ავტორი:

18 წლის გოგონა, რომელსაც რუსეთში ოჯახი ეძებდა და ტრეფიკინგის მსხვერპლად აცხადებდა, რეალურად მშობლების ტერორს გაექცა და სომხეთში იმალება: "ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს"

18 წლის გოგონა, რომელსაც რუსეთში ოჯახი ეძებდა და ტრეფიკინგის მსხვერპლად აცხადებდა, რეალურად მშობლების ტერორს გაექცა და სომხეთში იმალება: "ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს"

რუსულ ფედერალურ არხებზე იანვარში გამოჩნდა რეპორტაჟი სათაურით: "გზა მონობისკენ: მშობლები გაუჩინარებულ შვილს ეძებენ“. ინტერნეტში კი გავრცელდა განცხადება, რომ სოჭში მცხოვრები ოჯახი დაკარგულ გოგონას ეძებდა.

თუმცა, ამ ისტორიის მთავარი გმირი, 18 წლის ვიქტორია კუზნეცოვა ამბობს, რომ ის სინამდვილეში არა დაკარგული, არამედ საკუთარ ოჯახს გაექცა

ვიქტორიას ისტორია, რომელსაც BBC აქვეყნებს, ტიპური ოჯახური კონფლიქტი კი არა, ნამდვილი კრიმინალური დრამაა, რომელშიც ვკითხულობთ ფიზიკურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე.

  • "ქურდობის“ მუხლით დაკავებული

გასული წლის 24 დეკემბერს, ვიქტორია ლათინურ ამერიკაში, შეყვარებულთან გასაფრენად ემზადებოდა. ის ამ დღისთვის ნახევარი წელი აგროვებდა თანხას - მუშაობდა გრუმერად, კერავდა სათამაშოებს და რას აღარ აკეთებდა.

მოსკოვის აეროპორტში გადაჯდომისას გოგონა პოლიციამ დააკავა, თითქოს ქურდობის ბრალდებით. სინამდვილეში, ეს იყო გეგმა, რომელიც მამამისმა, ედუარდ კუზნეცოვმა შეადგინა. პოლიციამ 18 წლის სრულწლოვანი გოგონა პირდაპირ მამას გადასცა, რომელთანაც ვიქტორიას წლებია ურთიერთობა არ ჰქონია.

მამამ შვილს ჩამოართვა ყველაფერი: შიდა და საზღვარგარეთის პასპორტები, ფული, საბანკო ბარათები და ფეხსაცმელიც კი, რომ ვერ გაქცეულიყო. 26 დეკემბერს მან გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა თავის სატვირთო ავტომობილში და სოჭისკენ წაიყვანა.

გზაში, ერთ-ერთ გაჩერებაზე, ვიქტორიამ გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

"მან ხელი გადამიგრიხა და სახეში მირტყამდა... ვყვიროდი, რომ ვინმეს გაეგო", - იხსენებს გოგონა იმ საზარელ წუთებს.

მიუხედავად იმისა, რომ გამვლელებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა ისევ მამის მხარე დაიჭირეს. პოლიციამ 18 წლის სრულწლოვან გოგონას უბრძანა, დამორჩილებოდა მამას და მასთან ერთად წასულიყო.

ვიქტორია და მისი რჩეული, არტიომ მირონოვი, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. არტიომი ონლაინ მუშაობს და კორეულ კომიქსებს ხატავს. ის რუსეთიდან ჯერ კიდევ ივნისში წავიდა და ჩილეში დასახლდა, სადაც ახლა სავაჭრო ცენტრშიც მუშაობს და ბინადრობის უფლებას ელოდება. ვიქტორიას დედა, ირინა, თავიდან თითქოს მხარს უჭერდა წყვილს, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ არტიომს გოგონა "ორგანოებისთვის ან სექსუალური მონობისთვის“ მიჰყავდა.

სოჭში, მამის სახლში, ვიქტორია ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა ჩაკეტილი. მამა ვიდეოკამერებით აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს. "მშობლებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს", - ამბობს ის.

გოგონამ შეძლო მამისთვის ნდობა მოეპოვებინა, რათა ტელეფონი დაებრუნებინა.

15 იანვარს, ვიქტორიამ ზურგჩანთა მეორე სართულის ფანჯრიდან გადააგდო, მამას სეირნობის უფლება სთხოვა და უფლებადამცველების დახმარებით აეროპორტში გაიქცა. მან მოახერხა სომხეთში გაფრენა, საიდანაც ახლა საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის.

ამჟამად ვიქტორია უსაფრთხო ადგილზეა, თუმცა მშობლები მას პასპორტს არ უბრუნებენ.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ ჩემი ახლობლებით. ისინი მე ნივთად მიმიჩნევენ და არა ადამიანად. არ ვიცი, საერთოდ მოვინდომებ თუ არა მათთან მომავალში კონტაქტს", - ამბობს ვიქტორია.