ავტორი:

მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - როგორ ცხოვრობდა ქათმის ზომის, უცნაური ანატომიის მქონე ბინადარი?

მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - როგორ ცხოვრობდა ქათმის ზომის, უცნაური ანატომიის მქონე ბინადარი?

ჩრდილოეთ ესპანეთში აღმოჩენილი პატარა ძვლების მრავალწლიანი კვლევის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ქათმის ზომის პატარა დინოზავრს ეკუთვნოდა.

  • ახალ სახეობას Foskeia pelendonum უწოდეს. მკვლევართა ვარაუდით, ის დედამიწაზე დაახლოებით 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ბალახისმჭამელი დინოზავრების გადაშენებულ ჯგუფს - ორნიტოპოდებს მიეკუთვნებოდა. მიუხედავად მცირე ზომისა, მას ძალიან განვითარებული თავის ქალა ჰქონდა.

ესპანეთის ლა-ლაგუნას უნივერსიტეტის პალეონტოლოგის, პენელოპე კრუსადო-კაბალიეროს თქმით, მისი ანატომია იმდენად უცნაურია, რომ ევოლუციური ხეების გადახედვას გვაიძულებს.

აღმოჩენაზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელსაც არგენტინის რიო-ნეგროს ეროვნული უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პოლ-ემილ დიოდონე ხელმძღვანელობდა. მათი თქმით, ნაპოვნი ნაშთები სულ მცირე ხუთ განსხვავებულ ინდივიდს ეკუთვნის.

“მსგავსი ნამარხები კიდევ ძალიან ბევრია მოსაძებნი და მათი უმეტესობა პატარა დინოზავრებს ეკუთვნის,“ - განუცხადა დიოდონემ BBC-ს.

მისივე თქმით, მცირე ზომის დინოზავრები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყვნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ.

  • ყველაზე პატარა ევროპაში

დიოდონეს თქმით, პატარა დინოზავრების ნაშთები უფრო მყიფეა და მათი პოვნა რთულია, რადგან მცირე ძვლები სწრაფად იშლება და ხშირად ფრაგმენტულად ინახება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პალეონტოლოგ კოენ შტაინის განცხადებით, ევროპაში ნაპოვნი ნაშთების ფონზე ეს დინოზავრი უჩვეულოდ პატარა იყო. მისი სიმაღლე დაახლოებით 25–30 სანტიმეტრი იყო, ანუ ზომით ქათამს უტოლდებოდა. შტაინის თქმით, ის, სავარაუდოდ, ევროპაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე პატარა დინოზავრია.

თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პატარა ძვლები ახალგაზრდა დინოზავრებს ეკუთვნოდა, თუმცა დეტალურმა კვლევამ საპირისპირო აჩვენა.

  • მათგან სულ მცირე ერთი სრულწლოვანი იყო. შტაინის განმარტებით, ახალგაზრდობაში ისინი შესაძლოა ოთხ ფეხზე გადაადგილდებოდნენ, ზრდასრულ ასაკში კი ორ ფეხზე იწყებდნენ სიარულს.

Foskeia ორნიტოპოდების ჯგუფში არსებულ ქვეჯგუფს - რაბდოდონტომორფებს ეკუთვნის და ამ ჯგუფის ყველაზე ადრეული წარმომადგენელია.

დიოდონეს თქმით, რაბდოდონტომორფები, სავარაუდოდ, თავიდანვე ძალიან პატარები იყვნენ, რაც მტაცებლებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდათ. მისი თქმით, მცირე ზომა დიდ მანძილზე სირბილისთვის ხელსაყრელი არ არის, მაგრამ სწრაფად დამალვის საშუალებას იძლევა.

Foskeia-ს კბილებიც უჩვეულოდ იყო განლაგებული. დიოდონეს თქმით, წინ მიმართული წინა კბილები ცენტრში „უზარმაზარ სამკბილას“ ჰგავდა.

მეცნიერის თქმით, ასეთი აღმოჩენების დაფიქსირება აუცილებელია, რათა გავიგოთ, როგორ იზრდებოდნენ, ცხოვრობდნენ, კვდებოდნენ და ვითარდებოდნენ ეს არსებები. ეს გვეხმარება გავიაზროთ, როგორ იცვლებოდა სიცოცხლე წარსულში გარემოს ცვლილებებთან ერთად.

წყარო

იხილეთ ასევე: