ავტორი:

საქართველოს მოციგურავეთა გუნდის ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე - ვინ როგორ ისრიალა და რამდენი ქულა მოგვიტანა?

საქართველოს მოციგურავეთა გუნდის ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე - ვინ როგორ ისრიალა და რამდენი ქულა მოგვიტანა?

საქართველოს მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მართალია მედლები ვერ მოიპოვა, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დადო - გუნდურ ასპარეზობაზე მე-4 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ამ სახოებაში ისეთი დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანასაც კი, როგორიც კანადაა.

გუშინ ციგურაობის სამ სახეობაში ფინალში გასული 5 ქვეყნის ათლეტები გავიდნენ ყინულზე. ერთი დღით ადრე გუნდურ ასპარეზობაში, სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა სუფთად შეასრულეს და მსაჯებისგან 117.82-ქულიანი შეფასება მიიღეს დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა, რამაც მათ და ჩვენს ქვეყანას მეოთხე ადგილი მოუტანა.

გუშინ კი პირველებმა სპორტულმა წყვილებმა დაიწყეს ასპარეზობა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა წყვილმა არა მხოლოდ უშეცდომოდ, საოცრად დამაჯერებლად ისრიალა, ევროპის ჩემპიონებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 139.70-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს და უშუალო კონკურენტებს - იტალიიდან და კანადიდან აჯობეს და გუნდს 9 ქულა მოუტანეს.

ასპარეზობის დასკვნით დღეს ქალთა ერთეულებში Forum di Milano-ს ყინულის მოედანზე თავისუფალი პროგრამით წარდგა ანასტასია გუბანოვა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა ყველა ელემენტი შეასრულა, ულამაზესად ისრიალა და სეზონის საუკეთესო შეფასება - 140.17 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამა მეორე ადგილზე დაასრულა, შესაბამისად, არა მხოლოდ უშუალო კონკურენტებზე - კანადელ და იტალიელ მოციგურავეებზე წინ აღმოჩნდა, არამედ აშშ-ის წარმომადგენელი, მაღალრეიტინგული მოციგურავე ემბერ გლენიც უკან ჩამოიტოვა და საქართველოს 9 ქულა მოუტანა.

მისი სრიალში შემდეგ საქართველომ კანადას 3 ქულით გაუსწრო, იტალიასთან კი სხვაობა 4 ქულიდან 2-მდე შეამცირა.

გუნდური ასპარეზობა ვაჟთა ერთეულებში თავისუფალი პროგრამით დასრულდა, რომელშიც იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და სრიალისას არაერთი შეცდომა დაუშვა, შედეგად თავისუფალი პროგრამა 154.9 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, საქართველოს გუნდური მონაგარი კი 6 ქულით გაზარდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებს ჯამში 56 ქულა დაუგროვდა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა.

დაძაბული ბრძოლა გაიმართა პირველი ადგილისთვისაც, ბოლო ვაჟთა დაპირისპირებამდე იაპონიასა და აშშ-ის ერთნაირი ქულები ჰქონდათ და მხოლოდ ილია მალინინის ურთულესი სრიალის შედეგად მოახერხა ამერიკამ გამარჯვება,

საბოლოო შედეგი კი ასეთია:

  • აშშ- 69
  • იაპონია - 68
  • იტალია - 60
  • საქართველო - 56
  • კანადა - 54

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები ასე ახლოს არასოდეს ყოფილან საპრიზო ადგილთან, გუნდური მეოთხე ადგილი კი ყველა დროის საუკეთესო შედეგია, რასაც ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ ინდივიდუალურ გამოსვლებში.

იხილეთ ასევე: