ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და რომ ისრაელი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მარტომ იმოქმედოს, - ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიმდინარე მომენტი შეაფასა, როგორც ისტორიული შესაძლებლობა, ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი დარტყმის მისაყენებლად და ისრაელისა და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ არსებული აქტიური საფრთხეების გასანეიტრალებლად.
რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოთქვა შეშფოთება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეზღუდული დარტყმების მოდელი მიიღოს - იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის ბოლოდროინდელი ოპერაციების მსგავსი - რამაც, მათი თქმით, შეიძლება ირანის კრიტიკული შესაძლებლობები ხელუხლებელი დატოვოს.
"არსებობს შეშფოთება, რომ მან, შესაძლოა, რამდენიმე სამიზნე შეარჩიოს, წარმატება გამოაცხადოს და შედეგებთან გამკლავება ისრაელს დაუტოვოს, როგორც ეს ჰუსიტების შემთხვევაში გააკეთა“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრო ჩინოვნიკმა და ხაზი გაუსვა, რომ ნაწილობრივი ზომები ძირითად საფრთხეს ვერ აღმოფხვრის.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად შეერთებულ შტატებში ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ახალი მეთაური, ბრიგადის გენერალი ომერ ტიშლერი გაემგზავრება.