ავტორი:

"წლების განმავლობაში ტვინების დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, მათ ჩამოყვანაზე უნდა ვზრუნავდეთ" - სანდრო თვალჭრელიძე

"წლების განმავლობაში ტვინების დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, მათ ჩამოყვანაზე უნდა ვზრუნავდეთ" - სანდრო თვალჭრელიძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ამგვარი პასუხით გამოისტუმრა 6 თებერვალს მასთან შეხვედრაზე მისული თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლები - "პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ გადაიხედება". მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავს და საკანონმდებლო ცვლილებებიც დაჩქარებული წესით მიიღეს. „შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორწელიწად-ნახევარში იმსჯელოს საკითხებზე", - ეს კი შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ განაცხადა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან.

- არავინ დავობს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ის გზა, რასაც ხელისუფლება ადგას, იმ უმწვავეს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რაც ამ სისტემაშია. მე, როგორც უნივერსიტეტის ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანი, ჩამოგითვლით რამდენიმე უმწვავეს პრობლემას და შემდგომ მათ მოგვარების პერსპექტივაში შევხედოთ ამ ვითომ რეფორმას. როგორც მახსოვს, თქვენს გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - მე, ადამიანს, რომელიც ვარ თსუ-სთან არსებულ ინსტიტუტში განყოფილების გამგე, მეცნიერების დოქტორი, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, იმაზე ნაკლები ხელფასი მაქვს, ვიდრე ძიძას ვუხდით. დღეს ადამიანური ცხოვრებისთვის სრული პროფესორის ხელფასიც კი არ არის საკმარისი. ამიტომ თითქმის ყველა, ვისაც ეს შეუძლია, 5-6 ადგილას მუშაობს. ეს ვითარება სრულიად გაუმართლებელია.

კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ის არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში არ არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. მაგალითად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ნორმალური, ელექტრონული მიკროსკოპი. არ არსებობს ნორმალური მასპექტრომეტრი, ელექტრონული, ემისიური და ლაზერული მიკროანალიზატორები და ა.შ. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეიძლება ასწავლო სტუდენტს თანამედროვე მეთოდებით?!

მესამე პრობლემა ის არის, რომ არ არის გამართული კურიკულუმები. ისმის კითხვა, ვინ ასწავლის დღეს უნივერსიტეტში? ძირითადად, ძალიან მოძველებული განათლების მქონენი. მინახავს 21-ე საუკუნეში წინა საუკუნის კონსპექტებით რომ ხელმძღვანელობენ. არაფერი იცვლება - თანამედროვე განათლებამიღებული ახალგაზრდები საუნივერსიტეტო სისტემაში არ მიდიან, არადა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ტვინების დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან. ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ, პირველ რიგში მათ ჩამოყვანაზე უნდა ვზრუნავდეთ. ამის ნაცვლად, ამას წინათ გვითხრეს, რომ თურმე უცხოეთში პენსიაზე გასულ ლექტორებს ჩამოიყვანენ და დაასაქმებენ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სხვათა შორის, 2012 წელს ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამაზე ლაპარაკობდა და თითქოს სცადა კიდეც. გახსოვთ, გია დვალის ჩამოსვლა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამ პროცესს უნივერსიტეტის პროფესურა ისე მედგრად გადაეღობა წინ, ყველაფერი ჩაიშალა. ძალიან შეეშინდათ კონკურენტული გარემოს შექმნის, რადგან იცოდნენ, რომ ადგილებს დაკარგავდნენ. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს, რომ თუ ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლება გვინდა, პროფესორ-მასწავლებლების კადრებს უნდა გადავხედოთ, მაგრამ ეს პრობლემა ორი უდიდესი უნივერსიტეტის მექანიკური შერწყმით ვერ გადაწყდება. ამას სჭირდება წლების პერსპექტივაში გათვლილი და კარგად გაწერილი გეგმა. გააგრძელეთ კითხვა