ ფესვებს მხოლოდ პრაგმატული მიზნებისთვის იყენებდა. ის მილიარდერს უხსნიდა, რომ ქართული პასპორტი მას ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და აშშ-ის ვიზის გამარტივებულად მიღების საშუალებას მისცემდა.

საკუთარი "ლეგიტიმაციისთვის" კი ელენა ქანთარია მსოფლიოში ცნობილი ბაბუის სახელით მანიპულირებდა:

"მამაჩემი ქართველია, დიდი პაპა კი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო, მან საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე აღმართა. ეს მაძლევს შესაძლებლობას, მივიღო საქართველოს მოქალაქეობა“.

ეპშტეინის ფინანსური მფარველობა

დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჯეფრი ეპშტეინი არა მხოლოდ რჩევებს აძლევდა მოდელს, არამედ მის ფუფუნებაში ცხოვრებასაც უზრუნველყოფდა. როდესაც ელენა თბილისში გამომგზავრებას გეგმავდა, მან მილიარდერს პირდაპირ სთხოვა ბინის ქირის დაფინანსება, რაზეც ეპშტეინისგან მყისიერი თანხმობა მიიღო. ეპშტეინის პირადი ასისტენტი, ლესლი გროფი კი მოდელის ტრანსფერებსა და გადაადგილებას პირადად აკონტროლებდა.

თუმცა, "იღბლიანი" ცხოვრება 2019 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც ეპშტეინი სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ ელენა ქანთარია საჯარო სივრციდან გაქრა.

ციალა ქანთარია: "ჩემი შვილები ამას არასოდეს იკადრებდნენ"

Ambebi.ge დაუკავშირდა მელიტონ ქანთარიას ქალიშვილს, ქალბატონ ციალა ქანთარიას, რათა გაერკვია, რეალურად ვინ არის ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი მოდელი

- მამაჩემი ჯვარში დაიბადა და გაიზარდა. არავინ არ გვყავს რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, თან სამარაში. ადრე ერთი ბიჭიც იჩემებდა მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ვარო, მაშინ ვუთხარი, რომ თუ არ უარყოფდა, საჯაროდ განცხადებას გავაკეთებდი. ჩემი შვილები არ ახსენებენ ისე ხშირად ვისი შვილიშვილები არიან, როგორც სხვები იჩემებენ.

- მელიტონ ქანთარიას რომელიმე შვილიშვილი ცხოვრობს რუსეთში?

- აფხაზეთში ომის შემდეგ, ჩემი ძმის შვილი წავიდა მოსკოვში, იქ ცხოვრობს. ასევე გოგო ერთადერთი მყავს ძმის შვილი, ანჟელა ქანთარია, რომელიც ასევე მოსკოვში ცხოვრობს და ის არასოდეს ამბობს მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ვარო.

მოსკოვში მცხოვრები ანჟელა ქანთარია და მერაბ ქანთარია არიან მკვიდრი შვილიშვილები, ასევე ჩემი შვილები, რომლებიც გვარად ოჩიგავები არიან მეტი არა. ერთი შვილი, 21 წლის ასაკში აფხაზეთში მომიკლეს. გოგო და ბიჭი მყავს, საბერძნეთში ვცხოვრობ ახლა, გოგოსთან ვარ. ცუდად ვარ, ფეხზე სიარული მიჭირს, ვერ ვდგები.

- საქართველოში ბოლოს როდის იყავით?

- წლები ჩემი შვილი ვერ გადმოვასვენეთ ვერსად, ოჩამჩირეში იყო დასაფლავებული და 2018 წელს, ჩემი ფულით გადმოვასვენე საქართველოში. ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილები არიან ანჟელა ქანთარია და მერაბი ქანთარია და ჩემი შვილები. მაგრამ ჩემს შვილებს ამაზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრიათ.

სტატიის მომზადების პერიოდში ქალბატონი ციალა გაეცნო სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა AMBEBI.GE-ზე ელენა ქანთარიაზე და კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა. როგორც თავად აღნიშნა, ამ გოგოს პირველად ხედავს და არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს ამ გოგოსთან და მის ოჯახთან. ციალა ქანთარიამ კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი, რომ მამამისის სახელი ამ კონკრეტული თემის (ეპშტეინის სკანდალი) გარშემო გაჟღერდა.

წაიკითხეთ ასევე: