"ისეთი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე, თითოეული მათგანზე შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ დღეს თქვენთან მამას, თემურ წიკლაურს გავიხსენებ" - ამბობს მომღერალი ქეთი წიკლაური. 22 იანვარს თემურ წიკლაურს 80 წელი შეუსრულდებოდა.
- მამა სცენაზე ძალიან გულწრფელი იყო, გულითა და სულით გამოხატავდა სიყვარულს პროფესიისადმი, ხალხისადმი... სცენაზე ძალიან მკვეთრი სახე ჰქონდა, თავისი ხმით, გარეგნობით, ქარიზმით, თვისებებით... ვფიქრობ, ჯერ შეუცვლელია ის ნიშა, რომელიც მას ეკავა.
- ცხოვრებაში როგორი იყო?
- ის ცხოვრებაშიც მკვეთრად გამოხატული პიროვნება გახლდათ, სხვადასხვა ფერით შემკული. მრავალწახნაგოვანი ბუნება ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფლეგმატური სცენის მიღმაც ვერ იქნებოდა.
მოგეხსენებათ, მამას როგორი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდა და შინ ყოფნისას ისვენებდა, კითხულობდა, ტელევიზორს უყურებდა, ზოგჯერ ოჯახი სადღაც გავდიოდით, ეს მისთვის ერთგვარი რელაქსაცია იყო. მამასთვის სახლი კომფორტული ადგილი იყო, ძალიან ინტიმური და დაკეტილი, სადაც შეეძლო ყოფილიყო ყოველგვარი ნიღბის გარეშე.
უზომოდ ყურადღებიანი იყო, არა მხოლოდ ოჯახის წევრების, უცნობი ადამიანების მიმართაც. როგორც მეუღლე, როგორც მამა, როგორც ბაბუა, საოცრად მზრუნველი და მეოჯახე იყო. ბაზარში, მაღაზიებში სიარული უყვარდა. ეს პროცესი მისთვის მხოლოდ რაღაცის შეძენას კი არ ნიშნავდა, ხალხთან ურთიერთობის თავისებურ ფორმად აღიქვამდა. ძალიან კარგად იცოდა პროდუქტების არჩევა: ხორცი, ყველი, მწვანილი, ხილი - ყველა დეტალში ერკვეოდა.
ბაზარში მისი შესვლა ცალკე გადასაღები ფილმი იყო. არაერთხელ ვყოფილვარ ამის შემსწრე. მოვაჭრეები ისე თბილად ეგებებოდნენ, საოცარ სიყვარულს ავლენდნენ. თემური ყველას, როგორც მეგობარს, ისე ელაპარაკებოდა. მერე ხუმრობით, თითქოს ევაჭრებოდა, ყველაფერს გასინჯავდა, ხან დაუკლებდნენ, ხან ჩუქნიდნენ... მამას ამ ადამიანების სიყვარული უზომოდ აბედნიერებდა, ეს ურთიერთობებით ტკბობის სხვა სიმაღლე იყო. ის გახლდათ ამ ამბის მთავარი გმირი - სიხარულით, ენერგიით, იუმორით, კეთილგანწყობით სავსე... წაიკითხეთ ვრცლად